Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა 725-ე გამოშვება

ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ გამოშვებას. დღეს გესაუბრებით იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის მცდელობა; ვისაუბრებთ ადამ მიხნიკის ქართულ მისიაზე; შემოგთავაზებთ მასალას გერმანულენოვან ქართველ მწერალზე, გივი მარგველაშვილზე, რომელსაც 80 წელი შეუსრულდა.

ამ და სხვა თემებზე გესაუბრებით მეათე სტუდიის დღევანდელ გამოშვებაში, რომელსაც პრაღაში ბიძინა რამიშვილი უძღვება.

რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის ცდა

ბიძინა რამიშვილი:
2 თვეზე ოდნავ მეტი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც საკვირაო ქადაგებისას კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის ერთერთ შესაძლო მოდელად კონსტიტუციური მონარქია დაასახელა. ამ მოსაზრებას საქართველოს პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა მიესალმა. მეტიც - ახალი მემარჯვენეები საარჩევნო პროგრამაში შევიდა კონსტიტუციის მონარქიის აღდგენის პირობა. ამ რამდენიმე დღის წინ კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით პირველად მოეწყო მრგვალი მაგიდა, რომელიც საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის თემას მიეძღვნა. მრგვალ მაგიდას თამარ ჩიქოვანიც დაესწრო.

[გოგი ხუციშვილის ხმა] ალბათ, პატრიარქის ნათქვამში უნდა ამოვიკითხოთ ის, რომ საქართველოში არსებობს შანსი, დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს საკონსტიტუციო კრიზისი. ხომ არ არის ეს - თუ ასეთი საშიშროება გვემუქრება, გამოსავალი მომავლისთვის, თუ სხვაგვარად ვერ დარეგულირდა, მაშინ შეიძლება მივმართოთ ამ გზას. ახლა საექსპორტო შეფასებაა გასაკეთებელი, რამდენად შესაძლებელია საქართველოში სეკულარული მეთოდებით და იმ მეთოდებით, რომლებიც აპრობირებულია ევროპაში, მოხდეს ჩვენი სახელმწიფოს მართვა.”

თამარ ჩიქოვანი:
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის გიორგი ხუციშვილის მცდელობა, სადისკუსიო მაგიდასთან დაწყებულიყო საკონსტიტუციო მონარქიის იდეის განხილვა - წარმატებული აღმოჩნდა. დისკუსიისას გამოიკვეთა რამდენიმე ტენდენცია, რომლის გათვალისწინება, მგრვალი მაგიდის მონაწილეთა აზრით, აუცილებელია. ერთერთ ფაქტორზე აკადემიკოსმა მარიკა ლორთქიფანიძემ შეაჩერა ყურადღება:

[მარიკა ლორთქიფანიძის ხმა] თუ ჩვენ გადავხედავთ საქართველოს ისტორიას, ფაქტი ერთია, რომ ქართველი ხალხისთვის მთელი მისი არსებობის მანძილზე და ყველაზე უმძიმეს პირობებში მეფე იყო სახელმწიფოს არსებობის საიმბოლო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, რასაც მნიშვნელობა უნდა გაეწიოს.”

თუმცა:

[მარიკა ლორთქიფანიძის ხმა] მე თვითონ კი შეიძლება მონარქიის იდეას მხარს ვუჭერდე მომავალში და რაღაცნაირად, მაგრამ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რომ უარს იტყვის - ამაზე ორი აზრი არ არსებობს.”

დისკუსიის მონაწილეთა ერთი ნაწილის მოსაზრებას, რომ 200 წლოვანი წყვეტის შემდეგ, მონარქიის აღდგენის პრეცედენტი არ არსებობს, არ იზიარებს ისტორიკოსი ლევან აბაშიძე:

[ლევან აბაშიძის ხმა] თუ ისტორიაზე ვლაპარაკობთ - სიზუსტე დავიცვათ. მაგალითად, აქ ითქვა, რომ ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა, რომ აღდგენილიყო 200 წლის მერე. როგორ არ ყოფილა. საბერძნეთში, მაგალითად, 300 წლის მერე აღდგა. იგივე, ბულგარეთში. ის, რაც აღდგა, სრულიად არ გავდა იმას, რაც იყო მანამდე - საბერძნეთის მეფე ადრე იგივე რომის იმპერატორი იყო.”

”აუცილებელია საზოგადოება გაერკვეს, რა იგულისხმება საკონსტიტუციო მონარქიის იდეის უკან” - თვლის ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე და განმარტავს:

[რამაზ საყვარელიძის ხმა] თუ ჩვენ საზოგადოებას ვეტყვით, რომ მეფის ინსტიტუტის აღდგენაზეა ვმუშაობთ - ის ელის თვითმმართველობას. და მეთორმეტე საუკუნიდან შორს არ არის წასული და დაბრუნდება ისევ იქ. კონსტიტუციური მონარქია არ არის მართვის სისტემა ამ სიტყვის სრული გაგებით. ის არის კომპონენტი საპარლამენტო მართვის. ასე რომ, ჯერ გასარკვევია საპარლამენტო მმართველობა - ანუ პარლამენტით არჩეული მთავრობა რომ მართავდეს ქვეყანას - ამის საფუძველი გვაქვს თუ არა. და შემდეგ უკვე შედარებით ნეიტრალური დანამატი პრეზიდენტი თუ მონარქი ჩაერთოს - ეს უკვე ალტერნატივებია ამ პარლამენტური მმართველობის. ჩვენ ჯერ პარლამენტური მმართველობის ავკარგი არ გაგვიაზრებია, მარტო მონარქიაზე ვლაპარაკობთ, რომელსაც მართვის იმ სისტემაში საერთოდ არა აქვს ის დატვირთვა, რა დატვირთვაც ტრადიციულად საქართველოში ამ სიტყვას გააჩნია.”

ახალი მემარჯვენეების წევრი, პარლამენტარი ირაკლი იაშვილი კონსტიტუციური მონარქიის იდეის მომხიბვლელობას ასე ხსნის:

[ირაკლი იაშვილის ხმა] ჩვენთან პრობლემა გააჩინა იმან, რომ ქვეყნის პირველი პირი არ არის ყველასი - ეს განცდა ვერ შექმნა ამ ინსტიტუტმა ქვეყანაში - ის არის მისი მხარდამჭერების და არ არის მისი მოწინააღმდეგეების. ოპოზიცია არის ოპონენტი პირველი პირის, რადგან ის არის პარტიის ლიდერი, რომელიც მართავს ქვეყანას. პრეზიდენტი მოიაზრება, როგორც ქვეყნის სიმბოლო და არ მინდა ვიყო მისი ოპონენტი, როგორც სიმბოლოსი. მე მმართველი პარტიის ოპონენტი უნდა ვიყო. ამის საშუალებას დღევანდელი მოწყობა არ იძლება.”

მიუხედავად იმისა, რომ მემარჯვენეები კონსტიტუციური მონარქიის იდეას უჭერებ მხარს, ირაკლი იაშვილის თქმით, სახელმწიფო მოწყობა ის საკითხია, რომლის ირგვლივაც დისკუსია აუცილებელია:

[ირაკლი იაშვილის ხმა] პირველი, რაც მინდა გითხრათ, რომ არ ვაპირებთ მოვახვიოთ საზოგადოებას ჩვენი ხედვა მაინც და მაინც. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, უნდა გამოვიტანოთ ეს საკითხი სამსჯავროდ და 2, 3 თვიანი მსჯელობის შემდეგ - ეს უნდა იყოს ფართო განხილვა, უნდა იყოს სხვადასხვა აზრი, მაგრამ არა სარკაზმში გადასული, ჯანსაღი მსჯელობა უნდა იყოს - და ამის შემდეგ საზოგადობამ უნდა დააფიქსიროს, როგორი მომავალი უნდა თავის ქვეყანაში.

თამარ ჩიქოვანი, რადიო თავისუფლება, თბილისი.

ადამ მიხნიკის ქართული მისია

ბიძინა რამიშვილი:
პოლონელი ჟურნალისტი, ”გაზეტა ვიბორჩას” რედაქტორი ადამ მიხნიკი თბილისში დაბრუნდა. 13 სექტემბერს იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია, შემდეგ კი სასტუმრო ”თბილისი მერიოტში” პრესკონფერენცია გამართა. როგორც ადამ, მიხნიკმა განაცხადა, ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში დაბრუნება მთელი ქართული საზოგადოების გამარჯვებაა. მან იმ 7-კაციანი ჯგუფის წევრები დაასახელა, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში მედიის მონიტორინგს განახორციელებენ და მათ თავისი ”ბანდიტური ჯგუფის” წევრები უწოდა. ”ალექსანდრე რონდელი, გია ნოდია, ლევან ხეთაგური, ზვიად ქორიძე, დავით პაიჭაძე, ნატა მურვანიძე და ლაშა ტუღუში. ეს ადამიანები პირადად მე შევარჩიე და ჩემი პასუხუსმგებლობის ქვეშ იმუშავებენ”, - განაცხადა ადამ მიხნიკმა. უფრო მეტს ”გაზეტა ვიბორჩას” რედაქტორისა და მისი მისიის შესახებ მარინა ვაშაყმაძის სიუჟეტიდან შეიტყობთ:

იხ. აუდიოვერსია.

ნოდარ ანდღულაძე - 80

ბიძინა რამიშვილი:
13 დეკემბერს საქართველოს სახალხო არტისტს, კონსერვატორიის პროფესორს, საერთაშორისო პრემიების ლაურეატს, ნოდარ ანდღულაძეს 80 წელი შეუსრულდა. ამბობენ, რომ მაესტროს არ უყვარს საკუთარ წარმატებებზე საუბარი, თუმცა გატაცებით მსჯელობს ოპერაზე, ვოკალური ხელოვნების მაგიაზე, საერთოდ, კულტურაზე, რაც გასაგებია - ნოდარ ანდღულაძე ხომ არა მარტო მომღერალი და პედაგოგია - იგი საოპერო ხელოვნების თეორეტიკოსიცაა. ჩვენი კოლეგა გიორგი გვახარია მომღერლის ბიოგრაფიას გაგვახსენებს და მოგვასმენინებს - როგორ მსჯელობს დიდი მაესტრი საოპერო ხელოვნების ძალაზე.

გიორგი გვახარია:
ნოდარ ანდღულაძე საქართველოს ”ტენორების ქვეყანას” უწოდებს და დარწმუნებულია, რომ სწორედ ტენორი გამოხატავს ქართულ ხასიათს - პირველი ხმა ხომ ფაქტობრივად ყოველთვის განმსაზღვრელი იყო ქართულ სიმღერაში. და არა მარტო ქართულში; თავის ფუნდამენტურ გამოკვლევაში ”ჰომო კანტორი”, ნოდარ ანდღულაძე გვახსენებს, რომ ადამიანი ”მომღერალი არსებაა”, რადგან პირველად იყო არა იმდენად სიტყვა, რამდენადაც ბგერა.. ბავშვი ტირის, ე.ი. მღერის

[ნოდარ ანდღულაძის ხმა]: ”ერთმა ბარონესამ მითხრა, თქვენი სიმღერა ტაშს კი არა, ლოცვას მოითხოვსო - აღიქვეს სულიერება. მაშინ ყველა ფორმაში ვიყავით, ახალგაზრდები ვიყავით”

