Accessibility links

ლეოპარდი ნოე ვაშლოვანის ეროვნულ პარკში


2003 წელს საქართველოში მიკვლეული ჯიქი,

ანუ ლეოპარდი, კვლავ მარტოა. ასე შეიძლება ვუწოდოთ ჩვენს დღევანდელ მოთხრობას ლეოპარდებზე. მრავლობით რიცხვში იმიტომ, რომ რუსეთის ამურის ლეოპარდის პრობლემაზეც მინდა აქვე გესაუბროთ. იქ, ციმბირის ტაიგაში, სადაც 450 ამურის ვეფხვი ბინადრობს, გადაშენება ემუქრება ლეოპარდს. მათი რიცხვი ძალიან შემცირდა, ის მხოლოდ 35-ს უდრის. მაგრამ ჯერ საქართველოს ვაშლოვანის ეროვნული პარკის ბინადარზე, ჯიქ ნოეზე, გიამბობთ.

სახელი ნოე ორგანიზაციის მიხედვით შეურჩიეს, ორგანიზაციისა, რომლის კვლევისა და მეთვალყურეობის ხაფანგმა - ფოტოხაფანგმა -გადაუღო მას სურათი. ამ ორგანიზაციას მაშინ გადაშენების პირას მყოფი ცხოველების აღდგენის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი “ნოეს კიდობანი” ერქვა და ემბლემად ლეოპარდის გამოსახულება ჰქონდა. სწორედ ამის გამო ეწოდა ვაშლოვანის ჯიქს ნოე. სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორის ასისტენტი ბეჟან ლორთქიფანიძე ამბობს:

(ლორთქიფანიძის ხმა)
“2003 წლიდან, როცა ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ლეოპარდი აღმოჩნდა და ჩვენმა ფოტოხაფანგმა მამრი ინდივიდი დააფიქსირა, ჩვენ ვცდილობთ მონიტორინგი ვაწარმოოთ, აღმოვაჩინოთ ახალი ინდივიდები, თუკი არსებობენ ისინი ვაშლოვანის ეროვნულ პარკში; დღემდე გვაქვს უამრავი ფოტოსურათი, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი ინდივიდის, ისევ იმ მამრი ინდივიდის, რომელიც, ჯერჯერობით და საბედნიეროდ, იქ ბინადრობს.”

ბეჟან ლორთქიფანიძემ გვითხრა აგრეთვე, რომ ვაშლოვანის ტყეში ლეოპარდების ოჯახის არსებობაზე მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეიძლება; ასევე ძნელია თქმა, ეს ერთეული აქაურია თუ გადმოხვეწილია.

(ლორთქიფანიძის ხმა)
“თუშეთსა და ხევსურეთში რაღაც გარკვეული ნიშნები, ჩვენი წინასწარი ექსპედიციების შედეგად, არის. ანუ ჩვენ ვნახეთ ნაფხაჭნები, რომელიც ძალიან ჰგავდა ლეოპარდის ნაფხაჭნებს. დოქტორ ვიქტორ ლუკარევსკის მონაცემებით, რომელიც ჩამოვიდა და ხევსურეთში გააკეთა საველე გასვლა, არსებობს ლეოპარდის არსებობის ნიშნები ხევსურეთში. ასე რომ, ჩვენ იმედი გვაქს, რომ არ ვართ დამოკიდებული მხოლოდ ამ ერთ ინდივიდზე, რომელიც ვაშლოვანში ბინადრობს.”(სტილი დაცულია)

ჩვენ დავინტერესდით, ხომ არ დაგეგმილა ან საერთოდ შესაძლებელია თუ არა ხელოვნურად ლეოპარდის რიცხვის გაზრდა. ჩვენმა თანამოსაუბრემ გვითხრა, რომ ლეოპარდთან დაკავშირებით ასეთი რამ მას სმენია აფრიკის მაგალითზე, აფრიკისა, სადაც ცდილობენ დაობლებული ლეოპარდები უკან, ბუნებაში, დააბრუნონ.

(ლორთქიფანიძის ხმა)
“საქართველოში ეს ძალიან მტკივნეული საკითხია, იმიტომ რომ ინფორმაციის მოგროვებას, შესწავლას და სიფრთხილეს მოითხოვს. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს არის ძალიან კარგი და წარმატებული მტაცებელი. ანუ თუ ის დაესხმება თავს შინაურ პირუტყვს, ეს ძალიან დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს, თუმცა მათი განრისხება სამართლიანიც იქნება. თუმცა, როგორც მსმენია, რუსებმა ჩრდილო კავკასიაში გადაწყვიტეს, განახორციელონ ლეოპარდის რეინტროდუქციის, ანუ გაშვების, პროექტი.”(სტილი დაცულია)

