Accessibility links

logo-print

გასული კვირის ეკონომიკური მოვლენების მიმოხილვა


გასული კვირის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები, ძირითადად, მთავრობის ახალ სოციალურ პროექტებთან იყო

დაკავშირებული. დასაქმების პროგრამა, შეშისა და ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგება, ენერგეტიკული დავალიანების გაბათილება, ”იაფი კრედიტის” პროექტი და ა.შ. მმართველი პოლიტიკური ძალის საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო ინიციატივებია, რამაც საბიუჯეტო ცვლილებებიც კი გამოიწვია. როგორ მიმდინარეობს ამ პროექტების განხორციელება და სხვა რა ეკონომიკური მოვლენები მოხდა გასული კვირის მანძილზე?

გასულ კვირაში სათბობის ვაუჩერების დარიგების პროცესით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე დაინტერესდა და ამ და სხვა სოციალური პროექტების მიმდინარეობის გასაცნობად მთავრობის სხდომა მოიწვია. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ ვაუჩერების უდიდესი ნაწილი უკვე დარიგებულია:

[დავით ტყეშელაშვილის ხმა] ”ამ დროისათვის დარიგებულია 96 პროცენტი ელექტროენერგიისა და გაზის ვაუჩერების...”

დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით კი, რომლის მიმართ მოსახლეობამ უდიდესი ინტერესი გამოიჩინა, დავით ტყეშელაშვილმა განაცხადა:

[დავით ტყეშელაშვილის ხმა] ”ბუნებრივია, რჩება ის, რაც იქნა გამოცხადებული, რომ...”

ხელისუფლება პირობას იძლევა, რომ უმუშევართა დასაქმების პროგრამა მომავალი წლის თებერვლიდან გაგრძელდება. მანამდე კი პირველ დღეს რეგისტრირებული 114 ათასი მოქალაქის დასაქმებაზე იზრუნებენ.

ეკონომიკის ექსპერტების დიდი ნაწილი დასაქმების პროგრამას წინასაარჩევნო კამპანიას უწოდებს, ნაწილი კი - მათ შორისაა გია ჯანდიერიც - ზოგადად დასაქმების სამთავრობო პროგრამას ეკონომიკური მოსაზრებების გამო აკრიტიკებს:

[გია ჯანდიერის ხმა]

მთავრობის სხდომის დამთავრების შემდეგ ისიც ცნობილი გახდა, რომ მრავალშვილიან ოჯახთა 1000 ლარით დახმარების პროგრამა, მომავალი წლის იანვრის ნაცვლად, წელსვე დაიწყება. ამისთვის მთავრობამ და კერძო ბიზნესმა 15 მილიონი ლარის მობილიზება შეძლო.

ხელისუფლების ამ სოციალურ ნაბიჯებს ისიც დაემატა, რომ აფხაზეთიდან დევნილებს და მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის დავალიანება გაუბათილდა. 150 მილიონ ლარამდე დავალიანება ჯერ კიდევ იმ წლებში დაგროვდა, როცა ელექტროენერგიისა და გაზის გამანაწილებელი კომპანიები სახელმწიფო მენეჯმენტის ქვეშ იმყოფებოდა.

მთავრობასა და ამჟამად კერძო საკუთრებაში მყოფ სადისტრიბუციო კომპანიებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ძველი ვალების გაბათილება გადაწყდა.

11 დეკემბერსვე ცნობილი გახდა, რომ დევნილები ათობით მილიონი ლარის დავალიანებას აღარ გადაიხდიან. თელასის წარმომადგენლის, ვალერი ფანცულაიას, კომენტარი:

[ვალერი ფანცულაიას ხმა] ”ძველი დავალიანების გამო ხშირად იყო ელექტროენერგიის შეწყვეტა. საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ამ თანხას თელასი აღარ სთხოვს დევნილებს.”

თელასის მაგალითს მიბაძა ”ყაზგაზტრანს თბილისმა”, რომელმაც თბილისის მოსახლეობას გაზის დავალიანება გაუქვითა. ელექტროენერგიის დავალიანებას არ გადაიხდიან თბილისის გარეთ მცხოვრები მოქალაქენი, რომლებსაც დენის დავალიანება ჩეხეთის კომპანია ”ენერგო პრომ” გაუქვითა.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალეკო ხეთაგური უფრო კონკრეტულად განმარტავს მოსახლეობის რომელ კატეგორიას გაუბათილდება ძველი დავალიანება:

[ალეკო ხეთაგურის ხმა] ”ქალაქ თბილისში ელექტროენერგიის დავალიანება....”

ალეკო ხეთაგურის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება კავშირში არ არის წინასაარჩევნო კამპანიასთან, რადგან ენერგეტიკული ვალების რესტრუქტურიზაცია ჯერ კიდევ ზაფხულში მოითხოვა მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. ენერგეტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ, ვალების რესტრუქტურიზაციით, ბიუჯეტის ფული კერძო კომპანიებს მოხმარდება:

[გია ხუხაშვილის ხმა] ”ბიუჯეტიდან გამოიყოფა ამ ვალების გადასახდელი თანხები, რომლებიც წავა კერძო სტრუქტურებში, სხვათა შორის, რუსულ და ყაზახურ კერძო სტრუქტურებში, და მე ეჭვი მაქვს, რომ ვიღაც ამით სერიოზულად მოითბობს ხელს.”

აფხაზეთიდან დევნილები და დენის თუ გაზის დავალიანების მქონე მოქალაქენი ვალების გაუქმებით კმაყოფილნი დარჩნენ, რადგან მათ ძველი ვალების გამო ელექტროენერგიის თუ გაზის მიწოდება აღარ შეუწყდებათ.

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც გასულ კვირაში საქართველოს მთავრობაში აქტიური დისკუსიის თემა იყო, ”იაფი კრედიტის” ბანკის შექმნაა. ამ იდეის დახვეწის მიზნით პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე საქართველოს ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა და დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი კრედიტების აუცილებლობაზე ილაპარაკა:

[ლადო გურგენიძის ხმა] ”ამ ბოლო წლების მანძილზე გასაოცარი...”

როგორც შეხვედრის შემდეგ საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოხდა მუშა ჯგუფის შედგენა, რომელიც პროექტის განხორციელების დეტალებს ჩამოაყალიბებს, ხოლო დეტალების დაზუსტების შემდეგ პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

გვასალიას თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან ვერ მოხერხდება. იგი უნდა გაკეთდეს ეროვნული ბანკისა და დაინტერესებული კომერციული ბანკების ერთობლივი მონაწილეობით, ხოლო სახელმწიფო ყველა პირობას უზრუნველყოფს,
რომელიც პროექტის განხორციელებისთვის საქართველოს კომერციული ბანკების მხრიდან იქნება მოთხოვნილი.

დაბოლოს, კვირის მიწურულს საქართველოს პარლამენტმა განიხილა და დაამტკიცა 2007 წლის ბიუჯეტის ცვლილებები, განპირობებული ახალი სოციალური პროგრამების დაფინანსებითა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხარჯებით.
XS
SM
MD
LG