Accessibility links

როგორ აპირებს მმართველი პარტიის კანდიდატი ოპონენტებისა და სიღარიბის დამარცხებას


2008 წლის 5 იანვრის ვადამდელ არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა ოპონენტების მოწოდებას

„საქართველო პრეზიდენტის გარეშე“ სიღარიბის დაძლევის ვრცელი პროგრამა დაუპირისპირა. „საქართველო სიღარიბის გარეშე“ - ასეთია მიხეილ სააკაშვილის უმთავრესი გზავნილი, რომელიც ექვსი ძირითადი პუნქტისგან შედგება და, პენსიების გაზრდის, სამუშაო ადგილების შექმნის, იაფი კრედიტების გაცემის პარალელურად, საქართველოს ეკონომიკის სამჯერ გაზრდასა და ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას ითვალისწინებს. როგორ აპირებს მმართველი პარტიის კანდიდატი ოპონენტებისა და სიღარიბის დამარცხებას?

საქართველო რომ ღარიბი ქვეყანაა, ამ ფაქტს არც ხელისუფლება უარყოფს და არც ოპოზიცია. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სოციალური დახმარებისა და დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, სიღარიბის ზღვარს მიღმა საქართველოში 300 ათასამდე ოჯახი ცხოვრობს. ბატონი ელდარი, რომელიც მხარს მიხეილ სააკაშვილს უჭერს, ფიქრობს, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი სწორედ რომ სიღარიბის ბრალია:

[მამაკაცის ხმა] „რაც ხდებოდა, ეს არის სოციალური გაჭირვება და არავითარ შემთხვევაში პოლიტიკური დაპირისპირება. არა მგონია, რომ დღეს პრეზიდენტის შეცვლა იყოს გამართლებული. უამრავი საქმეა დაწყებული...“

ბატონი ელდარი მიიჩნევს , რომ საქართველოში შექმნილ სოციალურ პრობლემებს ყველაზე უკეთ სწორედ რომ მიხეილ სააკაშვილი გაართმევს თავს. მმართველი პარტიის ლიდერიც ამბობს, რომ მისი საარჩევნო პროგრამა მთლიანად სიღარიბის დაძლევაზეა ორიენტირებული:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „მოგმართავთ თქვენ, ვინც ჯერ კიდევ ცხოვრობთ იმ საქართველოში, რომელიც ჯერ კიდევ გასათავისუფლებელია სიღარიბისგან. ჩემი პრეზიდენტობა გეძღვნებათ თქვენ. მინდა, რომ ყველას, ვისაც გიჭირთ, გქონდეთ ჩემი იმედი და ირწმუნოთ, რომ მე გაგიყვანთ სამშვიდობოზე.“ (სტილი დაცულია)

სამშვიდობოზე გაყვანას მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკის გაორმაგებით, პროფესიული გადამზადების ცენტრების შექმნითა და დაბალპროცენტიანი კრედიტების გაცემით აპირებს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ყველა ახლად შექმნილი საწარმო მიიღებს საგადასახადო კრედიტს, ესე იგი 2 ათასი ლარის გადასახადებს არ გადაიხდიან შემდეგი ათი წლის განმავლობაში. მეორე კომპონენტი ეს არის რეინვესტირების პროგრამა საშუალო ბიზნესისთვის. იქნება იაფი კრედიტები, 5 წლიანი განვადებით და მაქსიმუმ 10 პროცენტიანი სარგებლით. ასევე ავამუშავებთ საექსპორტო წახალისების პროგრამას, რისთვისაც 25 მილიონ ლარს გამოვყოფთ, რათა ჩვენი მთავარი პროდუქტი გავიდეს საზღვარგარეთ. მეხუთე კომპონენტი ეს არის 4 პროცენტიანი და 25 წლიანი კრედიტები პრიზის სახით.“

მიხეილ სააკაშვილი ასევე ლაპარაკობს ფოთის გარშემო თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნაზე, რამაც რეგიონი და მთლიანად საქართველო უნდა ააყვავოს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „თქვენ ნახავთ, 5 წელიწადში ვერ იცნობს ვერავინ აქაურობას. იქნება უამრავი ცათამბჯენი, ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე - დასაქმებული და გვექნება მუშახელის დეფიციტი. აშენდება კომუნიკაციების ქსელი, რამდენიმე აეროპორტი.“

უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტის პროგრამას იწონებს ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილიც. ნიკო მჭედლიშვილი მიიჩნევს, რომ მცირე ბიზნესისათვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის დაწესება და ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა უთუოდ წაადგება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, თუმცა ექსპერტი ეჭვით უყურებს იაფი კრედიტების გაცემის პერსპექტივას:

[ნიკო მჭედლიშვილის ხმა] „სააკაშვილმა განაცხადა 4-დან 10 პროცენტამდე კრედიტები, რაც არის ძალიან დაბალი. მეშინია ამან რაღაც გადახრები და კორუფცია არ გამოიწვიოს. როგორ შეძლებენ ქართული ბანკები მსოფლიოში არნახული 4 პროცენტიანი კრედიტების გაცემას, ეს ცოტა წარმოუდგენელია.“

მიხეილ სააკაშვილის ახალ ეკონომიკურ პროგრამას სკეპტიკურად ეკიდება ამომრჩეველთა ერთი ნაწილიც. რადიო ”თავისუფლებამ” მცირე გამოკითხვა რუსთაველის გამზირზე ჩაატარა.

[ქალის ხმა] „კი, მაგრამ აქამდე სად იყო? აქამდე რატომ არ გააკეთა ის ყველაფერი, რაზეც ლაპარაკობს?“

[მამაკაცის ხმა] „არ მჯერა! ეს არის ბლეფი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით!“

[ქალის ხმა] „სააკაშვილის არც ერთი სიტყვის არ მჯერა და არ შეიძლება ნორმალური ფსიქიკის ადამიანმა დაიჯეროს.“

[მამაკაცის ხმა] „როცა გაუჭირდა, მაშინ ამოიღო ხმა, თორემ მანამდე გამოსულიყო ხალხთან და დაეთესა სიკეთე. შეასრულებს თუ არა, დრო გვაჩვენებს.“

თუმცა, ცხადია, ასე არ ფიქრობენ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები. ბატონი ელდარიც, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს უჭერს მხარს, დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას მოითხოვს:

[მამაკაცის ხმა] „მე დავუჭერ პრეზიდენს მხარს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამე, რაც კეთდება, არ მომწონს. რაც საქართველოში დღეს ხდება, ბოლომდე უნდა მივიდეს. პრეზიდენტს უნდა დავუჭიროთ მხარი და უნდა დაველოდოთ შედეგებს.“

შედეგები კი სულ მალე - დაახლოებით სამ კვირაში - გახდება ცნობილი. ვიდრე სიღარიბეს დაამარცხებდეს, მიხეილ სააკაშვილმა ოპონენტებს უნდა სძლიოს.
XS
SM
MD
LG