Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების პარალელურად, პრესა ექსპერტებთან ერთად განაგრძობს ნოემბრის მოვლენების ანალიზს.

გაზეთი ”მთელი კვირა” აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს პოლიტოლოგ თემურ იაკობაშვილთან, რომელიც ამბობს, რომ ”დღეს საქართველოში პოლიტიკური პარტიები არ არსებობს ან არსებობს ძალზე ჩანასახოვან მდგომარეობაში”, და დასძენს: ”პარტიები ვიღაცის ინტერესების გამომხატველები უნდა იყვნენ, რომელიღაც ჯგუფის. საქართველოში ყველა პარტია ყველას ინტერესებს გამოხატავს. ასეთი რამ კი ბუნებაში არ ხდება. ეს უფრო საერთო სახალხო მოძრაობაა”, - ფიქრობს თემურ იაკობაშვილი და განმარტავს, რომ გარდამავალ ეტაპზე ქვეყანას კონსოლიდირებული ხელისუფლება სჭირდება - კერძოდ, მართვის საპრეზიდენტო სისტემის სახით. იაკობაშვილის თქმით: ”საპარლამენტო რესპუბლიკა, თავისთავად, არაფრის გარანტი არ არის: ჰიტლერი საპარლამენტო რესპუბლიკის წიაღში მოვიდა. არც მონარქიაა არაფრის გარანტი: ბულგარეთში მონარქია აღადგინეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, სანამ ქვეყნის ევროპისკენ წაყვანა არ დაიწყეს”, - ამბობს იაკობაშვილი ”მთელ კვირასთან” ინტერვიუში.

ამავე გაზეთში გაეცნობით ინტერვიუს პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატ შალვა ნათელაშვილთან, რომელიც ამბობს: ”თუ გაყალბება მოხდა, მიხეილ სააკაშვილს პირობას ვაძლევ, იხილავს ასეულათასობით ადამიანს ამ პროსპექტზე. თუ გაყალბება არ მოხდა, ის აუცილებლად წააგებს არჩევნებს.”

”ყველა ოპოზიციური კანდიდატი პოლიტიკურ დებატებს სააკაშვილთან მოითხოვს”, - ”ახალი თაობა” კანდიდატებს შორის დებატების შესაძლებლობის საკითხს განიხილავს: ”ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ საინტერესო სანახავი იქნება თვით ოპოზიციურ კანდიდატებს შორის დებატების ნახვაც. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოპოზიციური კანდიდატები ერთმანეთის პირისპირ დებატებში ვიხილოთ. ჯერჯერობით არც ერთ ოპოზიციურ ლიდერს არ გამოუთქვამს სურვილი, რომ მეორე ოპოზიციურ ლიდერთან გამოვიდეს დებატებში”. ”ახალი თაობის” მიმომხილველი დასძენს: ”პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა ამჟამად საკმაოდ დიდია. თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ეს პიკი არ არის.”

”სად გაქრნენ ”ენატკბილი ვეზირები?!” - კითხულობს ”კვირის პალიტრის” ავტორი და მკითხველს ასეთ ვერსიას სთავაზობს: ”როგორც ჩანს, გადამწყვეტ ჟამს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები მაინც გამოჩნდნენ პირველი ხელისუფლების ბანაკში და სააკაშვილს ურჩიეს, საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე თავისი გარემოცვის ”ელიტური” ნაწილი დროებით ფარდის უკან მიემალა და ასპარეზზე ის მომხრეები გამოეყვანა, ვინც ცინიკური ტონითა და თითის ქნევით კი არ დაელაპარაკებოდა ღირსებაშელახულ მოსახლეობას, არამედ ტკბილი სიტყვითა და მდუმარე მოთმინებით... უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტის ამ ნაბიჯმა მის რეიტინგს ქულები შემატა, მაგრამ ლოიალურად მობაასე გარემოცვის მეორე ნაწილმა საქმის რადიკალურად შემობრუნება ვერ შეძლო”, - წერს ”კვირის პალიტრის” ავტორი და დასძენს: ”უჭირს ხალხს იმის დავიწყება, ძალიან უჭირს. ძნელია ამ გუნდის ერთი წევრის დაჯერება - ხელკეტი მეც მომხვდა და თქვენთან ერთად გავმწარდიო, მაშინ როცა ბეგაშვილი და კირკიტაძე სპეცრაზმის ბიჭებს იმ ხელკეტების ქნევით მოღლილ მკლავებს უკოცნიდნენ... გინდა დაიჯერო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებაც, ”იმედის” აღდგენა სწორედ დემოკრატიის გამარჯვებაზე მიუთითებსო, და ამ დროს ლომაიას გამოსვლა გახსენდება: გადატრიალებისა და დამხობის მოსურნე ”იმედი” უნდა დახურულიყო და მომავალშიც რამდენჯერაც დაგვჭირდება, იმდენჯერ დავხურავთო.”

”24 საათი” დღევანდელ ნომერში აქვეყნებს საზღვარგარეთ მცხოვრები რამდენიმე ათეული ქართველის მიმართვას საქართველოს მოსახლეობისადმი, რომელიც ასე სრულდება: ”უზენაესი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ დღეს ერთადერთი გონიერი არჩევანი ბატონ მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს.”

”მომეცით ნობელის პრემია, სანამ სრულ ჭკუაზე ვარ. გეუბნებით, მეკუთვნის-მეთქი, ამ ქვეყანაში რომ ვცხოვრობ და ამდენს ვითმენ მშვიდობიანი ფორმებით. აბა, არ მეკუთვნის?! კარგი, არჩევნების შემდეგ მომეცით, თანახმა ვარ”, - წერს ”კვირის ქრონიკის” ერთ-ერთი ავტორი.


XS
SM
MD
LG