Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მიმდინარეობს უმუშევართა დასაქმებისა და სხვა სოციალური პროგრამები


დღეს, 13 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე დასაქმებისა და სხვა სოციალური პროგრამების

მიმდინარეობაზე იმსჯელეს. 114 ათასი რეგისტრირებული და უფრო მეტი რეგისტრაციის გარეშე დარჩენილი მოქალაქე ხელისუფლებისგან დაპირებულ სამუშაო ადგილებს და დასაქმებას მოელის. მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორ ახერხებს მთავრობა რეგისტრირებულ უმუშევართა ვაკანსიებით დაკმაყოფილებასა და სხვა სოციალური პროგრამების განხორციელება-დაფინანსებას.

მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სამუშაოს მიღების იმედი ჰქონდათ, მოულოდნელი აღმოჩნდა დასაქმების პროგრამის მეორე დღესვე შეწყვეტა.

[რუსთავის მოსახლეობის ხმა] ”თებერვლამდე გადაიდო, თებერვლამდე...”

ქალაქ რუსთავში მთელი ღამის მანძილზე სარეგისტრაციო პუნქტთან რიგში მდგომი უმუშევრები ვერაფრით იჯერებდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ინფორმაციას, რომ დასაქმების პროგრამა 2008 წლის თებერვლამდე შეწყდა. ამის მიზეზი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა ასე განმარტა:

[დავით ტყეშელაშვილის ხმა] ”იმ ციფრებზე გასვლის პირობებში, ამ 114 ათასი მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე რეგისტრაციის პროცესი თბილისში დროებით შევაჩეროთ.”(სტილი დაცულია)

მათი ნაწილი კი, ვინც რეგისტრაცია მოასწრო, ვაკანსიების დეფიციტის პრობლემას წააწყდა.

[მოქალაქეთა ხმა] ”როგორ იყო 11 საათზე ვაკანსიები უკვე შევსებული? აბსოლუტურად ყველა ტელეფონის ნომერს ან არავინ პასუხობდა, ან, თუ ვრეკავდით, გვეუბნებოდნენ, ვაკანსიები აღარ არისო.”(სტილი დაცულია)

”ახლა ამ ხალხს რას ვერჩი - აღარ გვაქვსო, მეუბნებიან. გუშინ მთელი დღე ვიყავი... დღეს მოვედი, აღარ არის. შეიძლება მართლაც აღარ არის.”(სტილი დაცულია)

ხელისუფლება პირობას იძლევა, რომ უმუშევართა დასაქმების პროგრამა მომავალი წლის თებერვლიდან გაგრძელდება. მანამდე კი პირველ დღეს რეგისტრირებული 114 ათასი მოქალაქის დასაქმებაზე იზრუნებენ. თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, 13 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის სხდომაზე განიხილეს.

ეკონომიკის ექსპერტების დიდი ნაწილი დასაქმების პროგრამას წინასაარჩევნო კამპანიას უწოდებს, ნაწილი კი - მათ შორისაა გია ჯანდიერიც - ზოგადად დასაქმების სამთავრობო პროგრამას ეკონომიკური მოსაზრებებით აკრიტიკებს:

[გია ჯანდიერის ხმა]

საქართველოს მთავრობის სხდომაზე სხვა სოციალური პროგრამების მიმდინარეობაც განიხილეს - მათ შორის, სათბობისა და ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგების პროცესი. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით ტყეშელაშვილის განცხადებით, ვაუჩერები თითქმის მთლიანად დარიგებულია:

[დავით ტყეშელაშვილის ხმა] ”ამ დროისათვის დარიგებულია 96 პროცენტი ელექტროენერგიისა და გაზის ვაუჩერების...”

მთავრობის სხდომის დამთავრების შემდეგ ისიც ცნობილი გახდა, რომ მრავალშვილიანი ოჯახების 1000-1000 ლარით დახმარების პროგრამა, მომავალი წლის იანვრის ნაცვლად, წელსვე დაიწყება. ამისთვის მთავრობამ და კერძო ბიზნესმა 15 მილიონი ლარის მობილიზება შეძლო.

XS
SM
MD
LG