Accessibility links

logo-print

მართლმსაჯულების მდგომარეობა საქართველოში


”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში იმ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობის შესასწავლად ჩატარდა.

ახალგაზრდა იურისტების თვალსაწიერში მოექცა გახმაურებული პროცესები, სასამართლოში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და სხდომების საჯაროობის საკითხები. გარდა ამისა, კვლევაში განხილულია საკნონმდებლო სიახლეებისა და მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობის ეფექტიანობა. მინდა ქართული მართლმსაჯულების მდგომარეობის შესახებ გესაუბროთ.

”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” კვლევამ აჩვენა, რომ მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში არ არის ეფექტიანი, რის გამოც მოქალაქეების დიდი ნაწილი არ ენდობა სასამართლო ხელისუფლებას. ლალი ჩხეტია, ასოციაციის წარმომადგენელი, განმარტავს:.

[ლალი ჩხეტიას ხმა] „სტრასბურგის სასამართლო ძალიან პოპულარული გახდა. თითქმის ყველა მოქალაქემ იცის მისი არსებობა. ეს განხილულია როგორც ერთ-ერთი მაჩვენებელი იმისა, რომ შიდა სასამართლოების მიმართ ნდობა ძალიან დაბალია, იმიტომ რომ მოქალაქე თავიდანვე იწყებს საუბარს იმაზე, რომ მისი ერთადერთი იმედი არის ევროპული სასამართლო, რომელსაც მიმართავს იმისათვის, რომ შიდა სასამართლოებში სამართალს ვერ იპოვნის.“(სტილი დაცულია)

სასამართლო ხელისუფლების იმედი დიდი ხანია გადაეწურათ რიგით მოქალაქეებს. 2007 წლის თებერვალში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, მოსამართლეებს გამოკითხულთა მხოლოდ 23 პროცენტი ენდობა. მანანა ცერცვაძე, თბილისელი ქალბატონი, ამბობს:

[მანანა ცერცვაძის ხმა] „თუ არაფერი შეიცვალა, დღევანდელი სასამართლოს იმედი ნამდვილად არ მაქვს. მოსამართლეები არიან ხელისუფლების მარიონეტები და ასრულებენ მათ დავალებას. არა მგონია, რომ თვითონ რამეს წყვეტდნენ.“

მოსამართლეების ამგვარ დახასიათებას არ იზიარებენ თავად მოსამართლეები. ამას წინათ უზენაეს სასამართლოში გამართულ შეხვედრაზე დავით სულაქველიძემ, უზენაესი სასამართლოს წევრმა, განაცხადა, რომ ვითარება უიმედო არ არის:

[დავით სულაქველიძის ხმა] „ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ უდგება მოსამართლე თავის პროფესიას. თუ პატივს სცემს საკუთარ პროფესიას, ადამიანის უფლებებს და იმ ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს აქვს ნაკისრი საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ადამიანის უფლებების სფეროში, მაშინ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, არიან მოსამართლეები, რომლებიც იღებენ სამართლიან და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებებს და ამ ბოლო დროს გამოჩნდა კიდეც გამამართლებელი განაჩენები.“

გამამართლებელი განაჩენების რაოდენობის ზრდას ადასტურებს სტატისტიკა, რომელსაც უზენაესი სასამართლო აწარმოებს. სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი ამბობს, რომ, პრობლემების მიუხედავად, სასამართლო ხელისუფლება თავს ართმევს დაკისრებულ მოვალეობას. მოსამართლის დღესთან დაკავშირებით გამართულ წვეულებაზე კონსტანტინე კუბლაშვილმა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას ის მიზეზები დაასახელა, რაც, მისი თქმით, ჩრდილს აყენებს მოსამართლის პროფესიას:

[კონსტანტინე კუბლაშვილის ხმა] „მიზეზი შეიძლება იყოს სუბიექტური დამოკიდებულება სპეციალურად ამ საკითხისადმი ან, მეორე შემთხვევაში, ნაკლებკვალიფიციური მომზადება ამ საკითხების გაშუქებისას.“(სტილი დაცულია)

თუმცა უნდა ითქვას, რომ სასამართლო სისტემასა და მართლმსაჯულებას კვალიფიციური იურისტებიც აკრიტიკებენ. ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი მიუთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილ იმ ცვლილებაზე, რომელიც პარლამენტმა 2007 წლის 22 ივნისს მიიღო:

[არჩილ ჩოფიკაშვილის ხმა] „ცვლილებამდე იმ შემთხვევაში, როცა დაპატიმრების შესახებ ან სხვა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით დაპატიმრებული პირი ან მისი ადვოკატი შეიტანდა საჩივარს საგამოძიებო კოლეგიაში, სავალდებულო იყო ამ საჩივრის განხილვა. სასამართლო იხილავდა საჩივარს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგღა იღებდა. ცვლილების შემდეგ საგამოძიებო კოლეგია სააპელაციო სასამართლოსი ამოწმებს დასაშვებობის საკითხს. პრაქტიკამ ცხადყო, რომ დასაშვებობის სტადიას ვერც ერთი საჩივარი ვერ ლახავს, ანუ პრაქტიკულად გასაჩივრების უფლება ამ აღკვეთის ღონისძიებისა გაუქმებულია.“(სტილი დაცულია)

არჩილ ჩოფიკაშვილმა და მისმა კოლეგებმა არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42- მუხლიდან“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, ამ ცვლილების გაუქმების მოთხოვნით. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” კი უკმაყოფილებას გამოთქვამს სასამართლო დარბაზებში მედიის მუშაობის შეზღუდვის გამო, თუმცა, კრიტიკის პარალელურად, ასევე მიუთითებს ხელისუფლების იმ ძალისხმევაზე, რის შედეგადაც, მოსამართლეთა დამოუკიდებლობა, უდავოდ, გაიზარდა. ლალი ჩხეტია განმარტავს:

[ლალი ჩხეტიას ხმა] „პრეზიდენტისგან პრაქტიკულად გათავისუფლდა სასამართლო სისტემა. ანუ მანამდე პრეზიდენტი იღებდა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში მონაწილეობას. დღეის მდგომარეობით, პრეზიდენტს ჩამოერთვა ეს კომპეტენცია და უკვე იუსტიციის საბჭო არის ის ორგანო, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს მოსამართლეთა დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ.“

აქვე ვიტყვით, რომ ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მოქმედი მოსამართლეების ასაკითაც დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ თემიდის მსახურთა საშუალო წლოვანება საქართველოში 35 წელს არ აღემატება.
XS
SM
MD
LG