ჩვენთან საუბარში ნოდარ ანდღულაძემ 70-იანი წლები გაიხსენა, როცა დასავლეთ გერმანიაში ზაქარია ფალიაშვილის ”დაისის” პრემიერა შედგა. იმხანად მას გერმანიაში კარგად იცნობდნენ - 68-69 წლებში ”კომიშე-ოპერის” სოლისტი იყო, მანამდე კი ”ლა-სკალას” სტაჟიორი - სხვათა შორის, ერთ-ერთი პირველი სტაჟიორი საქართველოდან. არა და მომღერლობა გვიან გადაწყვიტა - როგორც ვოკალისტმა, სერიოზული მეცადინეობა მხოლოდ 26 წლისამ დაიწყო. ქართული ვოკალური სკოლის დამფუძნებლის, დავით ანდღულაძის ვაჟმა ჯერ უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, კავკასიური ენები ისწვალა, დისერტაციაც კი დაიცვა იბერიულ-კავკასიური ენების გრამატიკაზე და მხოლოდ შემდეგ გადაწყვიტა მომღერლობა... გამოდის, რომ მაესტროს ბიოგრაფიაში პირველად მართლაც სიტყვა იყო - თუმცა სიტყვა ორგანულად დაუკავშირდა ბგერას და ერთი მთლიანობის ნაწილი გახდა... ისევე როგორც ქართულ კლასიკურ ოპერაში, რომლის პროპაგანდას ნოდარ ანდღულაძემ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა. მაესტროს განსაკუთრებით ”აბესალომი” უყვარს

ნოდარ ანდღულაძე იტალიური ოპერის ქომაგია, მაგრამ ვინაიდან სჯერა, რომ ადამიანი თავისი არსებითაა მომღერალი, ოპერა მისთვის კოსმიური, საზღვრებს მოკლებული ხელოვნებააა. ”აბესალომზე” საუბრისას იგი გვახსენებს, რომ ზაქარია ფალიაშვილმა ევროპული მიმართულებით კი არ წაიყვანა ქართული მუსიკა, როგორც ამას ამტკიცებენ ხოლმე, არამედ ქართულ მუსიკაში მიაგნი ევროპულ საწყისებს

უნიჭობა და გემოვნების დეფიციტი განსაკუთრებით აღიზიანებს. ამას როცა ხედავს, თავს ვერ იკავებს და ხმამაღლა გამოხატავს პოზიციას. ძალიან აღელვებს ჩვენი ოპერის თეატრის დღევანდელი მდგომარეობა. ამას წინათ პრესაშიც გამოთქვა თავისი აზრი, რითაც ზოგიერთი კოლეგა გაანაწყენა. ამბობს, რომ საქართველოში დიდი ხელოვნება ადვილად არასდროს არ იმკვიდრებდა ადგილს და ჩვენთან საუბარში ისევ ზაქარია ფალიაშვილის, კერძოდ ოპერა ”დაისის” ისტორიას იხსენებს

[ნოდარ ანდღულაძის ხმა]: ”ზაქარიას აუჯანყდნენ, ნაციონალისტური მუსიკა დაწერაო, კომისიაც შედგენილა ვიქტორ დოლიძის თავმჯდომარეობით, არის თუ არა ეს მენშევიკური მუსიკა, ვიქტორ დოლიძეს ასე დაუმთავრებია ეს განხილვა - არ ვიცი ბოლშევიკურია თუ მენშევიკური ეს მუსიკა, ვიცი, რომ ამ მუსიკით დაგასაფლავებენ ყველასო”.

ეს ინტერვიუ როცა ჩავწერეთ, ნოდარ ანდღულაძის ბინა, გმირთა მოედანზე, ახალგაზრდებით იყო სავსე - მისი სტუდენტებით, რომლებიც პედაგოგს ასე მიმართავენ - ”მაესტრო”. საქართველოს პედაგოგიური აკადემიისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ნოდარ ანდღულაძე დღეს მომავალ თაობაზე ზრუნავს. სამწუხაროდ, მის გაკვეთილს ვერ დავესწარით...თუმცა სავარუდოა, რომ მაესტრო ისე ასწავლის, როგორც ჩვენ გვიამბობს ფალიაშვილის მუსიკაზე - სიტყვით და სიმღერით.

[ნოდარ ანდღულაძის ხმა]: დუეტი რომაა დასაწყისში (დაამღერებს)...ეს არის ”ოსაბრელა”..მე მქონდა ზაქარიას გამოცემული ხალხური სიმღერები...(მღერის)...საოცრად გაპოეტებულია ეს თემა".

გივი მარგველაშვილი 80 წლის ხდება

14 დეკემბერს, 80 წელი შეუსრულდა ქართული წარმოშობის გერმანულენოვან მწერალს, გივი მარგველაშვილს.

ათწლეულების მანძილზე, სამოციანი წლებიდან ოთხმოციანების ბოლომდე, 14 დეკემბერს გივი მარგველაშვილი თბილისში, თავის ოროთახიან ბინაში, მეგობრებთან ერთად აღნიშნავდა დაბადების დღეს. უკრავდნენ ჯაზს, ცეკვავდნენ, საუბრობდნენ ხელოვნებაზე, ყოფით თუ ინტელექტუალურ თემებზე.

აქ შეხვდებოდით ლიტერატორებს, ფილოსოფოსებს, ხელოვანებს - ქართული ინტელექტუალური ელიტის ერთ ნაწილს, რომელიც არცთუ განებივრებული იყო ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ სამაგიეროდ განებივრებული იყო მასპინძლის მიერ. ასეთ წვეულებებს თან ახლდა ლამის სავალდებულოდ ქცეული კითხვა მისი ნაწარმოებებიდან.

თავისი ვიწრო წრისთვის საკითხავი კი გივი მარგველაშვილს მართლაც ბევრი ჰქონდა. ამ სახელდახელო ლიტერატურული საღამოების დამსწრეთა თქმით, საბეჭდ მანქანაზე გადაბეჭდილი და დასტებად დაწყობილი მისი თხზულებები ლამის მეტრობით განიზომებოდა.

საშინაო ლიტერატურული საღამოები მხოლოდ საიუბილეო თარიღებს არ უკავშირდებოდა და სხვა დროსაც იმართებოდა ხოლმე. ასეთი შეკრებების მონაწილენი იყვნენ, მაგალითად, გერმანისტები დავით დავლიანიძე, რეზო ყარალაშვილი, ნოდარ კაკაბაძე, ფილოსოფოსები, ლეონიდ ჭელიძე, მერაბ მამარდაშვილი და სხვანი. გივი მართგველაშვილს, რომელსაც უყვარდა ლიტერატურული დელიკატესებით თავისი სტუმრების გამასპინძლება, მაინც და მაინც არ სწყალობდა არც ხელისუფლება და არც, საერთოდ, ბედი. ის შინაგან ემიგრაციაში იმყოფებოდა. თუმცა არა მხოლოდ შინაგანში.

ყველაფერი დაიწყო ზუსტად 80 წლის წინათ, ბერლინში, სადაც ქართველი ემიგრანტების ოჯახში მოევლინა სამყაროს მომავალი მწერალი.

მამა, ფილოსოფოსი ტიტე მარგველაშვილი, გერმანიაში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე იყო. გივი ოთხი წლის იყო, როცა დედა დაეღუპა და მას მერე გერმანელი ძიძები ზრდიდნენ. მის მშობლიურ ენად გერმანული იქცა. გერმანიაშივე მიიღო შესანიშნავი განათლება.

მერე იყო მეორე მსოფლიო ომი, რომლის შემდეგაც ბერლინი გაიყო და მარგველაშვილები ქალაქის დასავლეთ ნაწილში აღმოჩნდნენ, მაგრამ არცთუ დიდი ხნით. 1946 წლის თებერვალში ტიტე მარგველაშვილი ბერიას ბრძანებით გადაიტყუეს საბჭოთა საოკუპაციო ზონაში და დააპატიმრეს. მას თან ახლდა თავისი 18 წლის ვაჟიც. მამა მალევე დახვრიტეს, გივი კი ჯერ საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკ ზაქსენჰაუზენში მოათავსეს, ერთი წლის შემდეგ კი, მამამისის მშობლიური საქართველოს გზას გაუყენეს.

ასე აღმოჩნდა იგი სრულიად უცხო სამყაროში, სრულიად უცხო ენობრივ გარემოში - ემიგრაციაში. აქ ისწავლა ქართული, რომელსაც ბოლომდე მაინც ვერ გაუშინაურდა. მხოლოდ გავლენიანი მეგობრებისა და ნათესავების წყალობით მოახერხა თავი დაეღწია რეპრესიებისთვის.

[ზედანიას ხმა] "ერთ სოციოლოგს აქვს ნათქვამი, რომ ემიგრაცია ნიშნავს ორმაგ არყოფნას, ორმაგ დაუსწრებლობას. ლიტერატურაში ამის ფანტასტიური მაგალითია გივი მარგველაშვილი, რომელიც არც საქართველოში იყო და ბოლომდე არც გერმანიაშია. ეს არის ადამიანი, რომლის იდენტობა არც ქართულია და არც გერმანული. მას აქვს ის, რასაც თამაედროვე კულტურის კვლევაში 'დეფისის იდენტობას' უწოდებენ ხოლმე. ანუ იდენტობა, რომელსაც ეწოდება 'გერმანულ-ქართული'."

ასე აფასებს გივი მარგველაშვილის ფენომენს ფილოსოფოსი გიგა ზედანია.

მწერლობა და მეგობრების წრე იყო გივი მარგველაშვილის შინაგანი ემიგრაციის სამყარო თბილისში ცხოვრების პერიოდში.

ასე რომ, უცხო გარემოში “ჩაგდებულობა”, - მისი საყვარელი ფილოსოფოსის, მარტინ ჰაიდეგერის ერთ-ერთი მთავარი ცნება - მისი ცხოვრების ტექსტის მთავარი თემა გახლავთ. მთავარი თემა გახდა ის მისი ლიტერატურული ტექსტებისთვისაც.

გერმანისტი ალექსანდრე კარტოზია გივი მარგველაშვილის შემდქმედების ერთ-ერთი მკვლევარია:

[კარტოზიას ხმა] "ამ ბიოგრაფიამ, შეიძლება ითქვას, განაპირობა მისი ლიტერატურაც. უფრო მეტიც, განაპირობა საერთოდ ის, რომ გივი მარგველაშვილი გახდა მწერალი და უფრო მეტიც - ის, რომ მისი ცხოვრება გახდა ლიტერატურა. ერთი პოეტის სიტყვებით რომ ვთქვათ, გივი მარგველაშვილისთვის "ცხოვრება იქცა იმ ადგილად, სადაც ცხოვრება არ შეიძლება". ამიტომ უნდა გამოინახოს რაღაც სხვა ადგილი, სხვა სივრცე, სადაც ამ ადამიანს შეუძლია იცოცხლოს, შეუძლია ისუნთქოს. აი, ასეთი ადგილი გახდა მარგველაშვილისთვის ლიტერატურა."

გივი მარგველაშვილის ლიტერატურის მთავარი თემაა ტექსტი. უმეტესწილად ესაა სხვა ავტორების ტექსტები. იგი მათ ესესხება პერსონაჟებსა და თემებს და ცვლის მათ, რათა აღადგინოს სამართლიანობა, იხსნას პერსონაჟები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო იტანჯებიან ორიგინალის ტექსტში.

მაგალითად, მის ერთ-ერთ ნაწარმოებში "ვეფხისტყაოსნის" ცუდ თარგმანში პერსონაჟები - დაპირისპირებულებიც კი - ერთიანდებიან, ჯანყდებიან მთარგმნელის წინააღმდეგ, და თარგმანს ტოვებენ.

სხვაგან მშობლებს მათეს სახარებიდან ჩვილი ბავშვები გადასარჩენად გადაჰყავთ ლუკას სახარებაში, სადაც არ არის აღწერილი მეფე ჰეროდეს მიერ ჩვილთა გაჟლეტა.

ერთ-ერთ უკანასკნელ ნაწარმოებში, მარგველაშვილის მთავარი რომანის, "კაპიტან ვაკუშის" გმირი როულინგის პოპულარული წიგნების პერსონაჟის, ჰარი პოტერისგან ითხოვს ჯადოსნურ სარკეს, რათა, ბოლოს და ბოლოს, მოუპოვოს მკითხველები თავის წიგნს.

