Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ითხოვენ ამომრჩევლები პრეზიდენტობის კანდიდატებისგან


5 იანვარს საარჩევნო უბნებში მისულ მოქალაქეებს პრეზიდენტობის შვიდი კანდიდატიდან ერთის არჩევა

მოუწევთ, თუმცა ვიდრე საქმე ბიულეტენის ურნაში ჩაგდებამდე მივა, ამომრჩეველი ცდილობს იმ შეკითხვებზე მიიღოს პასუხი, რომლებიც, მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია. იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებისათვის შეკითხვების დასმის საშუალება ყველა მოქალაქეს არა აქვს, რადიო ”თავისუფლებამ“ ამ შეკითხვების შეგროვება და ეთერში გაშვება გადაწვიტა. რას ითხოვენ თბილისელი ამომრჩევლები პრეზიდენტობის კანდიდატებისგან?

საქართველოში არსებული უმუშევრობის მაღალი დონის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ ამომრჩევლების მიერ დასმული შეკითხვების დიდი ნაწილი სწორედ რომ დასაქმებას უკავშირდება. თბილისელ ჯონი ჯაფარიძეს წლების განმავლობაში თავი სტაბილური სამსახურის გარეშე გააქვს.

[ჯონი ჯაფარიძის ხმა] „დაგვასაქმეთ! აი, მაინტერესებს, 200-200 ლარს რომ შეგვპირდნენ, 5 იანვრის შემდეგ მოგვცემენ? ტყუილი ხომ არ არის? გზის ფულს გზაში ხომ არ დაგვახარჯინებენ?“

დასაქმების პრობლემა აწუხებს 55 წლის ბორის სამხარაძესაც. მისი დაკვირვებით, სიღარიბის დაძლევის დაპირებას ყველა კანდიდატი იძლევა, თუმცა, ამის მიუხედავად, უპასუხოდ რჩება ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა:

[ბორის სამხარაძის ხმა] „როგორ გადალახავენ ამ სიღარიბის ზღვარს, როგორია მათი შეხედულება? მათ მიერ განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე, ეჭვი მეპარება... მოკლედ, როგორია მათი არგუმენტები, მაინტერესებს.“

ამომრჩეველს ასევე აინტერესებს პენსიების საკითხი. 73 წლის ლამარა ნებიერიძე პრეზიდენტობის კანდიდატებს მიმართავს:

[ლამარა ნებიერიძის ხმა] „მინდა, რომ პენსონერების მდგომარეობა გამოსწორდეს. თუ შეუძლიათ ამის გაკეთება? ძალიან გვიჭირს. 40 წელი ვიმუშავე. 670 მანეთი მქონდა ხელფასი და დღეს მაქვს 65 ლარი.“

ამომრჩეველთა ამგვარი განწყობა მოულოდნელი არ ყოფილა საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის ხელმძღვანელისათვის. გოჩა ცქიტიშვილი იმ ტენდენციაზე ლაპარაკობს, რომელმაც უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩატარებულ თითქმის ყველა არჩევნებში იჩინა თავი:

[გოჩა ცქიტიშვილის ხმა] „წინასაარჩევნოდ იკვეთება მხოლოდ ერთი დაკვეთა, მხოლოდ ერთი მოთხოვნა და, შესაბამისად, მხოლოდ ერთი პოლიტიკური ორიენტირი - ეს არის სოციალური პრობლემები: დასაქმება, ეკონომიკა და ასე შემდეგ.“


გოჩა ცქიტიშვილის თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატების მნიშვნელოვანი ნაწილის საარჩევნო პროგრამა კარგად პასუხობს ელექტორატის მოთხოვნას, თუმცა, ექსპერტთა შეფასებით, ყველაზე მკაფიო გზავნილებით მიხეილ სააკაშვილის, შალვა ნათელაშვილისა და ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბები გამოირჩევიან:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ჩემი მთავარი მოწოდებაა: საქართველო სიღარიბის გარეშე. ახლა ეს შესაძლებელია. ახლა ამ მიზნის მიღწევაში ხელს ვეღარავინ შეგვიშლის.“

[შალვა ნათელაშვილის ხმა] „პრეზიდენტის 35 მლნ დოლარად ღირებულ თვითმფრინავს გავყიდით, მის სასახლეს გავყიდით, უცხოეთში საბანკო ანგარიშებზე გადარიცხულ ფულს უკან დავაბრუნებთ და, დამერწმუნეთ, ყველას ექნება საარსებო მინიმუმის შესაბამისი პენსია და ხელფასი.“

[ბადრი პატარკაციშვილის ხმა] „საწყის ეტაპზე ყოველ უმუშევარზე წლის განმავლობაში არანაკლებ 600 ლარის დახმარება გაიცემა და ამას მე საკუთარი თანხებით დავაფინანსებ.“

უმუშევართა დახმარებისა და ზოგადად სოციალური პრობლემების მოგვარების გარდა, ამომრჩეველს არც ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ავიწყდება. ნანა მელია დევნილობამდე გაგრაში ცხოვრობდა.

[ნანა მელიას ხმა] „რითი უნდა უმუშევრობის დაძლევა და რა პროგრამა გააჩნიათ დევნილებთან მიმართებაში?“

რადიო ”თავისუფლების“ მცირე გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოქალაქეების ერთი ნაწილი უპირობოდ უჭერს მხარს საკუთარ რჩეულს:

[ქალბატონის ხმა] „არანაირი შეკითხვა არ მაქვს. მხარს ვუჭერ ლევან გაჩეჩილაძეს, კითხვის გარეშე. სხვა კანდიდატი არ მაინტერესებს.”

[ქალბატონის ხმა] „მე, სააკაშვილის გარდა, სხვას არავის ვცნობ. მე მხოლოდ მას ვაძლევ მხარს, რადგან მხოლოდ ის არის საქმის გამკეთებელი.“

აქვე დავაზუსტებ და ვიტყვი, რომ საქმის კეთებაში ეს ქალბატონი საერთო კეთილდღეობის შექმნას გულისხმობდა, თუმცა პოლიტიკოსებისადმი მოქალაქეების ამგვარი დამოკიდებულება არ აკვირვებს საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის ხელმძღვანელს. გოჩა ცქიტიშვილის თქმით, კვალიფიციური კადრების სიმწირე არ იძლევა უმუშევრობის დაძლევის საშუალებას, რადგანაც უმუშევარი ყოველთვის არ ითხოვს სამსახურს:

[გოჩა ცქიტიშვილის ხმა] „პრობლემაა ის, რომ ადამიანებს უნდათ არა სამსახური, არამედ შემოსავალი.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG