Accessibility links

logo-print

თბილისი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მოსალოდნელი პროვოკაციის მოლოდინში


აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში თითქმის ყოველდღე ხდება რაღაც ისეთი, რაც უფრო და უფრო დამაფიქრებელს ხდის მოარულ ვერსიას მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ.

მოსალოდნელ პროვოკაციაზე კი, ერთდროულად, თბილისშიც საუბრობენ და სოხუმშიც. თბილისში პროვოკაციას თუ აფხაზთა მხრიდან ელიან, რუსეთის ხელშეწყობით, სოხუმში აცხადებენ, რომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება შეეცდება კონფლიქტის ზონაში ვითარება დაძაბოს. რომელ მხარეს აძლევს ხელს აფხაზეთში ვითარების დაძაბვა? ამ შეკითხვაზე პასუხები განსხვავებულია. დაზუსტებით იმის თქმა შეიძლება, რომ ბოლო დღეებში მითქმა-მოთქმის საგანი აფხაზთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო გადაადგილებებია. ბოლო ცნობებით, აფხაზებმა სამხედრო ტექნიკის გადაადგილება უკვე ზემო აფხაზეთის მიმართულებით დაიწყეს. რა პროცესები ვითარდება უკონტროლო ტერიტორიაზე?

საქართველოს პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების ფაქტორი კონფლიქტის ზონაში ვითარებას ძაბავს. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ადგილზე საარჩევნო უბნების გახსნას კრძალავს და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ამ ხალხის ზუგდიდის რაიონში გადასვლის წინააღმდეგიცაა. სოხუმმა ენგურთან, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, კონტროლი გააძლიერა. 13 დეკემბერს გალის რაიონის სოფლებში ეძებდნენ იმ პირებს, რომლებმაც ადმინისტრაციულ შენობებზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი პლაკატები გააკრეს. უკვე 14 დეკემბერს ადმინისტრაციულ საზღვართან ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებსა და ქართველ ჟურნალისტებს შორის.

რუსეთის სამშვიდობო ძალებმა ქართველ ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ მისცეს. ტელეკომპანია ”მზის” ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს. გადამღები ჯგუფები ცდილობდნენ ფირზე აესახათ ის, რაც ადმინისტრაციულ საზღვართან ხდება. იქ ყველაფერი და, პირველ რიგში, გადაადგილება მკაცრ კონტროლზეა აყვანილი და, აღნიშნულის მიუხედავად, მაინც ჩნდება ისეთი დეტალები, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის პროპაგანდას უკავშირდება. 14 დეკემბერს ენგურის ხიდზე, სამშვიდობო ძალების საგუშაგოებსა და ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლებში, გაჩნდა ბუკლეტები, წარწერით ”ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში”. წინასაარჩევნო ბუკლეტების გავრცელებასთან დაკავშირებით აფხაზური ადმინისტრაციისა და რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლების გაღიზიანების მიუხედავად, საქართველოს მხარე არ აპირებს უარის თქმას გალის რაიონში საარჩევნო ბუკლეტებისა და პლაკატების შეტანაზე, მით უფრო, რომ 5 იანვარს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად გალიდან ზუგდიდის რაიონში 15000 -მდე ამომრჩევლის გადმოსვლას ელის - გალის რაიონში მცხოვრებ ადამიანებს სრული უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში.


[დავით ბაქრაძის ხმა] ”ამიტომ აფხაზთა მხარის ნებისმიერი ქმედება ამის წინააღმდეგ ჩვენის მხრიდან იქნება აღქმული როგორც კანონსაწინააღმდეგო ქმედება და მასზე გვექნება მკაცრი რეაგირება. ჩვენ არ გვინდა სიტუაციის დაძაბვა, მაგრამ მოვუწოდებთ აფხაზთა მხარეს, ნუ შეუშლიან ადამიანებს ხელს საკუთარი ნების გამოხატვაში. ”(სტილი დაცულია)

გალის რაიონის მოსახლეობის კონსტიტუციურ უფლებასთან დაკავშირებით აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების პოზიციას გამოხატავს სერგეი შამბას განცხადება: ” ჩვენ არაფერს ვკრძალავთ. თუ ამ ხალხს სურს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, მათ შეუძლიათ წავიდნენ საქართველოში და იქ იცხოვრონ. ჩვენ არავის შევუქმნით დაბრკოლებას, უბრალოდ, იმით ვხელმძღვანელობთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ. ვინც აფხაზეთში დაბრუნდა, უნდა მიიღოს აფხაზეთის მოქალაქეობა ან, უკიდურეს შემთხვევაში, ბინადრობის უფლება. მათ არ უნდა იცხოვრონ აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს პასპორტებით.”

შამბას პოზიცია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების პოზიციაა.. თბილისში 5 იანვრის არჩევნებთან დაკავშირებით გალის რაიონში გართულებებს არ გამორიცხავენ... აცხადებენ, რომ აფხაზთა მხარე საქართველოს პროვოკაციაში ჩათრევას შეეცდება. იმის არგუმენტად, რომ ასეთი გეგმა არსებობს, ასახელებენ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო ძალების როტაციის საფარქვეშ დაწყებულ სამხედრო გადაადგილებებს. ბოლო ცნობებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე, სამშვიდობო ძალების საფარქვეშ, ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები გამოჩდნენ და სოფელ ლათას სკოლის შენობაში დაბანაკდნენ. აფხაზეთის ლეგიტიმურ სტრუქტურებში ფიქრობენ, რომ ლათაში დაბანაკებული მებრძოლები შეეცდებიან 5 იანვრისთვის პროვოკაციები მოაწყონ ზემო აფხაზეთში. რამდენად ზუსტია აფხაზეთში სამხედრო ძალების უკანონო შესვლისა და გადაადგილების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია? ამ შეკითხვის პასუხად, საქართველოს ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ინფორმაცია ადგილობრივი წყაროებისგან მოდის და, ამას გარდა, საქართველოს მხარე უკონტროლო ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას ხელოვნური თანამგზავრიდან იღებს.
XS
SM
MD
LG