[მარგველაშვილის ხმა] "მე ხომ ფილოსოფიიდან მოვდივარ ლიტერატურაში და ძალიან რადიკალურად ვაკეთებ ამას. აი, პირდაპირ წიგნის პერსონაჟად ვასახელებ რომანის ფიგურას. იცით, რაღაც მხიარული მეცნიერების მომენტია აქ, ვითომ მეცნიერებაა. ხუმრობაა, რა." (სტილი დაცულია)

როგორც მისი მეგობარი და ყოფილი მეუღლე, ნაირა გელაშვილი ამბობს, იგი თვითონაც ამ პერსონაჟების ცხოვრებით ცხოვრობს, მათ სამყაროშია გადასახლებული.

[გელაშვილის ხმა] "თავის სამყაროში ძალიან ბედნიერია. თავისი წიგნები მოსწონს და მოსწონს. მათთან არის ჩაკეტილი, ფაქტიურად. რაღაცნაირად ცხოვრება აღარ სჭირდება. აი, ამ თვალსაზრისით გივი მართლა ბედნიერია, რომ თავის სამყაროში დიდ სიხარულს იღებს, ტკბება."

გივი მარგველაშვილი, მართალია, 80-იანი წლების ბოლოდან კვლავ თავის მშობლიურ ბერლინში ცხოვრობს, მაგრამ ამას მაინც ვერ უწოდებ შინდაბრუნებას, ვინაიდან ის უცხო სამყაროში აღმოჩნდა. მისი არყოფნის პერიოდში გერმანია ძალიან შეიცვალა. უცხოდ გრძნობს იგი თავს გერმანულ ლიტერატურაშიც. მართალია, მას იცნობენ ინტელექტუალურ წრეებში, თავისი წიგნებისთვის ის 2006 წელს გოეთეს მედლითაც დააჯილდოვეს, მაგრამ ფართო მკითხველისთვის გივი მარგველაშვილი უცხოა. ამის მიზეზებზე გვესაუბრება ჰამბურგელი ფილოსოფოსი ფრანკ ტრემელი:

[ტრემელის ხმა] "ასეა, დიდი სალიტერატურო ენები ყოველთვის ცოტა შოვინისტური ხასიათისაა. ამასთან, გერმანული ლიტერატურა ერთგვარად ინცესტურია. ის საკუთარი თავის გარშემო ტრიალებს და განსაკუთრებით არ აინტერესებს სხვა ლიტერატურები. წარმომიდგენია, რომ გივი მარგველაშვილის მიმართ ინტერესი უფრო დიდი იქნებოდა რომანულ ქვეყნებში და ის უფრო სწრაფად იპოვიდა მკითხველს".

ალბათ გერმანიაშიი წიგნის ბაზრის თავისებურებებმაც განაპირობა ის, რომ უკანასკნელ ხანებში მარგველაშვილი ტრივიალური თემებისკენ დგამს ნაბიჯს.

მაგალითად, მისი რომანი "პოლიციელი პემბრი", რომელიც ამ შემოდგომაზე გამოსცა გამომცემლობა "ფერბრეხერმა", დეტექტიური რომანია, ოღონდ სრულიად გამორჩეული ხასიათის.

მის საფუძვლად აღებულია თომას ჰარისის გახმაურებული დეტექტიური რომანი "ბატკნების დუმილი".

თუკი მარგველაშვილის ესთეტიკისთვის ძირითადად ჩვეული იყო წიგნის პერსონაჟების დასახმარებლად ტექსტში გარედან შესვლა, აქ პირიქითაა - ეხმარებიან რეალურ პირს. თანაც ეხმარებიან წიგნის მეშვეობით.

ჰარისის რომანის ერთ-ერთი გმირი, პოლიციელი პემბრი თავისი წინდაუხედაობის გამო იღუპება წიგნის მთავარი გმირის, ბოროტმოქმედ ლექტერის ხელით.

