Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


დღევანდელ ქართულ გაზეთებში კვლავაც აქტუალურად

რჩება ტელეკომპანია “იმედის” თემა. ”სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბოლო თეთრამდე მებრძოლი პატარკაციშვილის ტელევიზიის აღდგენა ნიშნავს, რომ ძველ რეჟიმში მუშაობის მოტივაცია ”იმედს” არ დაუკარგავს”, - წერს ”24 საათი”. ჟურნალისტი ამატებს, რომ ტელეკომპანია, სავარაუდოდ, ოპოზიციის მსგავსად, საპრეზიდენტო არჩევნების მაგივრად, მისი მეორე დღისთვის მოემზადება და ეცდება 6 იანვარი 7 ნოემბერს დაამსგავსოს. გაზეთი ასე ამთავრებს სტატიას:”ვერავინ აიძულებს ბადრი პატარკაციშვილს საკუთარი ტელევიზია ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით ამუშაოს მაშინ, როდესაც ‘რეჟიმის ჩამოსაგდებად’ ბოლო თეთრის დახარჯვას აპირებს.”

ტელეკომპანიის მომავალზე ლაპარაკობს “იმედის” ერთ-ერთი მთავარი სახე, გიორგი თარგამაძე, დღევანდელი ”ასავალ-დასავალისათვის” მიცემულ ინტერვიუში. შეკითხვას, გავა თუ არა ინგა გრიგოლიასა და ”პრაიმტაიმის” რომელიმე პროექტი ”იმედის” ეთერში, ის ასე უპასუხებს: ” მე მგონი, არც შენა ხარ ისეთი გულუბრყვილო და იმასაც ხვდები, რომ ამ კითხვას მხოლოდ მოვალეობის მოხდის გამო მისვამ.” თარგამაძე ამატებს, რომ დღეს ყოველ ქართველ ჟურნალისტს მარტივი არჩევანი აქვს გასაკეთებელი: მან ”ან უნდა იმუშაოს სააკაშვილის ტელევიზიებში, სადაც სარედაქციო პოლიტიკის მიმართულებას სხვები განსაზღვრავენ, ან იმუშაოს ეგრეთ წოდებულ ”პატარკაციშვილის ტელევიზიაში”, სადაც ყველა ჟურნალისტს აქვს სრული თავისუფლება და დამოუკიდებლობა”, - წერია დღევანდელ ”ასავალ-დასავალში”.

”რატომ მოიმატა სააკაშვილის რეიტინგმა” - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას დღვანდელი ”მთელი კვირა”. გაზეთის სოციოლოგიური კვლევის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის რეიტინგმა უმნიშვნელოდ იმატა, ხოლო დანარჩენი კანდიდატებისამ მნიშვნელოვნად იკლო. ”მთელი კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამ ფაქტს ასე ხსნის: ”ასეთი შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოება პიარის წნეხს, სადაც კანდიდატი სააკაშვილი მუდმივად ფიგურირებს და სადაც ის მოსახლეობას მთელ რიგ დაპირებებს ისევ აძლევს, მაინც დამორჩილდა.”

გაზეთ ”ალიას” ჟურნალისტმა კი ინტერნეტით გაცნობის ერთ-ერთ საიტზე ანკეტა აღმოაჩინა, რომელსაც თან ”ლეიბორისტების” ლიდერის შალვა ნათელაშვილის ფოტო ახლდა. ჟურნალისტი წერს, რომ რამდენიმე დღეში ნათელაშვილის ფოტო პრეზიდენტობის მეორე კანდიდატის, ბადრი პატარკაციშვილის, სურათით შეიცვალა. საქართველოდან ამ საიტზე ანკეტა 41 ათასამდე მომხმარებელს აქვს გახსნილი, გვაუწყებს გაზეთი და ამატებს: ”ამ სტატისტიკას იმიტომ გაცნობთ, საქმეში ჩაუხედავი მსურველი მიხვდეს, რა დონეზე აშაყირებენ ”გამომიშმიშებული” ”ვირტუალშიკები” ლეიბორისტული პარტიის ლიდერს და საპრეზიდენტოდ შემზადებულ ნათელაშვილს”, - წერია დღვანდელ ”ალიაში”.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG