Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


მიხეილ სააკაშვილის მომხრეები მცირე მეწარმეებს პრეზიდენტობის კანდიდატის რეკლამირებას აიძულებენ, -

წერს დღევანდელი „რეზონანსი“. გაზეთი გაესაუბრა ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონეს, რომელმაც თქვა, რომ მასთან ოთხი ახალგაზრდა მივიდა, ხელში სააკაშვილის ფოტო და წებოვანი ნომრები ეჭირათ და მათი მაღაზიაში გაკვრა შესთავაზეს. „მითხრეს, რომ ეს ჩემთვისვე იქნებოდა კარგი“, - ამბობს რესპონდენტი, რომლის ვინაობას გაზეთი არ ასახელებს და განაგრძობს, - „სააკაშვილი პრეზიდენტი მაინც გახდება და მერე შეგექმნება პრობლემები საგადასახადოსთანო“. მცირე მეწარმეებზე ზეწოლის ფაქტს გაზეთთან საუბარში ბადრი პატარკაციშვილის შტაბის წარმომადგენელი შალვა ხაჭაპურიძე, ახალი მემარჯვენე მამუკა კაციტაძე და რესპუბლიკური პარტიის წევრი პაატა ზაქარეიშვილი ადასტურებენ. „დადიან და ატერორებენ მცირე მეწარმეებს, მაღაზიის მეპატრონეებს, სამარშრუტო ტაქსის ხელმძღვანელებს, რომ თავიანთ კარებზე მიაწებონ მეხუთე ნომერი ან სააკაშვილის ფოტოები“, - უთხრა „რეზონანსს“ პაატა ზაქარეიშვილმა.

იმავე თემას ეხება „რეზონანსის“ ინტერვიუ „საქართველოს მძღოლთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამაზ კაჭკაჭურთან. ის ამბობს, რომ მძღოლებზე ზეწოლის შესახებ ასოციაციის ცხელი ხაზიდან შეიტყვეს. „ჩვენ გვყავდა მძღოლები, რომლებმაც დარღვევებზე ხმა ამოიღეს, რის შემდეგაც ისინი დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს სამსახურიდან და დღემდე უმუშევრები არიან“, - აცხადებს „რეზონანსთან“ საუბარში თამაზ კაჭკაჭური.

„პატარკაციშვილი თბილისში რაისთან ერთად ჩამოდის“ - ასე ჰქვია დღევანდელი „ალიას“ მოწინავე სტატიას. „ ’ალიამ’ შეიტყო, რომ ბატონი ბადრი საქართველოში მარტო ჩამოსვლას არ გეგმავს და, შესაძლოა, ის კონდოლიზა რაისთან ერთად ჩამოფრინდეს“, - წერს გაზეთი. მათი შეფასებით, „ეს ნამდვილი შოკი იქნება მიხეილ სააკაშვილისთვის, რადგან ეს ქმედება მიხეილისთვის „ფანდარასტის“ ტოლფასია“. გარდა ამისა, „ალია“, დაუსახელებელ წყაროზე დაყრდნობით, ამტკიცებს, რომ ძალოვანი სამსახურები პატარკაციშვილის აყვანის „სერიოზულ გეგმასაც“ ამუშავებენ. „თქვენც გისმენენ, ბატონებო!“ - მიმართავს გაზეთი ძმებ ახალაიებს და შეახსენებს, რომ ცოტა ხნის წინ ისინი დიღომში მდებარე რესტორანს სტუმრობდნენ. გაზეთის ინფორმაციით, დათა, ბაჩო და როლანდ ახალაიების სუფრასთან დავით კირკიტაძეც იჯდა და ისინი ერთად ბადრი პატარკაციშვილის განეიტრალების გეგმას განიხილავდნენ. „ალია“ წერს: ”ფრაზებს შეგნებულად არ ვაკონკრეტებთ. მორალზე საფიქრალად ესეც გეყოფათ, ბიჭებო!“

„24 საათი“ კი აგრძელებს პუბლიკაციების სერიას წინასაარჩევნოდ სეპარატისტულ რეგიონებში კონფლიქტის ესკალაციის საფრთხის ზრდასთან დაკავშირებით. დღეს გაზეთი იხილავს ჩეჩნეთის სამხედრო კომისრის მოადგილის საიდმაგომედ კაკიევის მიერ ინტერნეტგამოცემა „უტრო.რუსთვის“ მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის ამტკიცებს, რომ ჩეჩნური დანაყოფები ბრძოლისთვის ემზადებიან. „ალბათ, ცოტა გადაჭარბებულიც არის ვინმე კაკიევის გამონათქვამების ციტირება,“ - წერს „24 საათი“ და განაგრძობს, - „მაგრამ ის ჩეჩნეთის სამხედრო ძალებში საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობს და მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს.“ ჟურნალისტის მტკიცებით, აფხაზეთში ჩეჩნური ბატალიონის გადასროლას ადასტურებს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სარდლის ყოფილი მოადგილე გენერალი ნეტკაჩოვი. თუმცა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. გაზეთი ასკვნის: „შესაძლოა, ესეც რუსული პრესსამსახურების გამიზნული დეზინფორმაციაა, რომელიც საქართველოს დასაშინებლად არის მიმართული. თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენების კასკადს თუ ამ ცნობასაც დავუმატებთ, ნათელი ხდება, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსული პროვოკაციის საფრთხე დღითი დღე იზრდება“, - წერს დღევანდელი „24 საათი“.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG