Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა


ეთერ თათარაიძე რადიო "თავისუფლების" თხოვნით,

დღიურს ამჯერად პოეტი და ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე აწარმოებდა.

9 დეკემბერი, კვირა
სამების დედო-ზარს გაღმა-გამოღმა დავანებული ტაძრის ზარებიც აჰყვნენ. "დღეებ წყენით ღამდებად, თენდებიან ჟრიალით" - ეს კაი ხნის წინ ვთქვი. ახლა, სწორედ ახლა, ძალიან ეხმიანება ჩემს ყოფას ჩემივე ნათქვამი (სხვებმა ჩემზე უკეთესად თქვეს, ალბათ, და უკეთესად იტყვიან ხვალეც). მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს, მხოლოდ ჩემი და იქნებ არც ღირს ვინმესთვის ამის თავს მოხვევა...
მძიმე შემოდგომა შემოდგა, ზარალიანი ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ოჯახისთვის, მეგობრებითა და უახლოესი ადამიანებით ზარალიანი. აღარა გვყავს გოდერძი ჩოხელი - ჩვენი დარდების შემგროვებელ-მზიდველი... აღარც გაგა ჭინჭარაული, “ტყიჩის” ზედწოდებით მოხსენიებულ-ცნობილი, ღონიერი მთქმელი და სულით რაინდი. ვახუშტისთან სასწრაფო სასწრაფოს ცვლის, ჩუბჩიკა რეანიმაციიდან პალატაში უკვე მესამედ ინაცვლებს. გუშინ ვნახე... სანახავად წასვლის წინ მანქანიდან, სანამ დავიძვრებოდით, ვუყურებდი, დამზრალ, ჩამოფლაშულ ლეღვის ფოთლებში როგორ დახტოდა პაწაწა ბეღურა. ამირანი გავახედე და ამეტირა: ფეხები ეყინება ალბათ, იმიტომ ვერ ისვენებს, ამან ამ ზამთარს როგორ უნდა გაუძლოს-მეთქი...
დღეს ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა. 2 საათზე დიდუბეში მივდივარ. ქვეყანას აღარ ჰყავს ზურაბ ჟვანია... ორი ვერმოსწრებული სამძიმრის თქმაც გადავდეთ. დღეს ვაპირებდით ნათესავებთან მისვლას მაგრამ... და რა გამოდის... რას გიამბობთ ამბებს სიკვდილზე... მარტო სიკვდილზე და ტკივილებზე, ავადობაზე... დღეს 5 საათზე ფოკანის გამოფენაზე წავალ...
ამირანი შემოდის და მეუბნება: გამოხედე, ნახე, მყინვარს უცნაური სინათლე ადგას (ჩვენი სახლიდან მყინვარი მოჩანს), შავი ღრუბელი შუაზე გაჭრა ამ სინათლემო... ღმერთო, რას არ მოიმოქმედებს ბუნება, რა ნიშანს არ მოგცემს!
მთელი ღამე ფრაგმენტულად მეძინა. ნაღველი მაწუხებს. ნეტა, საქართველოში დარჩა ჭკუათმყოფელი, ვისაც ნაღვლის ბუშტი ჯანმრთელი გადაურჩა, მაგრამ ნაღველი მაინც ნაღვლად არ მოედო?! მე ორივე მჭირს... “ნაღველა” ყვავილსაც, ეტყობა, სუ სტკივა – ფერ-ბინდი სილურჯით რო ჩაგამუხლებს ალპებში... ნესტიანი დილაა, ჩვენს ეზოში ორი ყვავილიღა ყვავილობს – ყვითელი ვარდი და ნარინჯისფერი კალენდულა. ორივე თვენახევრის წინ გადავჭერი, თითქმის გახმობამდე მისული, და გაზაფხულზე შევხვდეთო – შევეხვეწე... დამცინეს: გამწვანდნენ, გაიკოკრნენ და თითო-თითო ყვავილიც გამოფურჩქნეს. ჩემმა შვილმა, ეზოში გასულმა, დამიძახა: "ეთერო! - ჰო, მინდი? - აი, ეს ყვავილებიც შენ დაგემგვანნენ ამ ეზოში, ხო იცი, ცოტა ვერ არიან, რა დროს ყვავილობაა ამ ზამთარშიო?!" და იცინის...
ზურაბ ჟვანიას საფლავიდან რესპუბლიკურში წავედით, ჩუბჩიკა ვინახულეთ. ნატო და ერთი მედდა სკამზე უღონოდ მჯდარს ბეჭებზე მასაჟს უკეთებდნენ. ის ისევ დავალებებს გვაძლევს:
"ამირან, შევიდა წიგნში ვაჟას ეს ლექსი: საფლავის ქვაზე მოჯდება, ოფოფა სავარცხლიანიო?" - დაჟინებით ეკითხება ჩუბჩიკა ამირანს. ყველაფერი ეს ძალიან მტკივა...