მარგველაშვილთან კი საქმე ასე გამოიყურება: ყველაფერი, რაც ჰარისთანაა აღწერილი, ერთ მშვენიერ დღეს რეალობად იქცევა და იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული უბედურება, საჭიროა ჰარისის წიგნის გულდასმით წაკითხვა და ისე მოქმედება, რომ რომანში აღწერილი მოვლენები რეალურ ცხოვრებაში არ განმეორდეს.

აი, რას ამბობს თავის ლიტერატურულ ხერხზე თავად გივი მარგველაშვილი:

[მარგველაშვილის ხმა] "ჩემს წიგნში ეს ამბავი ასეა წარმოდგენილი, რომ გასული საუკუნის კრიმინალური რომანები იჩენენ ტენდენციას, რომ გახდნენ რეალური კრიმინალური ამბების პროგრამები და რეალური პერსონაჟები, რომლებმაც არ იციან, რა არის მათ თავზე, უცბად იქცევიან ამ ამბების, ამ რომანების რეალურ მსხვერპლად."

ცხადია, ასეთი საინტერესო და პროდუქტიული მწერლის შემთხვევაში განსაკუთრებით ღირებულია ტრადიციული შეკითხვა სამომავლო გეგმების შესახებ. გამომცემლობა “ფერბრეხერი” უახლოეს მომავალში მისი პიესის გამოქვეყნებას აპირებს. ამის შემდეგ, შესაძლოა, გამოვიდეს სხვა წიგნებიც, რომლებსაც ის წლების მანძილზე ქმნიდა.

მათ შორისაა ახალდამთავრებული მსხვილი რომანი რთული სახელწოდებით “წიგნის ორი მსოფლიო ომის თავიდან აცილება”. აქაც მარგველაშვილის ტრადიციული თემა - ტექსტში შესვლა და კორექტირება არის ყურადღების ცენტრში. ამჯერად ავტორმა თავისი ლიტერატურულ-ფილოსოფიური თამაშის ობიექტად აიღო თომას მანის ცნობილი რომანები, “ჯადოსნური მთა” (რომელშიც პირველი მსოფლიო ომის გარიჟრაჟზეა საუბარი) და “დოქტორი ფაუსტუსი” (რომელიც მეორე მსოფლიო ომის თემას შეიცავს). მარგველაშვილის ამოცანაა ამ წიგნებში მოცემული ომების თავიდან აცილება. ამ რთულ ამოცანას ის აკისრებს არც მეტი, არც ნაკლები იმავე თომას მანის კიდევ ერთი რომანის "ავანტურისტ ფელიქს კრულის აღიარებების" მთავარ გმირს, თავად ფელიქს კრულს.

გივი მარგველაშვილი უსამშობლო ადამიანია და, როგორც ვთქით, იგი როგორც მწერალიც უსამშობლოა, ბოლომდე არც გერმანულ ლიტერატურაშია შინ და, მით უმეტეს, არც ქართულში. მაგრამ, როგორც, ფრანკ ტრემელი ფიქრობს, მარგველაშვილი შესაძლოა მომავალმა თაობებმა უკეთ გაიგონ.

[ტრემელის ხმა] "ეს უსამშობლოობა, რა თქმა უნდა, ჩვენი ეპოქის ნიშანია. ამდენად, შესაძლებელია, რომ მისი ლიტერატურა მომავლის ლიტერატურაა. ვინაიდან, ჩემის აზრით, რაც მან გადაიტანა და რის შემოქმედებითად გადამუშავებასაც ცდილობს, გარკვეული თვალსაზრისით, სიმპომატურია და არ არის მხოლოდ ინდივიდუალურად ტრაგიკული ბედი."

გივი მარგველაშვილი თამაშის ოსტატია. მისი ლიტერატურა თამაშის პრინციპზეა დამყარებული. იგი ეთამაშება უცხო ტექსტს, ეთამაშება და ათამაშებს წიგნის პერსონაჟებს, ეთამაშება მკითხველს. ასეთი ლიტერატურა მკითხველსაც განაწყობს თამაშისთვის და მისგანაც მოითხოვს ამ თამაშის წესების აღიარებას.

რადიო "თავისუფლება" დაბადების დღეს ულოცავს დიდ მოთამაშეს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG