Accessibility links

logo-print

პრეზიდენტობის კანდიდატთა წინასაარჩევნო პროგრამების ეკონომიკური ასპექტები


ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულმა პრეზიდენტობის კანდიდატებმა უკვე გამოაქვეყნეს პროგრამული პრიორიტეტები.

მათ შორის უმთავრესი ადგილი ეკონომიკურ საკითხებს უკავია. ხელფასებისა და პენსიების გაზრდა, უმუშევართა დასაქმება, საშუალო ფენის ჩამოყალიბება, ქვეყნის სახელის გაძვირება და ასე შემდეგ - ეს ის ძირითადი ლოზუნგებია, რომელთა მეშვეობით პრეზიდენტობის კანდიდატები ამომრჩეველთა ხმების დამსახურებას ცდილობენ. მინდა პრეზიდენტობის კანდიდატთა წინასაარჩევნო პროგრამების ეკონომიკური ასპექტების შესახებ გესაუბროთ.

პრეზიდენტობის კანდიდატთა უმრავლესობის საარჩევნო პროგრამების ეკონომიკურ ასპექტებში უსათუოდ შეხვდებით კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის დაპირებას. მაგალითად, ლევან გაჩეჩილაძე, დავით გამყრელიძე, გია მაისაშვილი და მიხეილ სააკაშვილი ირწმუნებიან, რომ მათი პრეზიდენტობის შემთხვევაში კერძო საკუთრებას აღარაფერი დაემუქრება. მიხეილ სააკაშვილმა გადადგომამდე რამდენიმე ადმინისტრაციული გადაწყვეტილებაც კი მიიღო სადავო თუ უკანონო ქონების ამნისტიის უზრუნველსაყოფად.

ახალი მემარჯვენეების საპრეზიდენტო კანდიდატის დავით გამყრელიძის განცხადებით, უკანონოდ ჩატარებული პრივატიზაციის შედეგებიც კი ხელშეუხებელი დარჩება:

[დავით გამყრელიძის ხმა] ”მიუხედავად იმისა, რომ პრივატიზაცია არაგამჭვირვალედ ჩატარდა, ჩვენ მის გადახედვას არ ვაპირებთ...”

იგი ასევე ინვესტიციების დაზღვევის ინიციატივით გამოვიდა, რაც საქართველოში კიდევ უფრო მეტ უცხოურ თუ ადგილობრივ ინვესტიციას მოიზიდავს.

სხვაგვარად ფიქრობს ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნათელაშვილი. ის ამომრჩევლებს პენსიებისა და ხელფასების გაზრდას სხვებისთვის ჩამორთმეული ქონების ხარჯზე აპირებს:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] ”პრეზიდენტ სააკაშვილის 35 მილიონ დოლარად ღირებულ თვითმფრინავს გავყიდით...”

მისგან განსხვავებით, საკუთრების ხელშეუხებლობას უმთავრეს პრინციპად ასახელებს გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს საპრეზიდენტო კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე. მან ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ პრიორიტეტად მცირე და საშუალო ბიზნესის განსავითარებლად დაბალპროცენტიანი ”სტარტაპ” კრედიტების სისტემის დანერგვის იდეა გამოთქვა. ყოფილი ბიზნესმენი სხვა ინიციატივითაც გამოვიდა:

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] ”ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყნისგან უნდა შეიქმნას ისეთი დამატებული ღირებულება მთელი მსოფლიოსთვის და ასევე ქართველებისთვის, რომ ამან მოიტანოს მხოლოდ და მხოლოდ ძვირფასი პროდუქცია...”

გაჩეჩილაძის ამ იდეებიდან ერთ-ერთი მოგვიანებით მმართველი პოლიტიკური ძალის საპრეზიდენტო კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა გაიმეორა, ოღონდ სხვა დასახელებით. სააკაშვილმა, ”სტარტაპ” კრედიტების ნაცვლად, ამ სისტემის თურქული სახელი, ”იაფი კრედიტი”, გამოიყენა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ 3 მილიარდ ლარიან ფონდს შევქმნით იაფი კრედიტის, თითოეული თქვენგანისთვის, იმისათვის, რომ ვისაც სურვილი აქვს, დაიწყოს ბიზნესი.”(სტილი დაცულია)

იაფი კრედიტის სისტემით დამწყები ბიზნესი 4-დან 10 პროცენტიანი კრედიტით დაფინანსდება.

სხვებისგან განსხვავებით, კონკრეტულ ეკონომიკურ დაპირებებს ერიდება პრეზიდენტობის კანდიდატი გია მაისაშვილი. ის მხოლოდ ეკონომიკური აზროვნების ცვლილებებზე საუბრობს. იგი საკუთარ ამომრჩეველს ჰპირდება, რომ თევზს კი არ დაარიგებს, არამედ თევზის ჭერას ასწავლის:

[გია მაისაშვილის ხმა] ”ადამიანების გადამზადება და მათთვის ჩვევების მიცემა, რომ ჩვენ თევზს კი არ ვაძლევთ, ჩვენ ვაძლევთ თევზის ჭერის ტექნოლოგიას, ანუ ბადეს ვაძლევთ. იმიტომ რომ თევზი ყოველდღე უნდა მისცე და, ბადეს და თევზის ჭერას რომ ასწავლი, მერე შენზე უკეთესად დაიჭერს თევზს.”(სტილი დაცულია)

ჯერჯერობით ამომრჩევლებთან საარჩევნო პროგრამის ეკონომიკურ ასპექტებზე არ უსაუბრია პრეზიდენტობის კიდევ ორ კანდიდატს - ირინა სარიშვილსა და არკადი (ბადრი) პატარკაციშვილს.
XS
SM
MD
LG