Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და დასავლეთი 2007 წელს


ალექსანდრ ლიტვინენკო
ალექსანდრ ლიტვინენკო

2007 წელს რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები სარეკორდოდ გაუარესდა. დაღმასვლა კვლავაც გრძელდება. მივექანებით თუ არა ახალი ცივი ომისკენ?

ეს ის წელი იყო, როცა ვლადიმირ პუტინმა შეერთებული შტატები მესამე რაიხს შეადარა. წელს მოსკოვმა კიბერ-იერიში მიიტანა ნატოს წევრ ქვეყანაზე და დაიმუქრა, რომ რაკეტებს დაუმიზნებს ევროპას. ამ წელს რუსეთი გავიდა ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებიდან და განაახლა სტრატეგიული ბომბდამშენებით პატრულირება.

მრავალი ანალიტიკოსის აზრით, პოსტსაბჭოთა პერიოდში რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ისე ცუდი, როგორც 2007 წელს.

რუსეთის საკითხების სტაჟიანი სპეციალისტი, ჟურნალ “ეკონომისტის” საერთაშორისო განყოფილების რედაქტორის მოადგილე ედუარდ ლუკასი - ავტორი წიგნისა “ახალი ცივი ომი: როგორ აშინებს კრემლი რუსეთსა და დასავლეთს” - ფიქრობს, რომ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება:

[ლუკასის ხმა] “ჩემი აზრით, 2007 წელი ყველაზე ცივი იყო რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობებში 1991 წლის შემდეგ. შესაძლოა, საბჭოთა პერიოდის ბოლო წლების შემდეგაც კი. არა მხოლოდ სარეკორდოდ დაბალ დონეზეა ურთიერთობები, არამედ ტრაექტორიაც ძალზე ავისმომასწავებელია.”

რუსეთსა და დასავლეთს შორის მზარდ კონფლიქტს - კერძოდ, საქართველოსა და უკრაინის ლოიალობის გარშემო - ლუკასი უწოდებს ცივ ომს, თუმცა ისეთს, რომელშიც სრული ძალით არ იბრძვიან.

კრემლის პოლიტიკის სხვა სპეციალისტები თავს იკავებენ ტერმინ “ცივი ომის” გამოყენებისგან, რომელიც ბირთვულ დაპირისპირებას, გამალებულ შეიარაღებას, სამოქალაქო თავდაცვის კურსებსა და ბუნკერების შენებას ნიშნავდა.

სტივენ პაიფერი წინათ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა, ახლა კი ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრში მოღვაწეობს:

[პაიფერის ხმა] “მე მაინც თავს ვიკავებ ‘ცივი ომის’ ხმარებისგან. ვინაიდან ჩემთვის ცივი ომი ნიშნავს შეჯიბრს, რომელიც შეიცავს სამხედრო და უშიშროების კომპონენტებს, პოლიტიკურ კომპონენტს, ეკონომიკურ კომპონენტს, იდეოლოგიურ კომპონენტს... და არ მგონია, რომ ამ დონეს მივაღწიეთ. ჯერაც ვფიქრობს, არსებობს საკითხები, რომლებშიც ვითანამშრომლებთ.”

მოსკოვში გამომავალი ჟურნალის, “როსია ვ გლობალნოი პოლიტიკე”-ს მთავარი რედაქტორი ფიოდორ ლუკიანოვი მიიჩნევს, რომ დღევანდელი კონფლიქტის მოდელად უფრო მოსახერხებელია ავიღოთ წინა საუკუნეების კლასიკური ზესახელმწიფოების პოლიტიკა.

[ლუკიანოვის ხმა] “ვფიქრობ, ეს ჰგავს ზესახელმწიფოების პოლიტიკას, რომელიც ცივ ომამდე და ძირითადად მე-19 საუკუნეში გვქონდა. როცა ზესახელმწიფოებს ჰქონდათ ინტერესები და ამ ინტერესების კონვერგენციის კონფლიქტი განსაზღვრავდა საერთაშორისო პოლიტიკის მუშაობას.”

