Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლინკოლნ მიჩელი: ''მთავარია, რა მოხდება 5 იანვრის შემდეგ.'' ამერიკელი ექსპერტი საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ


ახლახან ჟურნალ "ნეშნლ ინტერესტში" გამოქვეყნდა საერთაშორისო პოლიტიკის ამერიკელი ექსპერტის, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის ლინკოლნ მიჩელის სტატია

სათაურით: "დემოკრატიის შუქურა თუ ხაჭაპურის რესპუბლიკა?" წერილში გამოთქმულია არაერთი საყურადღებო მოსაზრება საქართველოში ბოლო ხანს განვითარებულ მოვლენებზე და ქვეყნის სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე. რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტმა დავით კაკაბაძემ ლინკოლნ მიჩელს ნიუ იორკში დაურეკა.

რადიო "თავისუფლება": თქვენი სტატია, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა ჟურნალ "ნეშნლ ინტერესტში", ასეა დასათაურებული: "დემოკრატიის შუქურა თუ ხაჭაპურის რესპუბლიკა?" როგორია თქვენივე მოკლე პასუხი ამ შეკითხვაზე?

ლინკოლნ მიჩელი: ჩემი მოკლე პასუხია: ვნახოთ. ჩემი აზრით, საქართველო გზაგასაყარზეა. ცხადია, ყველა ვისურვებდით, რომ ის ისევ იქცეს დემოკრატიის შუქურად. მაგრამ არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ დემოკრატიულ მონაპოვარს საფრთხე შეექმნას.

რადიო "თავისუფლება": ნოემბრის კრიზისის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ სახელმწიფოებრიობის გამოცდა ჩააბარა. თვითონ პრეზიდენტსაც და მისი მთავრობის სხვა წევრებსაც არაერთხელ უსაუბრიათ სახელმწიფოს მშენებლობის პრიორიტეტულ მნიშვნელობაზე, რაც გარკვეულწილად, შესაძლოა, აკნინებდეს დემოკრატიის მნიშვნელობას. თქვენი აზრით, არსებობს თუ არა ერთგვარი წინააღმდეგობა სახელმწიფოს მშენებლობის პროცესსა და დემოკრატიას შორის?

ლინკოლნ მიჩელი: სრულიადაც არა! ჩემი აზრით, ეს მეტად სახიფათო შეხედულებაა და კიდევ უარესია, თუ მასზე ყურადღება არ შევაჩერეთ. ვფიქრობ, 21-ე საუკუნეში, თუ მართლა გსურს ძლიერი სახელმწიფოს აშენება, ეს დემოკრატიის გზით უნდა გააკეთო. ასევე მწამს, რომ გაუთავებლად შეიძლება, თავი იმართლო ამ არგუმენტის მოშველიებით. ვფიქრობ, საქართველოს სახელმწიფო "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოსული მთავრობის ხელში უფრო ძლიერი იქნებოდა, მეტი ყურადღება რომ მიენიჭებინა დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის. მის მიმართ მხარდაჭერის ხარისხიც უფრო მაღალი იქნებოდა, მეტი დრო რომ დაეთმო ცალკეულ საკითხებზე დებატებისთვის, დისკუსიისთვის. ასეთ შემთხვევაში მთავრობას საზოგადოების მხრიდან მეტი მხარდაჭერა ექნებოდა. და შედეგად უკეთეს პოლიტიკასაც მივიღებდით. ჩემი აზრით, ამის უგულებელყოფა დიდი შეცდომა იყო. გავიხსენოთ სხვა მაგალითები. ერთი მაგალითი, რომელსაც ხშირად იშველიებს პრეზიდენტი სააკაშვილი, ისრაელის სახელმწიფოა. მაგრამ ისრაელის სახელმწიფო ხომ გაცილებით უფრო რთულ ვითარებაში იქმნებოდა, ვიდრე საქართველოსი. არადა, იქ დემოკრატია და სახელმწიფო პარალელურად შენდებოდა. უაღრესად დინამიკური, მეტად თამამი და ზოგჯერ საკმაოდ აბეზარი დემოკრატიის პირობებში. ასე რომ, ჩემი აზრით, წინააღმდეგობაზე საუბარი უმართებულოა.

