Accessibility links

logo-print

როგორ იცავენ ადამიანის უფლებებს საქართველოში


10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების დაცვის

საერთაშორისო დღეს, საქართველოში მოქმედმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში შექმნილი ვითარება შეაჯამეს. ლაპარაკია კერძო საკუთრების, სამართლიანი სასამართლოს, შეკრებისა და მანიფესტაციების მოწყობის უფლებების უხეშ დარღვევებზე, რომელთა რაოდენობამ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საგრძნობლად მოიმატა. უნდა ითქვას, რომ მნიშვნელოვანი თარიღი ყურადღების მიღმა არც სახალხო დამცველსა და საქართველოს ხელისუფლებას დარჩენიათ. როგორ არის დაცული ადამიანის უფლებები საქართველოში?


1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს მიერ მიღებული ადამიანის უფლებების უნივერსალური დეკლარაცია იმ ფუნდამენტურ სტანდარტებს აყალიბებს, რომლებიც ყველა ერმა და სახელმწიფომ უნდა დანერგოს. დეკლარაციის თანახმად, იკრძალება სასჯელის ყველა ფორმა, რომელიც ადამიანისადმი დამამცირებელ მოპყრობას ითვალისწინებს, თუმცა, ამგვარი აკრძალვის მიუხედავად, როგორც ყოფილი პოლიტპატიმარი ნანა კაკაბაძე ამბობს, საქართველოს ციხეებში შექმნილი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა:

[ნანა კაკაბაძის ხმა] „როდესაც ერთ საწოლზე მოდის ხუთი და ექვსი პატიმარი, მათ დაწოლის კი არა, დაჯდომის საშუალებაც კი არა აქვთ. ეს არის წამების ტოლფასი მოპყრობა და ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღნიშნავენ.“

საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის პასუხად, საქართველოს მთავრობა თავს ციხეების გადატვირთულობით იმართლებს, თუმცა ეკა ტყეშელაშვილი, იუსტიციის მინისტრი, ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ ეს პრობლემა ნაწილობრივ უკვე გადაჭრა:

[ეკა ტყეშელაშვილის ხმა] „დღის მეორე ნახევარში გავხსნი ახალ დაწესებულებას გლდანში, რომელიც 4 ათას პატიმარზეა გათვლილი და რომელიც გადატვირთულობის პრობლემას მოხსნის.“

იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, ახალი ციხის გახსნის გარდა, ასევე დაამთხვია პრეზენტაცია პროექტისა, რომლის სახელწოდებაა „იურიდიული დახმარების სისტემის განვითარება საქართველოში”. ეკა ტყეშელაშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში შეიქმნა იურიდიული დახმარების სამსახური, რომელიც მაღალკვალიფიციურ იურიდიულ დახმარებას გაუწევს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს:

[ეკა ტყეშელაშვილის ხმა] „მთავარი შინაარსი მდგომარეობს შემდეგში: აღარ იქნება ისეთი სისტემა, როცა ცალკეულ საქმეებზე სხვადასხვა ადვოკატებს დანიშნავენ. გაიხსნება ბიუროები და ასეთი რამ უკვე მთელ ქვეყანაში მოხდება. მოემსახურებიან ყველა სოციალურად დაუცველ ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი სახსრებით იქირაოს ადვოკატი. ადვოკატები შეირჩევიან კონკურსის წესით და ექნებათ კარგი ანაზღაურება. ამ ადვოკატების მომსახურების ხარისხზე მუდმივი მონიტორინგი განხორციელდება.“

იუსტიციის სამინისტროს ამ ინიციატივას იწონებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა მათი ერთი ნაწილი იქვე იმასაც მიუთითებს, რომ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები აღარ არიან ვალდებული განიხილონ საჩივრები, რაც უხეშად არღვევს კონსტიტუციით აღიარებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენლების, მანანა კობახიძისა და არჩილ ჩოფიკაშვილის, კომენტარები:

[მანანა კობახიძის ხმა] „ადამიანის ძირითადი უფლებები ირღვევა არა მხოლოდ კონკრეტული ქმედებებით, არამედ იმ საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა (განსაკუთრებით საპროცესო კანონმდებლობაში). უკვე აშკარად იზღუდება ადამიანის უფლება მიმართოს სასამართლოს, გაასაჩივროს მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება.“

[არჩილ ჩოფიკაშვილის ხმა] „პრაქტიკამ აჩვენა და ცხადყო, რომ დაპატიმრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არის მხოლოდ და მხოლოდ საჩივრის დაწერა და ამ საჩივარს არავინ კითხულობს და ამ საჩივარს არანაირი შედეგები არ მოჰყვება.“

ქართული მართლმსაჯულების ეფექტიანობაში ეჭვი ეპარებათ რიგით თბილისელებსაც. რამდენიმე მათგანს მე რუსთაველის გამზირზე გამოველაპარაკე.

[მამაკაცის ხმა] „ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ ადამიანი საკუთარ სიმართლეს დაამტკიცებს.“

[ქალბატონის ხმა] „დღევანდელი მართლმსაჯულების იმედი ნამდვილად არ მაქვს.“

მოქალაქეების ამგვარ განწყობას იზიარებს სახალხო დამცველიც. სოზარ სუბარის თქმით, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდა. სახალხო დამცველი რამდენიმე მიმართულებას გამოყოფს:

[სოზარ სუბარის ხმა] „ხელისუფლება არის ძალიან შეუწყნარებელი შეკრებებისა და მანიფესტაციების მიმართ. ძალიან სერიოზული გაუარესების ტენდენციაა დევნილების უფლებებთან დაკავშირებით. ადგილი აქვს პოლიციის ძალადობის ფაქტებსა და ამ ფაქტების არგამოძიების შემთხვევებს... ყოველივე აქედან გამომდინარეობს ის დასკვნა, რომ მართლმსაჯულება საქართველოში არის შერჩევითი. მართლმსაჯულება საქართველოში ბევრისთვის არსებობს, მცირედისთვის კი - არა.“

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისათვის საგანგებოდ ემზადებოდა ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, რომლის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე იმ თემებს ჩამოთვლის, რომლის შესახებაც ორგანიზაცია მთელი კვირის განმავლობაში კონფერენციებს გამართავს:

[გიორგი ჩხეიძის ხმა] „ახალი პრობლემები წარმოიშვა - ისეთები, როგორიცაა სამართლიანი სასამართლოს უფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, საკუთრების უფლება, შეკრების თავისუფლება, პენიტენციარულ სისტემაში შექმნილი მდგომარეობა, რომელიც ახლოსაა არაადამიანურ მოპყრობასთან.“

უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციები ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის არსებობას, ხელისუფლების გარდა, ხელისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებსაც შეახსენებენ. ადვოკატი ლია მუხაშავრია ამბობს:

[ლია მუხაშავრიას ხმა] „პრეზიდენტობის კანდიდატებს მოვუწოდებთ, ახსოვდეთ 10 დეკემბერი, ანუ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, და ის, რომ მათი უპირველესი მოვალეობაა დაიცვან ქვეყნის კონსტიტუცია, საერთაშორისო დოკუმენტები და ხელშეკრულებები, რომლებიც აღიარებენ და იცავენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს.“

XS
SM
MD
LG