Accessibility links

logo-print

კვირის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე 20 დღე რჩება -

პრეზიდენტობის 7 კანდიდატისა და მათი საარჩევნო შტაბებისთვის ყველაზე მძიმე პერიოდი დგება - კერძოდ, ამომრჩევლის იმ ნაწილის ხმებისთვის ბრძოლის პერიოდი, ვისაც არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია. ასეთები კი, სოციოლოგთა განმარტებით, არჩევანს ბოლო წუთებში აკეთებენ. რა ხდებოდა გასულ კვირას საქართველოში? - ბოლო 7 დღის ზოგიერთ მოვლენას შეგახსენებთ.

[ მუსიკა კინოფილმიდან ”არაჩვეულებრივი შვიდეული”]

ისინი შვიდნი იყვნენ - შვიდი არაჩვეულებრივი მებრძოლი, მექსიკის მიკარგული სოფლის მცხოვრებლებს კალვერას ბანდისგან რომ იცავდა. ისე მოხდა, რომ 5 იანვრის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩევლის ნდობის მოპოვებას ასევე შვიდი კანდიდატი ცდილობს - გასულ კვირას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არა მხოლოდ შვიდი კანდიდატი გაატარა რეგისტრაციაში, არამედ მათ საარჩევნო ნომრებიც მიანიჭა. კანდიდატები და მათი საარჩევნო შტაბების წარმომადგენლები უაღრესად დაძაბული დღის წესრიგით ცხოვრობენ: ხვდებიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, - უნდა ითქვას, რომ 5 იანვრის არჩევნების მიმართ უცხოელთა ინტერესი ძალიან დიდია, -ხვდებიან პოტენციურ ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებს - შეხვედრების რაოდენობა უკვე რეკორდულია. თუმცა, სავარაუდოდ, დარჩენილ დღეებში კიდევ უფრო მეტი იქნება.
სოციოლოგი გაგა ნიჟარაძე შენიშნავს, რომ ამჯერადაც საარჩევნო კამპანიის ფონი საკმაოდ დაძაბულია:

[ გაგა ნიჟარაძის ხმა] ”ახლა ჰაერში ტრიალებს აზრი, რომ, ერთი მხრივ, შეჩვეული ჭირი ჯობია; მეორე მხრივ, არა, ამ კაცს არა აქვს მორალური და არც არანაირი უფლება, იყოს საქართველოს პრეზიდენტი. ანუ სააკაშვილმა დაკარგა ის კრედიტი, რომელიც ჰქონდა 4 წლის წინ ან 1 წლის წინაც კი.”

გაგა ნიჟარაძის აზრით, ამჯერადაც წინასაარჩევნო კამპანია უფრო ნეგატიურ შეფერილობას ატარებს. მისივე დაკვირვებით, ამჯერადაც არჩევნებში მონაწილეები დარწმუნებულნი არიან საკუთარ წარმატებაში:

[ გაგა ნიჟარაძის ხმა] ”ორივე მხარე დარწმუნებულია, რაც ხშირად ხდება - გადააფასებს ხოლმე თავის შესაძლებლობებს. სინამდვილე გვაჩვენებს, ვინ გაიმარჯვებს და როგორ გაიმარჯვებს. თუ გაიმარჯვა სააკაშვილმა, პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ გამოსვლები იქნება და გაყალბებაში ბრალდებები იქნება, საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო - არ ვიცი. თუ ვერ გაიმარჯვა სააკაშვილმა, მაშინ რა მოხდება, ნამდვილად არ ვიცი.”(სტილი დაცულია)

წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევებზე საუბარი უკვე დაწყებულია - პოლიტიკურ პარტიებს კვლავ საარჩევნო სიებთან აქვთ პრეტენზიები. კეთდება განცხადებები სიების ხელოვნურად გაბერვისა და სიებში ე.წ. მკვდარი სულების აღმოჩენის შესახებ. კრიტიკა ისმის ე.წ. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებაც. პრობლემებია კანდიდატებისთვის საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად თანაბარი პირობების შექმნის თვალსაზრისითაც - მაგალითად, კვირის ბოლოს საქართველოში პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ბადრი პატარკაციშვილის, ჩამოსვლა იგეგმებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მას უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემაზე უარი ეთქვა, კანდიდატ პატარკაციშვილის სრულფასოვანი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება კვლავ გადაიდო.
რაც შეეხება ამომრჩეველზე ზეწოლას, ამ შინაარსის განცხადებები კვლავ კეთდება. მაგალითად, გელა ნიკოლეიშვილი, წარმომადგენელი ორგანიზაციისა ”ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის”, ამბობს, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს - მათ უფლება აქვთ, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა - გასაგებად აუხსნეს, თუ ვის უნდა დაუჭირონ მხარი:

[ გელა ნიკოლეიშვილის ხმა] ”არჩევნებზე კი იქნებიან დამკვირვებლები, მაგრამ როცა ვლაპარაკობთ, რომ გარეთ მთავარია წინასაარჩევნო პერიოდი და არა ყუთში ჩაგდების პროცესი, ამას ორჯერ და ათჯერ მეტი მნიშვნელობა აქვს იქ, ციხეში. მაქვს ინფორმაცია, რომ აქვთ ულტიმატუმი წაყენებული, რომ არავითარი სხვა კანდიდატი, ყველამ უნდა მისცეს ხმა სააკაშვილს. ეს დეპარტამენტის თავმჯდომარისგან მოდის მისი ქვეშევრდომების საშუალებით. ეს ინფორმაცია პატიმრებისგან მაქვს. ასე რომ, რამდენი პატიმარი შეძლებს, რომ ზეწოლას გაუძლოს ან მიხვდება, რომ იქ ვერ შეამოწმებენ, ეს სხვა არის. მაგრამ, ალბათ, უმრავლესობა ისე მოიქცევა, როგორც დეპარტამენტის უფროსი უბრძანებს.”(სტილი დაცულია)