რადიო "თავისუფლება": თქვენს სტატიაში აღნიშნავთ, რომ თუ დემოკრატიამ საქართველოში წარმატებას ვერ მიაღწია, ძალიან გაგვიჭირდება მტკიცება, რომ დემოკრატიას წარმატების შანსი აქვს რომელიმე სხვა არადემოკრატიულ ქვეყანაში. რატომ?

ლინკოლნ მიჩელი: ჩემი აზრით, მსოფლიოში დარჩენილი არადემოკრატიული ან ნახევრადდემოკრატიული ქვეყნებიდან საქართველო ბევრი თვალსაზრისით ყველაზე იმედისმომცემ შემთხვევად უნდა ჩაითვალოს. მოკლედ აგიხსნით, რატომ ვფიქრობ ასე. პირველი: ეს არის ქვეყანა, რომლის ხელმძღვანელობამ საჯაროდ განაცხადა - როგორც შინ, ისე გარეთ - რომ დემოკრატიად ქცევა სურს. მეორე: ამ ქვეყანაში ვერ ვხედავთ კონკურენტ იდეოლოგიას. თქვენში არ არის რუსეთის ან, სულაც, ჩინეთისმაგვარი სახელმწიფო კორპორატიზმი; არც ისლამური ფუნდამენტალიზმის პრობლემა გაწუხებთ და არც შარიასკენ მოწოდებებისა, როგორც ეს მსოფლიოს მუსლიმანურ ნაწილებშია. მესამე: ვფიქრობ, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო თანამდებობებზე გყავთ მრავალი მოხელე, ვისაც განათლება დასავლეთში აქვს მიღებული, ვისაც დემოკრატიის პირობებში უცხოვრია და აცხადებს, რომ მისი სწამს. დაბოლოს, ეს არის ქვეყანა, რომლის მომავალი დასავლეთთან დაახლოებაშია - თუნდაც აგრესიული ჩრდილოელი მეზობლისგან მომდინარე საფრთხიდან გამომდინარე. საქართველოს ესმის, რომ თავისი მომავალი ევროპის კავშირთან და შეერთებულ შტატებთან ახლო ურთიერთობაში უნდა ეძიოს და, შესაბამისად, ის აუცილებლად დემოკრატიული უნდა იყოს. საქართველოს არ აწუხებს ბევრი ისეთი პრობლემა, რომელიც სხვაგან აქტუალურია. დემოკრატიის დასამკვიდრებლად იქ გაცილებით უკეთესი პირობები არსებობს, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში. ამიტომ, თუ ეს იქ ვერ მოხერხდა, ისღა დაგვრჩება, გადავხედოთ დანარჩენ მსოფლიოს და ვიკითხოთ: მაშ სად?

რადიო "თავისუფლება": "ვარდების რევოლუციამ", რომელიც სწორედ დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, მიმომხილველთა უდიდესმა უმრავლესობამ დიდ წარმატებამ მიიჩნია, სულ ცოტა, ორი პარადოქსული თანმდევი ეფექტი წარმოშვა: პირველი - შესუსტდა სამოქალაქო საზოგადოება და მეორე - შემცირდა მედიის თავისუფლების ხარისხი. რით ახსნით ამას?

ლინკოლნ მიჩელი: ამას რამდენიმე ახსნა შეიძლება ჰქონდეს. ერთი, ჩემი აზრით, ის არის, რომ "ვარდების რევოლუციის" შემოქმედთაგან ბევრმა დაიკავა ადგილი მთავრობაში ან პარლამენტში. და ამისთვის მათ ვერ დაძრახავ. ვინც ასე გადაწყვიტა, ალბათ ფიქრობდა, რომ სამინისტროსა თუ პარლამენტში საქმიანობით უკეთ მოემსახურებოდა თავის ქვეყანას. მეორე: საქართველოში - არაერთი ეკონომიკური პრობლემის მიუხედავად - ახლა მეტი საშუალებაა კერძო სექტორში საქმიანობისა, ვიდრე ხუთი წლის წინათ, შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს იყო. ხუთი წლის წინ ფულის პატიოსნად შოვნის ლამის ერთადერთი გზა არასამთავრობო ორგანიზაციაში საქმიანობა იყო. დღეს ასე აღარ არის. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ დასავლეთმა და, კერძოდ, შეერთებულმა შტატებმა შეცვალა დემოკრატიის მხარდაჭერის სფეროში საქართველოსთვის შემუშავებული პოლიტიკა; ერთგვარად შეასუსტა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და დემოკრატიის მხარში ამოდგომა მთავრობის მხარში ამოდგომით გადაწყვიტა. შედეგად მივიღეთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ დაკარგა ის მცირე მხარდაჭერაც კი, რომელიც თუნდაც ხუთი წლის წინათ ჰქონდა. ამან კი, ზოგადად, საქართველოს დემოკრატია დააზარალა.