10 დეკემბერი, ორშაბათი
ფოლკლორის ცენტრი, ფუსფუსი, შედი-გადი, ვერგალაურეატებულებს ცოტა მოგვიანებით ვეხმიანებით წერილებით და განმარტებებს ვუგზავნით... არის კი საჭირო ასეთი ტიპის განმარტება? ლექსი ხომ ცულის ტარი არ არის, ერთ გამოთლაზე თუ ვერ გამოთლი, მერამდენეღაცაზე რომ გამოგივიდეს, მაგრამ მაინც ადამიანებს ყურადღება და სითბო სიამოვნებთ... ისედაც ბევრი რამით გაქანცულებს...

11 დეკემბერი, სამშაბათი
დღეს გავიცანით ერთი არაჩვეულებრივი წყვილი. ისინი ლიტერატურის ინსტიტუტში, ამირანის კაბინეტში გვესტუმრნენ... პეტერბურგელი სიძე დიმიტრი ბერკუტოვი და უსათნოესი კოლხი ქალი – ხათუნა კაკავა. ბევრი რამ ვიამბეთ კულტურისა და, საერთოდ, სულიერების შესახებ... ღმერთო, ნუ დაულევ ასეთ კეთილისმყოფელს საქართველოსა და ქართველობას დედამიწის ზურგზე... აივსე, აავსე გულგონებანათელი სიძე-პატარძლებით ჩემი ქვეყანა! რა ბედნიერებაა სუფთა და ნიჭიერ ადამიანებთან გატარებული თუნდაც ერთი საათი!
გუგა კოტეტიშვილი გვხვდება ინსტიტუტიდან გარეთ გამოსულებს. გვეუბნება, რომ ვახუშტი ხიზილალამ მოწამლა. აი, ახალი შარი!..
დღესვე "რუსთავი 2"-ში საფლავის ქვების წიგნი-ალბომი გაჩხრიკეს ხვალ დილისთვის.

12 დეკემბერი, ოთხშაბათი
7 საათზე უკვე ფეხზე ვართ მე და ამირანი. ამ დროს ისედაც ვიღვიძებთ. დილის ეთერში ნინო არაზაშვილი გველოდება. გვირეკავენ. ნინო მანქანას გვიგზავნის. გზად მიმავლებს ჯუთიდან სოსო გვირეკავს: სადა ხართ, საქონს ვეღარ ვყურობთ, რომ არ გაგვეპაროს, დროზე გამოჩნდითო, და ძველი პოეზიის საღამოები გვაგონდება... ეს ისე, პარალელისთვის – ვახუშტის რომ ურეკავდა მთელი საქართველო, დროზე გამოდით ტელევიზორში, საქონი გვრჩება დასაწველიო. ეტყობა, ჩვენებმა ჯუთაში ანონსს მოუსმინეს...
პირდაპირი ეთერი იწყება. გუშინ მიმოხილული თემებიდან ორიც აღარ რჩება იდენტური. აქ სასაუბროს ვინ დალევს ან ათი წლის ნამუშევარს 10 წუთი როგორ დაიტევს?! ნინო ღამენათევია, მონსერატ კაბალიეს დახვდა აეროპორში. ჟურნალისტებს მძიმე შრომა უწევთ. მთავარია, გულით უძღვება. ეს დიდი ამბავია! ვემშვიდობებით და მთელი საქართველოდან იწყება ზარები: წიგნის მაღაზიები გვთხოვენ, მივიტანოთ მათთან ეს წიგნი-ალბომი. რედაქციები - თავ-თავისთვის. დღეს გახმაურდა ამ წიგნის დაბადება...
მთელი დღე მიმომყვება ვახუშტი კოტეტიშვილის ბოლოდროინდელი ლექსის ერთი სტრიქონი: "ჩვენს ხალხურ ლექსებს თავზე ადგას უფლის ნათელი". ეგრე ვიცი, ამეკვიატება რაღაცა და ვეღარ მოვიწყვეტ... ხო, მართლა, მართლა ადგას უფლის ნათელი ყველაფერს ხალხურს, ყველაფერს ნამდვილს და წრფელს. ეს ვინ არ იცის?!
დღესაც ვერ ვინახულე ჩუბჩიკა... მეტი სად ან რისთვის უნდა მივდიოდე?

