Accessibility links

logo-print

რას ურჩევენ დასავლელი ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას და პოლიტიკურ ძალებს


5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საქართველოში 1500 უცხოელი დამკვირვებელი ჩამოვა..

ისინი დააკვირდებიან არჩევნების მიმდინარეობას, რომლის დემოკრატიულობამაც უნდა დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოება, რომ საქართველო რჩება დემოკრატიული კურსის ერთგულ ქვეყნად. წინასწარი განწყობა არჩევნებისადმი საკუთრივ ქვეყნის შიგნით განსხვავებულია და, შეიძლება ითქვას, პოლარიზებულიც. ხელისუფლება ირწმუნება, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყანაში კონკურენტუნარიანი და დემოკრატიული გარემოა შექმნილი, რომ ის ყველაფერს აკეთებს ღია და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად; ოპოზიციური კანდიდატები და მათი მხარდამჭერები, პირიქით, წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის ერთი კანდიდატის სასარგებლოდ გამოყენებაში სდებენ ბრალს, ისინი არ გამორიცხავენ არჩევნების გაყალბებას. მინდა გიამბოთ იმის შესახებ, თუ როგორია უცხოელი ექსპერტების შეფასებები და რეკომენდაციები საქართველოსათვის.


საუბრის დასაწყისში მოვიყვან ამონარიდს განცხადებიდან, რომელიც ევროპის საბჭოს დელეგაციამ დეკემბრის დასაწყისში, საქართველოში სადამკვირვებლო მისიის წინარე ვიზიტის დასასრულს, გააკეთა: ”ჭეშმარიტად სამართლიანი არჩევნები მოითხოვს ასპარეზობის თანასწორ არეალს ყველა საარჩევნო კანდიდატისთვის. ყოფილი პრეზიდენტის კამპანიაში სახელმწიფო რესურსის გამოყენებისა და ცენტრალური და ადგილობრივი დონეების სახელმწიფო მოხელეთა აქტიური ჩაბმის თაობაზე ბრალდებები ქმნის ადმინისტრაციული რესურსის არამართებული გამოყენების შთაბეჭდილებას, თუნდაც ეს ექცეოდეს კანონის ფარგლებში. დელეგაციას სურს შეახსენოს საქართველოს ხელისუფლებას მისი პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს საზოგადოებაში აღქმა იმისა, რომ საარჩევნო კამპანია ყველა მონაწილისათვის სამართლიანია. ” ევროპის საბჭოს დელეგაციას მათიას იორში ხელმძღვანელობდა:

[მათიას იორშის ხმა] ” როდესაც ქვეყანაში დგება პოლიტიკური კრიზისი, საუკეთესო გამოსავალია მთავრობა დაეკითხოს ხალხს, რა ჯობს, დარჩეს ძველი მთავრობა თუ მოვიდეს ახალი, რომელიც, ხალხის აზრით, ქვეყნისთვის საუკეთესო იქნება. ”

მათიას იორშმა მიუთითა, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნით საქართველოს ხელისუფლებამ კრიზისის განმუხტვის საუკეთესო გზა აირჩია,მაგრამ ჯერ კიდევ არავინ იცის, არჩევნები მოხსნის თუ, პირიქით, გააღრმავებს საქართველოში პოლიტიკურ დაპირისპირებას. 10-დან 14 დეკემბრამდე საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას ამერიკის შეერთებული შტატების ”ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის” დელეგაცია სწავლობდა. ვიზიტის დასასრულს გავრცელებულ განცხადებაში ვითარება ასეა აღწერილი: ”წინასაარჩევნო კამპანიის ატმოსფერო სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. არის ბრძოლა ურთიერთბრალდებებით, აშკარაა დიალოგის დეფიციტი, უნდობლობა. ასეთ პირობებში ისმის პროგნოზები არჩევნების მეორე დღიდან სამოქალაქო მღელვარების დაწყების თაობაზე. ზოგიერთი იქამდეც მიდის, რომ უშვებს არჩევნების შედეგის განსაზღვრას ამომრჩეველთა ხმებით კი არა, ქუჩაში გამოსვლით. დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად საზოგადოება - ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების ჩათვლით - დარწმუნებული უნდა იყოს, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგი ხალხის თავისუფალი არჩევანის ზუსტი გამოხატულება იქნება.” ამისთვის ”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” დელეგაციის ერთ-ერთი რჩევაა ხელისუფლებისადმი დაიცვას საზღვარი და არ გააიგივოს მმართველი პარტიის კანდიდატი ხელისუფლებასთან, არ დაუშვას მის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. დელეგაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია ის, რა არ შეიძლება - მაგალითად, ვაუჩერების დარიგება ისე, რომ ეს ხალხმა აღიქვას პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის საჩუქრად. ”არის სხვა ზომებიც. ჩვენ ველით, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები ჩაერთვებიან ისეთ დისკუსიაში, რომელიც მისცემს ამომრჩეველს გაცნობიერებული არჩევანის გაკეთების საშუალებას. საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის საჭიროა პოლიტიკურმა კონკურენტებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ საარჩევნო პერიოდი წარმართონ დიალოგის, კომპრომისებისა და მოთმინების რეჟიმში”,- ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების ”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” დელეგაციის განცხადებაში. შეგახსენებთ, დელეგაცია საქართველოში წინასაარჩევნო პროცესს აკვირდებოდა.
XS
SM
MD
LG