რადიო "თავისუფლება": რა უნდა გააკეთოს, ზოგადად, დასავლეთმა და, კერძოდ, შეერთებულმა შტატებმა, რათა საქართველოში დემოკრატიამ ისევ მოიკიდოს ფეხი?

ლინკოლნ მიჩელი: უპირველეს ყოვლისა, დასავლეთმა ხელი უნდა შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების გამოცოცხლებას. ამასთანავე, მას შეუძლია, იმოქმედოს მთავრობის ერთგვარ მეთვალყურედ და, როცა საჭიროა, პასუხიც მოსთხოვოს მას. კიდევ ერთი, რის გაკეთებაც შეერთებულ შტატებს შეუძლია, შემდეგი გახლავთ: უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს საქართველოს დემოკრატიის მიმართ, და მთავრობას სულ მცირე გადახვევებიც არ აპატიოს. რადგან როცა უმნიშვნელო დარღვევაზე ერთხელ და ორჯერ თვალს დაგიხუჭავენ, თანდათან გიჩნდება გრძნობა, რომ დემოკრატიული ნორმების უფრო დიდ დარღვევასაც გაპატიებენ. და საბოლოოდ მივიღებთ 7 ნოემბრის მოვლენებს. ჩემი აზრით, 5 იანვრის არჩევნების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა უწინდელზე გაცილებით მკაცრად უნდა მოჰკითხოს საქართველოს ხელისუფლებას. მოვკითხოთ არა საქართველოს - საქართველო მოკავშირეა და ასეთად დარჩება - არამედ ვუთხრათ ჩვენს მეგობრებს საქართველოს მთავრობაში, განურჩევლად იმისა, ვინ იქნება ახალი პრეზიდენტი, რომ გვინდა, რეალურად დავინახოთ დემოკრატიული განვითარება. ვუთხრათ ისიც, რომ როცა არასასურველ ტენდენციებს შევნიშნავთ, პირში წყალს აღარ ჩავიგუბებთ. ამ წაყრუებამ საქართველო ძალიან დააზარალა; ზიანი მოუტანა საქართველოს დემოკრატიასაც და საქართველოს მთავრობასაც.

რადიო "თავისუფლება": ამ თვალსაზრისით, რამდენად მნიშვნელოვნად გესახებათ 5 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები?

ლინკოლნ მიჩელი: ჩემი ფიქრით, 5 იანვრის კენჭისყრის კარგად ჩატარება აუცილებელია, მაგრამ საკმარისი არ არის საქართველოში დემოკრატიის შეუფერხებელი განვითარებისთვის. მთავარია, რა მოხდება 6, 7, 8 იანვარ, რა მოხდება მერე. თუ პრეზიდენტად ისევ მიხეილ სააკაშვილს აირჩევენ (და, ჩემი ვარაუდით, ასეც მოხდება) იგი 6 იანვარს გაიღვიძებს და ორი შესაძლებლობის წინაშე აღმოჩნდება. პირველი - წარდგეს ხალხისა და მსოფლიოს წინაშე და თქვას: ნახეთ, პრეზიდენტის მანდატზე ნებაყოფლობით ვთქვი უარი და მაინც ხელახლა ამირჩიესო. ესე იგი ჭეშმარიტი დემოკრატი ვარ, ხალხის ნდობაც მაქვს და სულ არ არის აუცილებელი, სხვის აზრებს ყური ვათხოვოო. ეს გზა მეტად სახიფათო იქნებოდა. მაგრამ არსებობს მეორე გზაც: მთავრობამაც და პრეზიდენტმაც გადაწყვიტონ, ხელი აიღონ ქედმაღალ ქცევაზე და თქვან, უწინდელი შეცდომების გამეორებას აღარ ვაპირებთო. და შემდეგ გააორმაგონ დემოკრატიული რეფორმებისკენ მიმართული ძალისხმევა. ვფიქრობ, შეერთებული შტატების ამოცანაა, მათ სწორედ ამ მიმართულებით უბიძგონ. ვიცი, რომ ეს იოლი საქმე არ იქნება. ჩვენ, უცხოელები, დიდ შეცდომას დავუშვებთ, თუ საქართველოს მთელ გულისყურს მივაპყრობთ 5 იანვარს, და მერე, არჩევნების კარგად ჩატარების შემთხვევაში, დავმშვიდდებით და გამოვაცხადებთ, საქართველოში დემოკრატია აღორძინდაო.