რა არის ამ დაპირისპირების არსი? ნაწილობრივ ის, რომ ენერგორესურსებით გამდიდრებული რუსეთი ბევრად უფრო ძლიერია და თავისი ახალშეძენილი კუნთების მოსინჯვა სწადია. ნაწილობრივ ეს არის იმაზე რეაქცია, რასაც კრემლი და მრავალი რუსი დღემდე მიიჩნევს დამცირებად, რასაც, მათი აზრით, რუსეთი განიცდიდა 90-იან წლებში, როცა დასავლეთის სესხებსა და დახმარებაზე იყო დამოკიდებული.

მაგრამ ეს დაპირისპირება მნიშვნელოვანწილად აიხსნება რომელიღაც ეტაპზე კრემლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომ არ არის საჭირო დასავლური დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ქცევის ნორმების დაცვა. კვლავ ფიოდორ ლუკიანოვს მოუსმინეთ:

[ლუკიანოვის ხმა] “რუსეთმა გადაწყვიტა, რომ არ სჭირდება დასავლეთთან ინტეგრაცია და - რაც უფრო მნიშვნელოვანია - დასავლეთს არ სურს ეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი დამოუკიდებელი პოზიციის გაძლიერება გვესაჭიროება. და ყველაფერი, რაც მას შემდეგ მოხდა, ამ ხაზის გაგრძელებაა.”

რამდენიმე წელია, ნათლად გამოიკვეთა დაღმავალი ტენდენცია. მოსკოვი განარისხა საქართველოს "ვარდების რევოლუციასა" და უკრაინის "ნარინჯის რევოლუციაში" დასავლეთის ჩარევამ. რუსეთის ელიტის მრავალი წარმომადგენელი შიშობდა, რომ მსგავსი რევოლუცია მათსავე ქვეყანაში შეიძლებოდა განმეორებულიყო. შედეგად მივიღეთ დემოკრატიული თავისუფლებების შეზღუდვა და დასავლეთთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესება.

დასავლეთთან რუსეთის ურთიერთობებზე უზარმაზარი გავლენა მოახდინა 2006 წელს ანა პოლიტკოვსკაიასა და ალექსანდრ ლიტვინენკოს საშინელმა მკვლელობებმა.

მაგრამ რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობაში მთავარი გაუარესება მაინც 2007 წელს მოხდა. თებერვალში ვლადიმირ პუტინმა მიუნხენის კონფერენციაზე ვაშინგტონს ბრალი დასდო, თითქოს ის ცდილობს, სხვა ქვეყნებს თავს მოახვიოს თავისი ნება და უნიპოლარული მსოფლიო წესრიგი დაამკვიდროს.

მარტში პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი განიხილავს ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებიდან გასვლის საკითხს. 30 ნოემბერს მოსკოვმა რეალობად აქცია ეს მუქარა.

ასევე მარტში, რუსეთი განარისხა ესტონეთის გადაწყვეტილებამ, მოეხსნა საბჭოთა ჯარისკაცის მონუმენტი ტალინის ცენტრიდან. დასავლელი დიპლომატების თქმით, ესტონეთის მთავრობის ვებგვერდებზე ჰაკერების იერიში და ესტონეთში მცხოვრები ეთნიკური რუსების გამოსვლები უშუალოდ კრემლიდან იმართებოდა.

მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა შეერთებული შტატების გადაწყვეტილებამ, ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტები განათავსოს ჩეხეთსა და პოლონეთში. პუტინი დაიმუქრა, რომ რუსეთი რაკეტებს დაუმიზნებს ამ ორ ქვეყანას, თუ ვაშინგტონის გეგმა განხორციელდება.

როგორც ზოგიერთი ექსპერტი შენიშნავს, რუსეთი მისტირის იმ ყურადღებას, რომელსაც მას უთმობდნენ ცივი ომის პერიოდში, როცა ის საერთაშორისო პოლიტიკაში ცენტრალურ როლს ასრულებდა.

XS
SM
MD
LG