Accessibility links

logo-print

როგორ არის დაცული საკუთრების უფლება საქართველოში


საქართველოს ხელისუფლება უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტებს შორის მუდმივად ასახელებდა ეკონომიკურ განვითარებას,

უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ბიზნესის ხელშეწყობას, თუმცა, ამ გაცხადებული მიზნების მიუხედავად, საქართველოში დღემდე ვერ მოხერხდა საკუთრების უფლების დაცვის მყარი სამართლებრივი გარანტიების შექმნა. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საკუთრების უფლების ხელყოფისას ცოდავენ როგორც ცალკეული სახელმწიფო სამსახურები, ასევე კანონები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებიან. მინდა გესაუბროთ იმის თაობაზე, თუ როგორ არის საქართველოში დაცული საკუთრების უფლება.


”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” დაკვირვებით, საკუთრების უფლების ხელყოფამ პიკს 2007 წლის განმავლობაში მიაღწია. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თვალსაწიერში მოექცა დედაქალაქში მდებარე რამდენიმე კაფე-ბარი, რესტორანი, აბანო და საცხოვრებელი სახლი. მესაკუთრეებმა თავის დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანით სცადეს.

[დაზარალებულის ხმა] „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ყველა არის ერთ აზრზე: ვიბრძოლებთ ბოლომდე! ჩვენ ჩვენს პოზიციებს არ დავთმობთ არც ერთ შემთხვევაში. თუ ჩვენ სამართალს ვერ ვიპოვით საქართველოში, ეს ბრძოლა გაგრძელდება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.“

მესაკუთრეთა ერთმა ნაწილმა მართლაც იბრძოლა, თუმცა, ამის მიუხედავად, მათი კუთვნილი შენობა-ნაგებობები დანგრევას მაინც ვერ გადაურჩა. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წევრი თამარ ხიდაშელი ამბობს, რომ კანონი არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის შესახებ სხვისი საკუთრების მყისიერი ხელყოფის საშუალებას იძლევა:

[თამარ ხიდაშელის ხმა] „თუ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო, მაგალითად, საქალაქო სამსახური, ჩათვლის, რომ შენობა აგებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და სამსახური თვლის, რომ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის აუცილებელია ამ შენობის დემონტაჟი, გადაწყვეტილება აღსრულდება დაუყოვნებლივ, ანუ ამ შემთხვევაში მესაკუთრემ რომც გაასაჩივროს გადაწყვეტილება, ამით აღსრულება არ შეჩერდება.“ (სტილი დაცულია)

უნდა ითქვას, რომ კერძო საკუთრების ხელყოფის მასშტაბებმა მთავრობის წევრთა ერთი ნაწილიც კი შეაშფოთა. სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძის ინიციატივამ შეუძლებელი გახადა ადმინისტრაციული აქტის გამოცემით საკუთრების ჩამორთმევა:

[კახა ბენდუქიძის ხმა] „მაგალითად, მე გამოვეცი აქტი, რომელიც მერე მე გავაუქმე ან გააუქმა ჩემ შემდეგ დანიშნულმა თანამდებობის პირმა. ეს იწვევდა ავტომატურად შედეგის გაუქმებას. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ ჩვენ ამ პროცესის შუაში ჩავაყენეთ სასამართლო, ანუ არ შეიძლება ქონების განმკარგავი ადმინისტრაციული აქტის გაუქმება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე.“(სტილი დაცულია)

თუმცა ბენდუქიძის ამ ინიციატივამ ვითარება მხოლოდ ნაწილობრივ განმუხტა. სახალხო დამცველის სოზარ სუბარის თქმით, 2007 წელს გაგრძელდა წინა წლების ტრადიცია, როცა კერძო პირები ქონებას ნებაყოფლობით აჩუქებდნენ ხოლმე სახელმწიფოს:

[სოზარ სუბარის ხმა] „მე მაინტერესებს, როცა თბილისის მერი და, ზოგადად, სახელმწიფო აცხადებს, რომ კერძო საკუთრების უფლება აღარ იქნება შელახული, რას უპირებს აბანოების იმ მეპატრონეებს, რომლებსაც წაართვეს ქონება და აუქციონზე გაუყიდეს? ყველამ იცოდა, რომ უკანონობას ჰქონდა ადგილი. მე ჩავატარე პრესკონფერენცია და ვთქვი, რომ პროკურატურის ზეწოლით მოახდინეს ჩუქება სახელმწიფოსთვის. ბრმა უნდა იყოს ადამიანი, რომ მტკიცებულება მოითხოვოს. ვინ ჩუქნის სახელმწიფოს ქონებას, რომელიც არის მისი არსებობის ერთადერთი წყარო! რა თქმა უნდა, ადგილი ჰქონდა ზეწოლას.“(სტილი დაცულია)

ასევე ზეწოლით, ოღონდ ამჯერად დაკანონებული ზეწოლით, თმობდნენ ქონებას ის აქციონერები, რომლებიც ამა თუ იმ საწარმოში აქციათა ხუთ პროცენტზე ნაკლებ წილს ფლობდნენ. „მეწარმეთა შესახებ კანონის“ 53-ე მუხლის თანახმად, ხუთპროცენტიანი წილის მფლობელი ვალდებულია აქციები მიჰყიდოს იმ აქციონერს, რომელიც 95-პროცენტიან წილს ფლობს. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” კანონის ეს მუხლი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა და პროცესიც მოიგო, თუმცა, ამის მიუხედავად, როგორც თამარ ხიდაშელი ამბობს, მცირე წილების მფლობელ აქციონერთა უფლებები დღემდე ირღვევა:

[თამარ ხიდაშელის ხმა] ”საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანიდან ათ დღეში პრეზიდენტი შევიდა ახალი ინიციატივით და თითქმის იდენტური მუხლი იქნა მიღებული, რომელიც, შეიძლება ვთქვათ, რომ მცირე წილის მფლობელი აქციონერების უფლებებს რეალურად არ იცავს.“(სტილი დაცულია)

არადა, თამარ ხიდაშელის თქმით, საქართველოში საკუთრების უფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული. კერძოდ, კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენისა და გასხვისების საყოველთაო უფლების გაუქმება.

XS
SM
MD
LG