რადიო "თავისუფლება": სამხრეთელი მეზობლის მიმართ რუსეთის სამხედრო პროვოკაციებისა და მისთვის გამოცხადებული ეკონომიკური ომის გათვალისწინებით, გასაკვირი არ იქნება, საქართველო თავს დაუცველად გრძნობდეს. როგორ გგონიათ, რამდენად ესმის ეს პრობლემა დასავლეთს? საკმარის ყურადღებას უთმობენ თუ არა დასავლეთის ქვეყნების მთავრობები საქართველოს უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრობლემას?

ლინკოლნ მიჩელი: ვფიქრობ, დასავლეთის მთავრობებს ეს ესმით. ცხადია, საქართველოზე ვერ იმსჯელებ, თუ რუსეთის კონტექსტი არ გაითვალისწინე. მაგრამ ამავე დროს არ შეიძლება, საქართველოში დემოკრატიის თემაზე საუბრისას, ამას მუდამ თავის გასამართლებლად იყენებდე. დასავლეთის მთავრობებს ხშირად უჭირთ განსაზღვრა, როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ ვითარებაში? შეერთებულ შტატებს რაც შეეხება, საქართველო მისი მოკავშირეა - და მოკავშირეზე მეტიც: საქართველო ჩვენი მეგობარია, მაგრამ დიდი არჩევანი მაინც არა გვაქვს. რუსეთთან ომს ვერ დავიწყებთ საქართველოს გამო, ეს არავის ინტერესებს არ არგებდა; ის კი არა, სიგიჟე იქნებოდა. რუსეთი კი სულ უფრო მეტ ძალას იკრებს ბუნებრივი რესურსების გაძვირების შედეგად და იმის გამო, რომ ამ წიაღისეულის დიდი მარაგი აქვს. ამდენად, შეერთებული შტატებისთვის მეტად რთული გადასაწყვეტია, რომელია საუკეთესო გზა მოკავშირის დახმარებლად. უკვე ბევრის გაკეთება ვცადეთ. დახმარება გავუწიეთ სამხედრო სფეროს აღჭურვილობის მიწოდებით, სამხედრო პირთა გაწვრთნით და ა.შ. არ ვიცი, კიდევ რის გაკეთება შეგვიძლია. ვფიქრობ, რომ არის მეტის გაკეთების სურვილი.

რადიო "თავისუფლება": და მაინც, დასავლეთის იმ უზარმაზარი მხარდაჭერის გათვალისწინებითაც კი, რომელსაც საქართველო ბოლო წლების მანძილზე იღებდა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ახალმა დემოკრატიულმა ქვეყნებმა, მათ შორის ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა, დასავლეთისგან გაცილებით უფრო ძლიერი მხარდაჭერა მიიღეს 90-იან წლებში - თუნდაც ნატოსა და ევროკავშირში მათი გაწევრიანების საქმეში. საკმარისად მიგაჩნიათ მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო ამ სფეროში იღებს დასავლეთის ქვეყნებისგან?

ლინკოლნ მიჩელი: პრობლემები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას, არ მოიხსნება დასავლეთისგან მეტი დახმარების შედეგად. ცხადია, ქვეყნები, რომლებიც უშუალოდ ესაზღვრებიან ევროპას, მისგან მეტ დახმარებას იღებენ, ვიდრე სხვა ქვეყნები. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს - მისგან ერთ სულ მოსახლეზე დახმარების მოცულობით საქართველო, რამდენადაც ვიცი, მარტო ისრაელს ჩამოუვარდება. ამდენად, შეერთებული შტატები საქართველოსთვის მეტს თითქმის ვერაფერს გააკეთებს. მეტი ფული მისცეს? არა მგონია, ამით პრობლემები მოგვარდეს.

