Accessibility links

logo-print

რამდენად სრულყოფილია ამომრჩეველთა ერთიანი სია


საქართველოში არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური პარტიები, როგორც წესი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებულ ხარვეზებზე იწყებენ ლაპარაკს.

ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე ამომრჩეველთა რიცხვი რამდენიმე ასეული ათასით იცვლება. ამ მხრივ, როგორც ჩანს, გამონაკლისი არც 2008 წლის 5 იანვრის არჩევნები იქნება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამჟამად აქტიური საარჩევნო უფლებით 3 მილიონ 400 ათასამდე ადამიანი სარგებლობს, მაშინ როცა უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს ამომრჩეველთა რაოდენობა თითქმის ერთი მილიონით ნაკლები იყო. რამდენად სრულყოფილია ამომრჩეველთა ერთიანი სია და რატომ ვერ ხერხდება ამომრჩეველთა რაოდენობის მაღალი სიზუსტით დადგენა?

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ერთიანი სიის სრულყოფაზე მუშაობა ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო, როცა სპეციალურმა ჯგუფებმა საარჩევნო უბნების მიხედვით რეგისტრირებულ ამომრჩევლებს შინ მიაკითხეს, მაგრამ, ამგვარი მასშტაბური სამუშაოს შესრულების მიუხედავად, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ სია არაზუსტია:

[გიორგი გუგავას ხმა] „2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 2.2 მლნ; 2004 წლის 28 მარტის არჩევნებში, ანუ ორ თვეში, 200 ათასით გაზრდილა საქართველოს მოსახლეობა. 2006 წელში უკვე ამომრჩევლის საერთო რაოდენობა გახდა, ამათი მონაცემებით, 3,2 მლნ, ხოლო დღეს დააფიქსირეს 3,4 მლნ ამომრჩეველი.“(სტილი დაცულია)

ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას, თქმით, ამომრჩეველთა რაოდენობის ამგვარი მატება ლოგიკას ეწინააღმდეგება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების სისწორეში ეჭვი სამართლის პროფესორს ვახტანგ ხმალაძესაც შეაქვს:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] „მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო საყოველთაო აღწერის დროს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 4 მილიონზე ოდნავ მეტი იყო. ამომრჩეველთა რაოდენობა კი, ჩვეულებრივ, 60 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. 70 პროცენტიც რომ ავიღოთ, 4 მილიონიდან გამოდის 2,8 მილიონი, მეტი არ გამოდის, და 70 პროცენტზე მეტი არც ერთ ქვეყანაში არ არის ამომრჩეველთა პროცენტული შემადგენლობა.“

ამომრჩეველთა რაოდენობას პრეზიდენტობის კანდიდატები საარჩევნო უბნებში გამოკრულ სიებშიც ამოწმებენ. ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი ვალერი გელბახიანი იმ უზუსტობაზე ლაპარაკობს, რომელიც, მისივე თქმით, ვაკის 29-ე უბანზე აღმოაჩინეს:

[ვალერი გელბახიანის ხმა] „აღმოჩნდა, რომ სია არ არის შედგენილი არც ბოლო წლების და არც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში. ეს სიები შედგენილია საბჭოთა არჩევნების დროს და ისეა გადმოწერილი და გადმოღებული.“

პრეზიდენტობის კანდიდატთა წარმომადგენლების ამგვარ კრიტიკულ შენიშვნებს არ იღებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ ზეპირი განცხადებების საფუძველზე ერთიანი საარჩევნო სია არ შეიცვლება:

[ლევან თარხნიშვილის ხმა] „ჩვენი სია ეს არის რეგისტრირებული ადამიანების სია. მიუხედავად იმისა, ისინი იმყოფებიან თუ არა საქართველოში, ცხოვრობენ თუ არა რეგისტრაციის ადგილზე, სანამ არ იქნება წარმოდგენილი საბუთები, რომ ეს ადამიანი ან არის გარდაცვლილი, ან უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე, იქამდე არავის აქვს უფლება, რომ ამოიღოს ის საარჩევნო სიიდან.“

ლევან თარხნიშვილის თქმით, ამომრჩეველთა ერთიან საარჩევნო სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 13 დეკემბერს ამოიწურა. თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია ვადის გაგრძელების გადაწყვეტილებას არ მიიღებს, სიაში ცვლილებების შესატანად ყოველ ჯერზე სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება საჭირო. არადა, როგორც სამართლის პროფესორი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, ამომრჩეველთა რაოდენობის მაღალი სიზუსტით დადგენის ტექნიკური საშუალებების დანერგვა ჯერ კიდევ 2002 წელს შეიძლებოდა. ლაპარაკია ამომრჩეველთა აღრიცხვაზე ეგრეთ წოდებული „სახის კონტროლის“ სისტემით:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] „ამომრჩეველთა აღრიცხვა, რეგისტრაცია, მათი მონაცემების შეტანა მონაცემთა ბაზაში და, იმავდროულად, ამომრჩევლის სახის ციფრული ფოტოსურათის შეტანა, რაც სპეციალური პროგრამის მეშვეობით მუშავდება და იძლევა საშუალებას, რომ მოხდეს ამომრჩევლის ზუსტი იდენტიფიცირება უკვე არჩევნების დროს... მაგრამ როდესაც იყო საუბარი იმაზე, რომ, მოდით, იქნებ შევიტანოთ ეს ცვლილება კანონში, მაშინ უკვე მხარდამჭერი ამ პროექტს ცოტა აღმოაჩნდა.“(სტილი დაცულია)

ვახტანგ ხმალაძის თქმით, პროექტის განხორციელებისათვის, ჯამში, მილიონ-ნახევარი ამერიკული დოლარი იყო საჭირო. ცნობისათვის: 2008 წლის ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარია გამოყოფილი, მაგრამ, ამის მიუხედავად, როგორც ვახტანგ ხმალაძე შენიშნავს, ამომრჩეველთა ერთიანი სიის სიზუსტე და, შესაბამისად, არჩევნების სამართლიანობა კვლავ ეჭვის ქვეშ დგას.
XS
SM
MD
LG