Accessibility links

logo-print

”რეზონანსი” ერთადერთი დღევანდელი გაზეთი იყო, რომელმაც ქართული მედიის მონიტორინგის შედეგებს

  • ნიკო ნერგაძე

”რეზონანსი” ერთადერთი დღევანდელი გაზეთი იყო, რომელმაც ქართული მედიის მონიტორინგის შედეგებს სტატია მიუძღვნა.

კვლევას უნდა გამოევლინა, თუ როგორ ასახავს სამი წამყვანი ტელეკომპანიის - ”იმედის”, ”რუსთავი ორისა” და საზოგადოებრივი მაუწყებლის - მთავარი საინფორმაციო გამოშვებები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. მონიტორინგი ამ წლის მარტიდან ივნისის ბოლომდე ტარდებოდა. როგორც კვლევის ავტორებმა ”რეზონანსს” უთხრეს, კვლევის ობიექტებიდან ყველაზე დაბალანსებული ”იმედის” ”ქრონიკის” საინფორმაციო გამოშვება აღმოჩნდა. ”იმედს” მეტი პოზიტიური სიუჟეტი ჰქონდა ხელისუფლებაზე, ვიდრე სხვა რომელიმე არხს”, - უთხრა ”რეზონანსს” ექსპერტმა და ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ. - ”ამასთან ერთად, იყო ნეგატიურიც, თან ძალიან ბევრი, მაგრამ, მთლიანობაში, ძალიან დაბალანსებული, სხვა საინფორმაციოებთან შედარებით.”

”24 საათის” მოწინავე სტატია კი კოსოვოს ეხებოდა. რუსული მხარე დასავლეთს კვლავ ეწინააღმდეგება, - წერს გაზეთი და განაგრძობს: ”კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და მისი ცალმხრივად აღიარება, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. რუსეთის იმედით, აფხაზი სეპარატისტები უკვე ხმამაღლა ითხოვენ კოსოვოს დამოუკიდებლობის შემდეგ მათი აღიარების საკითხი დადგეს.”

”ოპოზიცია პროვოკაციას გვიწყობს” - ასე ჰქვია დღევანდელი ”ახალი თაობის” მოწინავე სტატიას. პრეზიდენტობის კანდიდატთა წინასაარჩევნო ტურნეში აშკარად დაჩაგრულად გამოიყურება ბადრი პატარკაციშვილი - ის საქართველოში ვერ ჩამოდის, რადგან ხელშეუხებლობის გარანტიები არა აქვს, - წერს გაზეთი. ”ახალი თაობის” მიხედვით, პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი საქართველოს ხელისუფლებას გარანტიებს სთხოვს, რაზეც ხელისუფლების წარმომადგენლები ორაზროვან პასუხებს იძლევიან. ჟურნალისტს მოჰყავს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის სიტყვები, რომ არჩევნები მაქსიმალურად დემოკრატიულად ჩატარდება და რომ ბურჯანაძეა თავად გარანტი იმისა, რომ პრეზიდენტობის ყველა კანდიდატის უსაფრთხოება დაცული იქნება. ”ოპოზიციის ლიდერები დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მატყობინებენ, რომ სხვადასხვა ადგილებში არბევენ მათ ოფისებს ან აპატიმრებენ მათ აქტივისტებს”, - ამბობს ნინო ბურჯანაძე და განაგრძობს: ”მე მყისიერად ვამოწმებ ამ ინფორმაციებს და, ხშირ შემთხვევაში, ეს ყველაფერი სიცრუეა.”

გაზეთი უბრუნდება აგრეთვე ეროვნული გვარდიის სარდლის ნიკა ჯანჯღავას გადაყენების ამბავს. ”ახალი თაობა” ჰყვება ყოფილი სარდლის ბიოგრაფიას. იხსენებს, რომ ჯანჯღავა სხვადასხვა დროს უკვე ორჯერ გადააყენეს თანამდებობიდან და ორივეჯერ სამინისტროში დააბრუნეს, ვიდრე, რამდენიმე დღის წინ, მესამეჯერ მოხსნიდნენ. ”ახალი თაობა” ავრცელებს ახალ ვერსიას მისი გადაყენების შესახებ. გაზეთის ცნობით, 7 ნოემბერს ნიკა ჯანჯღავამ ”უარი თქვა თავისი ”თვრამეტიანი” რეზერვისტები მომიტინგეების დასარბევად გამოეყენებინა. თუ ეს მართლა ასეა, მაშინ ჯანჯღავა მართლა პროფესიონალი სამხედრო ყოფილა”, - ასკვნის ”ახალი თაობა”.
XS
SM
MD
LG