Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის და რატომ გაუბათილდა გაზისა და ელექტროენერგიის დავალიანება


საქართველოს მთავრობასა და ენერგოკომპანიებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, აფხაზეთიდან დევნილებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ელექტროენერგიისა და გაზის დავალიანება გაუბათილდათ.

არსებული დავალიანება ხშირად იყო კომპაქტურად განსახლებული დევნილებისთვის ელექტროენერგიის შეწყვეტისა თუ სხვა სოციალური ფენების ფინანსური პრობლემების მიზეზი. მინდა ენერგეტიკული დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზეზებზე გესაუბროთ.

სანამ საქართველოს ელექტროენერგიისა და გაზის გამანაწილებელი კომპანიების პრივატიზაცია განხორციელდებოდა, მანამდე სახელმწიფოს მენეჯმენტის ქვეშ მყოფი კომპანიების მიმართ მოსახლეობის ნაწილს და, განსაკუთრებით, აფხაზეთიდან დევნილებს დიდძალი დავალიანება დაუგროვდათ. აღრიცხვის პრობლემის მოგვარებამდე დავალიანებების წარმოქმნა ენერგეტიკული კომპანიების პრივატიზების შემდეგაც გრძელდებოდა და მათი დაფარვა გადაუჭრელ პრობლემად იქცა როგორც აფხაზეთიდან დევნილებისთვის, ასევე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. ეს პრობლემა უყურადღებოდ არ დატოვა მმართველი პოლიტიკური ძალის საპრეზიდენტო კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”მე მივმართავ მთავრობას თხოვნით, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ იმისათვის, რომ დევნილებს და იმ ხალხს, ვისაც გასული წლების დავალიანება დაუგროვდათ, რომლის გადახდის საშუალება არ არის, მოხდეს ამ ვალის ჩამოწერა.”(სტილი დაცულია)

სააკაშვილის პოლიტიკური გუნდის წევრმა მინისტრებმა ეს თხოვნა უმალვე გაითვალისწინეს და 11 დეკემბერსვე ცნობილი გახდა, რომ დევნილები ათობით მილიონი ლარის დავალიანებას აღარ გადაიხდიან. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის კობა სუბელიანის კომენტარი:

[კობა სუბელიანის ხმა] ”ამ ვალზე პრეტენზიას აღარ განაცხადებს არც ერთი კომპანია და დევნილები ამ თანხას აღარ გადაიხდიან.”

კობა სუბელიანის სიტყვებს ადასტურებს თელასის წარმომადგენელი ვალერი ფანცულაია:

[ვალერი ფანცულაიას ხმა] ”ძველი დავალიანების გამო ხშირად იყო ელექტროენერგიის შეწყვეტა. საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ამ თანხას თელასი აღარ სთხოვს დევნილებს.”

თელასის მაგალითს მიბაძა ”ყაზგაზტრანს თბილისმა”, რომელმაც თბილისის მოსახლეობას გაზის დავალიანება გაუქვითა. ელექტროენერგიის დავალიანებას არ გადაიხდიან თბილისის გარეთ მცხოვრები მოქალაქენი, რომლებსაც დენის დავალიანება ჩეხეთის კომპანია ”ენერგო პრომ” გაუქვითა.

დავალიანების საერთო მოცულობა დაახლოებით 150 მილიონ ლარს შეადგენდა. მისი რესტრუქტურიზაციის სქემას უფრო დეტალურად, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალეკო ხეთაგური განმარტავს:

[ალეკო ხეთაგურის ხმა] ”ქალაქ თბილისში ელექტროენერგიის დავალიანება....”

ალეკო ხეთაგურის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება კავშირში არ არის წინასაარჩევნო კამპანიასთან, რადგან ენერგეტიკული ვალების რესტრუქტურიზაცია ჯერ კიდევ ზაფხულში მოითხოვა მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. ენერგეტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ, ვალების რესტრუქტურიზაციით, ბიუჯეტის ფული კერძო კომპანიებს მოხმარდება:

[გია ხუხაშვილის ხმა] ”ბიუჯეტიდან გამოიყოფა ამ ვალების გადასახდელი თანხები, რომლებიც წავა კერძო სტრუქტურებში, სხვათა შორის, რუსულ და ყაზახურ კერძო სტრუქტურებში, და მე ეჭვი მაქვს, რომ ვიღაც ამით სერიოზულად მოითბობს ხელს.”

აფხაზეთიდან დევნილები და დენის თუ გაზის დავალიანების მქონე მოქალაქენი ვალების გაუქმებით კმაყოფილნი დარჩნენ, რადგან მათ ძველი ვალების გამო ელექტროენერგიისა თუ გაზის მიწოდება აღარ შეუწყდებათ.
XS
SM
MD
LG