უცნობია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ბერლინის ციხეში წინასწარ პატიმრობაში რჩება. შაბათს ლიდერის გარეშე დაფუძნდა ახალი პოლიტიკური მოძრაობა ”ერთიანი საქართველოსთვის”, რომლის თავმჯდომარედაც გია თორთლაძე, პოლიტიკურ მდივნად კი ეკა ბესელია აირჩიეს. გეტყვით იმასაც, რომ გასულ კვირას ეკა ბესელია ბერლინის ციხეში შეხვდა ირაკლი ოქრუაშვილს. თბილისში დაბრუნებულმა ადვოკატმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, როგორც პოლიტიკურ დევნილს, პოლიტიკურ თავშესაფარს მისცემენ.
გასულ კვირას, მსოფლიოს არაერთი სხვა ქვეყნის მსგავსად, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ამ თარიღს კვირეულით აღნიშნავს - ყოველდღე კონკრეტულ პრობლემას პრესკონფერენციას ან კონფერენციას უძღვნის. გასულ კვირას ერთ-ერთი კონფერენცია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ხელშეკრულების სამართლებრივ ანალიზს მიეძღვნა. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წევრის, ქეთევან კვინიკაძის, განმარტებით, ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებისას კონკრეტული ადამიანების უფლებები დაირღვა. საუბარია იმ ადამიანებზე, რომელთა კერძო საკუთრება მშენებლობისას დაზიანდა. სამწუხაროდ, ქეთევან კვინიკაძის თქმით, ხელშეკრულება არ ითვალისწინებს, ვინ უნდა აანაზღაუროს ზარალი:

[ ქეთევან კვინიკაძის ხმა] ”ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით კონკრეტულად არაფერია ჩადებული, მაგრამ იქ არის ასეთი ჩანაწერი, რომ ის მიწის ნაკვეთი ან ტერიტორია, რომელიც სჭირდება მილსადენის კომპანიას პროექტის განხორციელებისთვის, ის უნდა შეისყიდოს მესაკუთრისგან და მას შესაბამისი თანხა უნდა გადაუხადოს. იმის გამო, რომ ზარალთან დაკავშირებით ასეთი ჩანაწერი არ არის, - იყო თეთრწყაროში ასეთი შემთხვევა, როდესაც აფეთქებითი სამუშაოების დროს თითქმის ერთი ქუჩა დაშავდა, სახლები დაიბზარა, - ამ ხალხს დღემდე აქვს პრობლემა მილსადენ კომპანიასთან. დღემდე მიდის იმის გარკვევა ”ბი-პი-სა” და ხელისუფლებას შორის, ვინ უნდა აუნაზღაუროს ზარალი. მეტს გეტყვით: ჩანაწერი ხომ არსებობს, რომ მეპატრონეს კომპენსაცია გადაუხადონ, როცა კომპანია ყიდულობს ნაკვეთს - ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, როცა ამ ხალხის ინტერესებს სასამართლოში ჩვენ ვიცავთ. პრობლემა არის ის, რომ კომპანიას ფული დღემდე არ გადაუხდია. მაგრამ პროექტი ექსპლუატაციაში შევიდა და პროექტს საუკუნის სტატუსი მიენიჭა.”(სტილი დაცულია)

ჯერჯერობით ზარალი არ აუნაზღაურებიათ ტელერადიო კომპანია ”იმედისთვის”, რომელმაც ოთხშაბათ საღამოს მაუწყებლობა განაახლა. კვირის ბოლოს კი ე.წ. მიხნიკის ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა გაირკვა - როგორც იცით, 7 კაციანმა ჯგუფმა საქართველოს ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგი უნდა ჩაატაროს და გაარკვიოს, რამდენად დაცულია ბალანსი. კვირის ბოლოს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გახდა ცნობილი. კერძოდ, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა სამი ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვებების სამთვიანი კვლევა ჩაატარა. ცენტრის დირექტორის მარინა ჩიტაშვილის თქმით, ეს ამგვარი კვლევის პირველი შემთხვევაა:

[ მარინა ჩიტაშვილის ხმა] ”მიუხედავად ბევრი ვნებათაღელვისა, საქართველოში, წმინდა სოციალური მეცნიერების თვალსაზრისით, არ არსებობს და არ არის გაკეთებული მედიის სისტემური კვლევა. და მეორე - ჩვენმა ელექტორატმა ელემენტარულად არ იცის, თუ როგორ უნდა წაიკითხონ ინფორმაცია - ერთი, და ასევე ჟურნალისტებს არ გაუვლიათ სპეციალური მომზადება, თუ როგორ შეიძლება ეს სპეციფიკური ინფორმაცია იყოს ამოღებული საჯარო ინფორმაციიდან.”

მედიის სისტემური კვლევის შედეგი ასეთია: კვლევის პერიოდში ყველაზე დაბალანსებული ”ტელეიმედის” საინფორმაციო პროგრამა ”ქრონიკა” იყო, ყველაზე დაუბალანსებელი - საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამა ”მოამბე”.


XS
SM
MD
LG