Accessibility links

logo-print

უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე იულია ტიმოშენკო ბრუნდება


იულია ტიმოშენკო ისევ პრემიერ-მინისტრი ხდება: სამშაბათს უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე,

რის შედეგადაც ნარინჯისფერი რევოლუციის ერთ-ერთი გმირი სამი წლის შემდეგ დაუბრუნდა ამ თანამდებობას.

[ჩანაწერი უკრაინის პარლამენტიდან]
სიტყვა “ზა”, სანამ ტაში იგრიალებდა, ტიმოშენკოს კანდიდატურის მხარდაჭერის ნიშნად წარმოთქვა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე არსენი იაცენიუკმა. ასე შეგროვდა ტიმოშენკოს სასარგებლოდ 226 ხმა სულ 450-ადგილიან პარლამენტში: თვით იულია ტიმოშენკოს ბლოკისა და ნარინჯისფერი რევოლუციის პერიოდის მოკავშირე პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს ბლოკის “ნაშა უკრაინას” წევრთა ხმები.

კენჭისყრამ საათზე მეტხანს გასტანა, რაც შედეგი იყო იმისა, რომ პარლამენტარები ხელის აწევით გამოხატავდნენ თავიანთ პოზიციას: ეს, ხმების დათვლას რაც შეეხება, შრომატევადი პროცედურა საჭიროდ მიიჩნიეს მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში გამართული კენჭისყრის შედეგად ტიმოშენკოს ერთი ხმა დააკლდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასამტკიცებლად და გაისმა ბრალდება, რომ ადგილი ჰქონდა საარჩევნო პულტებით მანიპულაციას. ეს ბრალდება თვით ტიმოშენკომაც გამოთქვა და დღევანდელ კენჭისყრას, მის დაწყებამდე, უკრაინაში დემოკრატიული სტანდარტების გამოცდა უწოდა.

ტიმოშენკო ირწმუნება, რომ ნარინჯისფერი კოალიცია სტაბილური იქნება და უკრაინის ეფექტიან მართვას შეძლებს მიუხედავად მინიმალური უმრავლესობისა პარლამენტში, მიუხედავად ამბიციებისა, რომლებიც - როგორც სამი წლის წინ, ტიმოშენკოს წინ პრემიერ-მინისტრობის დროს გამოჩნდა - ყოველთვის არ შეესაბამება კოალიციის საერთო ინტერესებს.

არაერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ ნარინჯისფერი კოალიცია ვერც ახლა გაძლებს დიდხანს. ამ ექსპერტებს შორის არის კიეველი ანალიტიკოსი ივან ლოზოვი: [ლოზოვის ხმა] “გამოწვევა, რომლის წინაშეც ტიმოშენკო დგას, არ შეცვლილა: ეს არის ნელთბილი მხარდაჭერა - თუ ამას საერთოდ მხარდაჭერა შეიძლება ეწოდოს, რომელსაც მას იუშჩენკო და მისი ბანაკი უწევენ. ამიტომ გაძნელდა ასე ძალიან ტიმოშენკოს არჩევა. ამიტომ იქნება მისთვის ძნელი რაიმე საკითხის გატანა რადაში, პარლამენტში”.

კიდევ ერთი საყურადღებო გარემოება: 2010 წელს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და ტიმოშენკო, ბევრის ვარაუდით, თავის კანდიდატურას წამოაყენებს. შესაბამისად, ვარაუდობენ იმასაც, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამწვავდება დაძაბულობა იუშჩენკოსა და ტიმოშენკოს შორის...

ვიქტორ იანუკოვიჩი დესტაბილიზაციის საფრთხეზეც ლაპარაკობს - თუმცა, მისი პესიმისტური ხედვა გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ იულია ტიმოშენკო სწორედ მას, იანუკოვიჩს შეცვლის პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

[იანუკოვიჩის ხმა] “ვფიქრობ, რომ დღევანდელი მოვლენა ხელს შეუწყობს პოლიტიკურ დესტაბილიზაციას და გააძლიერებს კონფრონტაციულ პროცესს საზოგადოებაში. ვიმეორებ: ვხედავთ, რომ იწყება ახალი გამოწვევების პერიოდი ჩვენს ქვეყანაში, პერიოდი კრიზისების, პოლიტიკური ინტრიგების და კინკლაობისა - ვგულისხმობ, პირველ რიგში, ნარინჯისფერ გუნდში”.

მართლაც იწყება თუ არა უკრაინაში კრიზისისა და პოლიტიკური ინტრიგების პერიოდი, როგორც იანუკოვიჩი ირწმუნება, ეს ჯერ უნდა გამოჩნდეს. ის კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ტიმოშენკო აქამდეც წინააღმდეგობრივი ფიგურა იყო, მუდამ იწვევდა აზრთა სხვადასხვაობას.
XS
SM
MD
LG