რადიო "თავისუფლება": მაგრამ იქნებ ნატოში გაწევრიანებამ რამდენიმე პრობლემა მაინც მოაგვაროს?

ლინკოლნ მიჩელი: ვფიქრობ, ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის კარგი იქნებოდა. მაგრამ მეტი ფინანსური დახმარება ამ ეტაპზე, შესაძლოა, გარკვეული თვალსაზრისით კარგი იყოს, მაგრამ პრობლემას მაინც ვერ მოაგვარებდა. ეკონომიკური სირთულეები, სტრატეგიული გამოწვევები, რომლებიც საქართველოსა და მისი ნებისმიერი ხელისუფლების წინაშე დგას, ძალიან სერიოზულია, ეს ეჭვგარეშეა. ვფიქრობ, საქართველო, გარკვეული თვალსაზრისით, გაცილებით უფრო რთულ სტრატეგიულ ამოცანებს უნდა გაუმკლავდეს, ვიდრე ბალტიისპირეთის რომელიმე ქვეყანა, რომელიც ახლოს არის დასავლეთთან, კაცმა რომ თქვას, დასავლეთ ევროპის ნაწილია; ან თუნდაც პოლონეთი ან ჩეხეთის რესპუბლიკა. მაგრამ არა მგონია, ამ სტრატეგიული პრობლემების მოგვარება შესაძლებელი იყოს მხოლოდ დასავლეთის მეტი მხარდაჭერის მეშვეობით.

რადიო "თავისუფლება": დავუბრუნდეთ ნოემბრის მოვლენებს: ზოგი ექსპერტი ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი ფუნდამენტური შეცდომა საზოგადოებასთან დიალოგის არარსებობაა. ხელისუფლებას საყვედურობენ, რომ მან ვერ შეძლო საზოგადოებასთან კომუნიკაციისთვის სათანადო გზების გამონახვა. იზიარებთ ამ შეფასებას?

ლინკოლნ მიჩელი: დიახ, ვიზიარებ. ვფიქრობ, ამ ხელისუფლების ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ თავი ყველაზე მართალი ჰგონია. ბევრი თვალსაზრისით ასეც არის! თუ გადავხედავთ წინადადებებს, იდეებსა და პრობლემების მოგვარების ინიციატივებს, რომლებიც ამ ხელისუფლებამ წამოაყენა ბოლო ოთხი წლის მანძილზე, ბევრი მათგანი მართლაც კარგია! მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია თვით პროცესიც. განსაკუთრებით, როცა დემოკრატიაზე ლაპარაკობ. ხალხთან მეტი კონტაქტი რომ ჰქონოდათ, მეტი პატივისცემა გამოემჟღავნებინათ მოქალექეთა მოსაზრებების მიმართ, ახლა საქართველოში სრულიად განსხვავებული პოლიტიკური კლიმატი იქნებოდა. ჩემი აზრით, ხალხს, უბრალოდ, მობეზრდა, რომ მათ ზემოდან ელაპარაკებიან. მობეზრდა, რომ პრეზიდენტი ეუბნება, ჩვენ საუკეთესო ევროპელებო ვართო - მაშინ, როცა აშკარაა მკვეთრი სხვაობა ქართველებისა და ევროპელების ცხოვრების დონეს შორის; მობზერდა იმის მოსმენა, რომ ყველაფერი არაჩვეულებრივადაა - მაშინ, როცა სინამდვილეში ასე არ არის. მთავრობას შეეძლო, დიალოგისა და სხვა ნაბიჯების მეშვეობით, გაცილებით უკეთესი გარემო შეექმნა. ეს არის ის, რის სწავლაც და რის გაკეთებაც საკუთარი გამოცდილებით შეეძლება, თუ პრეზიდენტად ისევ მიხეილ სააკაშვილი აირჩიეს. ვნახოთ, რა იქნება. არავინ იცის, რა მოხდება 5 იანვარს. არც ის ვიცით - და ეს, მე ვიტყოდი, არანაკლებ ან კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - რა მოხდება 5 იანვრის შემდეგ.
XS
SM
MD
LG