რუსეთს რაც შეეხება, იქ ლეოპარდის დაცვით დაკავებულია ბრიტანულ-რუსული ორგანიზაცია,სახელწოდებით “ამური”. მისი დირექტორი შარონ მილერი სწორედ ამურის, ანუ შორეული აღმოსავლეთის, ლეოპარდის გადარჩენაზე ლაპარაკობს. მისი ნაამბობით, ლეოპარდს საარსებო გარემო შეუზღუდეს და მისი რიცხვი ძალზე შემცირდა. მილერი ამის სხვადასხვა მიზეზს ასახელებს:

(მილერის ხმა)
“ამურის ვეფხვის რიცხვი 450-ია, ხოლო ამურის ლეოპარდისა - მხოლოდ 35. მისი რიცხვის შემცირების მიზეზი არაერთია. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია ბრაკონიერობა, ლეოპარდის ბეწვისა და სხეულის ნაწილების ჩინურ მედიცინაში გამოყენების მიზნით. ჩინეთში ლეოპარდის სხეულის ნაწილებს მალამოს დასამზადებლად იყენებენ.”

მილერის ორგანიზაციამ, სხვა ცხოველთა სამყაროს დამცველთა ჯგუფებთან, ასევე ვეტერინარებთან ერთად, მიზნად დაისახა ამ დარჩენილი ინდივიდების გადარჩენა. მოეწყო ექსპედიცია არეალში, რომელიც, როგორც ჩვენი კორესპონდენტი იუწყება, დაახლოებით ბელგიის ტერიტორიის ტოლია. ექპედიციას ახლდა ვეტერინარი ჯონ ლუისი. მან და მისმა კოლეგებმა მოახერხეს დაეჭირათ სამი ლეოპარდი და მათთვის სამედიცინო გამოკვლევა ჩაეტარებინათ.

(ლუისის ხმა)
“რამდენადაც ჩვენ სამი ინდივიდი გავსინჯეთ მხოლოდ, ეს საშუალო სტატისტიკური დასკვნისთვის მცირე რიცხვია. მაგრამ აღსანიშნავია, რომ სამივეს ჰქონდა გულის შუილები, რაც შეიძლება იყოს სრულიად უვნებელი ან შედარებით სახიფათო - გააჩნია, რა იწვევს ამ შუილებს. ჩვენ კი არ ვიცით, რა იწვევს.”

აქვე გეტყვით, რომ ამ 35 ინდივიდს შორის მხოლოდ ექვსია დედალი. ლუისი არ გამორიცხავს, რომ საქმე გვაქვს ველურ გარემოში მცხოვრები ამურის ლეოპარდის გენეტიკური წყობის დასუსტებასთან.
ბეჟან ლორთქიფანიძე განგვიმარტავს:

(ლორთქიფანიძის ხმა)
“ცხოველთა პოპულაციები, რომლებიც ჩაკეტილები არიან და ერთმანეთში მრავლდებიან, მათი დაავადების რიცხვი მატულობს ხოლმე. შთამომავლების ორგანიზმი უფრო სუსტია, ვიდრე წინამორბედებისა და ამიტომ ნაკლებად არიან რეზისტენტულები გარემო პირობების მიმართ.”(სტილი დაცულია)



მსოფლიოს ზოოპარკებში ამურის ლეოპარდის 200-მდე ინდივიდია. არ გამორიცხავენ მათი გამოყენების შესაძლებლობას რუსეთში მათ მოძმეთა გასამრავლებლად და გადასარჩენად. რუსეთის მთავრობა გადაშენების პირას მყოფი ცხოველების მხარდასაჭერად ფულს ნაკლებად გაიღებს, თუმცა ავლენს პოლიტიკურ ნებას, ხელი შეუწყოს ენთუზიასტებს.
ბოლოს კიდევ ერთხელ მოუსმინეთ
საქართველოს სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორის ასისტენტ ბეჟან ლორთქიფანიძეს:

(ლორთქიფანიძის ხმა)
“ამ ერთი ინდივიდის დასაცავად, კონკრეტულად, ღონისძიებები ასე არ ტარდება. უბრალოდ, აქ არის დაცული ტერიტორია, ეროვნული პარკი ახლად შექმნილია, მიმდინარეობს მისი გაძლიერება, კონტროლის ზომები უფრო და უფრო მკაცრი და რეგულარული ხდება, რაც იმედს გვაძლევს, რომ ეს თავისთავად იმოქმედებს ლეოპარდის გადარჩენაზე. შემდეგი კვლევები თუ ჩატარდება - ფოტოხაფანგი მაქვს მხედველობაში - თუშეთსა და ხევსურეთში, შესაძლებელია ჩვენ დავაფიქსიროთ დამატებითი ინდივიდები დიდ კავკასიონზეც.”


XS
SM
MD
LG