13 დეკემბერი, ხუთშაბათი
ამ საღამოს დიმიტრი და ხათო ჩვენთან არიან. ხათო ძალიან მგრძნობიარეა, ნახატზეც ეტირება, ფოტოზეც, ამბებზე - მით უმეტეს. ზუგრა, ჩუბჩიკა და მე რომ ვართ, ის ცოტათი მოზრდილი ფორმატით დავბეჭდეთ და უჩარჩოოდ დავკიდეთ პირველ სართულზე. მიყვარს იმ დროზე ფიქრი, ზუგრას ვეფერები ხოლმე და დაღესტნის აულების ამბებს ვეკითხები, როცა მარტო ვარ. ხათო და დიმა ამ ფოტოთი ინტერესდებიან, ვუყვები, ვინაა ზუგრა...
ზუგრა (ზუხრაი) ობოლი ლეკის გოგოა, რომელიც, სულ ცოტა, ათი წლის წინ თუშეთში, სოფელ დიკლოში, ჩვენს მასპინძლებთან, ბელადიძეებთან, სტუმრად მოვიდა დაღესტნიდან, წითელი, გრძელი კაბის ფარ-ფარით შაოსან დედასთან ერთად. მას ორი წლის წინ ჩვენთან შეხვედრამდე მამა და ძმა, ორივე თუშეთში მომავალ-მიმავლები, ერთი წლის განმავლობაში, ზუსტად ერთსა და იმავე ქარაფზე გადაეჩეხნენ...
ხანგრძლივი გლოვა არ იცის კავკასიამ. ზედამრჩოებს, ცოცხალ თავისიანებს და სოფელ-მეზობელს უხერხულობასა და სიმძიმეს აჰყრის ჭირის პატრონი... ისედაც წუთისოფელს გლოვასა და ცრემლისღვრაში არ გახარჯავს მთის კაცი და არც სოფელ-მოკეთეს მისცემს ამის უფლებას: “ლხინის გატეხვას” ეძახის და სიკვდილს დასცინის. ჭირს ლხინს უპირისპირებს...
ზუგრა და იმისი კაფანდარა დედაც ამბის გასაგებად მოვიდნენ დაღესტნიდან, გაუცვლიან თუ არა თუშები არაყს ჯიხვის რქებში - არაყს, რომელიც ზუგრას ძმის ქორწილისთვის ჭირდებათ (ისინი 14 და-ძმა არიან, ახლა - ცამეტნი). ბელადიძეებს მოუტანეს ხის ცოცხები და თამბაქოს ქორფა, თამამი ჩითილები - ნერგები.
ზუგრა დაღესტნის უკიდურესი სოფლის, ჭეროს მცხოვრებია, მე-20 საუკუნის ბოლოს რომ შევძელი მენახა ხელუხლებელი სისუფთავე. წავიდნენ მოლაპარაკებაწარმატებულად ჩატარებული დედა-შვილი, გული გავაყოლე. დიდხანს ვხედავდი, სანამ თვალს მიეფარებოდნენ, შაოსან, მშვიდად მიმავალ ფეხოსან დედას და მის წინ ბატკანსავით კუნტრუშით გამხტარ, წელგრძელ წითელკაბიან გოგოს, რომელმაც მთელი სტუმრობის მანძილზე არათუ სიტყვა, ბგერაც არ დაძრა. ხათოს ვეუბნები: მას მერე ვფიქრობ ზუგრაზე და ლექსების მთელი ციკლიც მივუძღვენი-მეთქი. თენგიზ მირზაშვილს ვეკითხები ერთ ლექსში ზუგრაზე:

ზუგრა აღარ გახსონსა,
იასავით მარცხვინა,
თავზე მანდილდახვეულ...
ობოლ ქალა ლეკისა,
ტანს გრძელ, წითელკაბიან,
გულ ნისლებში გახვეულ


ე მაგთაივ სევდიან
დედა, თან დატანებულ,
ფიქრ-ჯანღებში ჩახვეულ...
ზუგრა აღარ გახსონსა,
თავის ლეკეთისკ წაის
ბილიკს რო ედგ გახმეულს...

ხათო ცხარე ცრემლებით ღაპა-ღუპობს...
მიდიან ჩვენი სტუმრები. არც ერთ მხარეს არ გვეთმობა ერთმანეთი. ნუ წახვალ, კარგო სტუმაროო, ხომ ნათქვამია...

14 დეკემბერი, პარასკევი
პრეზენტაციას წინ უძღოდა დემოგრაფებთან შეხვედრა. ყოველ მესამე შვილს კათოლიკოს-პატრიარქი მონათლავს, ეგებ ეშველოს საქართველოს!
ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის: პატრიარქის ფონდში პრეზენტაციაა ამირანისა და ჩემი წიგნისა "შენდობით მომიხსენიეთ".
"დიდებული წიგნი" უწოდა უწმინდესმა და ბევრი თბილი სიტყვა თქვა. საფლავებს, რომლებსაც გადაიღებთ, სანთელიც აუნთეთ და სანთლით მე მოგამარაგებთო, გვითხრა ღიმილით. ყველა მისი ბგერა ბადაგივით ტკბილი იყო, ყველა ფრაზა - სიბრძნით გაჟღენთილი. ბედნიერებაა, სამწყსოს უფალი ასეთი ღვთიური სულით რომ დააჯილდოებს.
თბილი სიტყვები არ დაიშურეს მამა გიორგიმ (ზვიადაძემ), ბატონმა ჯანრი კაშიამ, ბატონმა ზაზა აბზიანიძემ, ბატონმა ზაზა სიორიძემ. ყველას უღრმესი მადლობა!
წიგნი ეძღვნება ზურაბ ჟვანიას ხსოვნას. მას მაშინ ახსოვდა ფოლკლორი და დაგვიფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია "ხალხური ხელოვნების დაცვისა და აღორძინების ცენტრი", როცა ბევრმა აღარ იცოდა, ხალხური შემოქმედება საჭმელია თუ სასმელი. ღმერთმა გაანათლოს მისი სული!
დაღლილები, მაგრამ ძალიან ბედნიერები მოვედით შინ. ყველა სატელევიზიო არხი აშუქებს ჩვენს დღევანდელ პრეზენტაციას.
გმადლობ, უფალო!..
ჩუბჩიკას ვურეკავ საავადმყოფოში და ანგარიშს ვაბარებ. უღონოა. არ ტყდება. უხარია.
ისევ მსახვრალი სიკვდილი! უცებ ვგებულობთ, რომ ალექსი ჭინჭარაულის ვაჟი გარდაიცვალა.

15 დეკემბერი, შაბათი
თენდება. ღრუბლები მძიმედ დაწოლილან თბილისის სერებზე. სადღაც-სადღაც ნაფლეთი ღრუბლებიდან მუქლურჯი კამკამა ცის ფრაგმენტები ჩამოხედავენ დაღლილ ქალაქს. რადიო "თავისუფლებაში" მისვლამდე მოგვიწევს სამძიმრის თქმა ძია ალექსისთვის... შეეცდება არ შეიმჩნიოს, როგორ უდუღს გული. ის ხომ ყოველმხრივ ეტალონია ხევსური რაინდისა! არც ხევსურეთში ეტეხინებიან ჭირს. აქეთ გაგამაგრებენ ჭირის პატრონნი. რა ჰქვია ამას 21-ე საუკუნეში, თუ არა სიბრძნე და ძლევა სიკვდილისა? სასწაულია, მაგრამ ფაქტი: ცოცხალი მაგალითებით ისევ გვაგანგაშებს უფალი, გვეუბნება, რომ არ უნდა დავივიწყოთ, არ უნდა დავემსგავსოთ არავის, ჩვენ ჩვენ უნდა ვიყოთ...
ღმერთო, დაგვიფარე და უკუნითი უკუნისამდე კეთილი მაგალითებით აცოცხლე საქართველო. ნურც დროულ სიკვდილს მოაკლებ და ნურც გულუხვ ბედნიერებას...

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG