Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შესაძლო საშუალებები


საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა

და ევროკომისიის მხარდაჭერით, მოძრაობამ „მრავალეროვანი საქართველო ” და ასოციაციამ „კანონი ხალხისათვის“ მუშაობა დაასრულეს ერთობლივ პროექტზე, რომელიც სამართლიანი არჩევნებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნას ითვალისწინებს. პროექტის ერთ–ერთი მიმართულებაა არჩევნების გაყალბების შესაძლო მიზეზების, საშუალებებისა და მეთოდების თავმოყრა და პრევენცია. პირობითი ჩამონათვალი არჩევნების გაყალბების 17 ძირითად პუნქტს მოიცავს.

არჩევნების გაყალბების მიზეზებზე, მეთოდებზე, საშუალებებსა და მათი თავიდან აცილების პერსპექტიულ ღონისძიებებზე, ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში, მუშაობდნენ საარჩევნო სამართლის ექსპერტები ვახტანგ ხმალაძე, ლადო სანიკიძე და ზაქარია ქუცნაშვილი. 21 დეკემბერს მათ მიერ ჩატარებული სამუშაოს მხოლოდ ერთი, არჩევნების გაყალბების, ნაწილი იქნა წარმოდგენილი. ექსპერტებმა თავი მოუყარეს არჩევნების გაყალბების 17 მეთოდს, რომლებიც სხადასხვა დროს საქართველოში ჩატარებულ სხვადასხვა ტიპის არჩევნებზე უკვე იყო გამოყენებული. მეთოდები სამ ძირითად ქვეჯგუფად იყოფა: გაყალბება ბიულეტენების ჩაყრით და ხმების დათვლისას, გაყალბება შემაჯამებელი ოქმებით და გაყალბება ამომრჩეველთა სიის საშუალებით. შესაძლო გაყალბების ეს უკანასკნელი, ეგრეთ წოდებული სიებით მანიპულირების, ნაწილი, ექსპერტ ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, 8 პუნქტისგან შედგება. ამ ჩამონათვალში პირველია:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა]“ ამომრჩეველთა სიებში გარდაცვლილი ადამიანების დატოვება და ეს არის არჩევნებზე არმისული ამომრჩეველი. მეორე, ეს არიან უცხოეთში მყოფი ის ამომრჩევლები, რომლებიც იქ, უცხოეთში, არ არიან რეგისტრირებულნი, როგორც ამომრჩევლები. მესამე, ეს არიან ის ამომრჩევლები, რომლებიც შეიყვანებიან ეგრეთ წოდებულ სპეციალურ სიაში.“(სტილი დაცულია)

ვახტანგ ხმალაძის ჩამონათვალში სიებით მანიპულირების მეოთხე მეთოდი უკავშირდება გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილ ამომრჩეველს, რომლის გვარის გასწვრივ საარჩევნო უბნის ერთიან ან სპეციალურ სიაში არ არის სპეციალური აღნიშვნა. ექსპერტთა შეფასებით, არჩევნების შედეგების სიებით გაყალბების ამ ოთხი მეთოდის გაკონტროლება შედარებით მარტივია, რასაც ვერ ვიტყვით ისეთ დანარჩენ მეთოდებზე, როგორიცაა: სხვა საარჩევნო უბნის სიაში ამომრჩეველთა ფიქტიურად შეყვანა, ამომრჩეველთა ფიქტიურ მისამართებზე დარეგისტრირება და ფიქტიური მოქალაქე, რომელსაც, იმის გამო, რომ რამდენიმე ყალბი პირადობის მოწმობა აქვს, საშუალება ეძლევა რამდენიმე საარჩევნო უბანში მისცეს ხმა - ერთი მხრივ, საუბნო, მეორე მხრივ კი, დამატებით სიებში შეყვანის გზით.

ეს, რაც შეეხებოდა გაყალბების შესაძლო და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უკვე აპრობირებულ მეთოდებს სიების საშუალებით. გაყალბებას ბიულეტენების ჩაყრითა და ხმების დათვლისას საარჩევნო სამართლის ექსპერტი ლადო სანიკიძე შემდეგნაირად აღწერს:

[ლადო სანიკიძის ხმა] “ეს გახლავთ კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ წინასწარ უკანონოდ შევსებული ბიულეტენების ჩაწყობა სპეციალურ კონვერტებში და შემდეგ ამ კონვერტების ჩაყრა საარჩევნო ყუთში ან მაგიდაზე მათი დაყრა საარჩევნო ყუთიდან კონვერტების გადმოყრის დროს, კონვერტებიდან ბიულეტენების ამოღებისას წინასწარ უკანონოდ შევსებული ბიულეტენების შეპარება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ, ბიულეტენების დათვლისას ერთი კანდიდატის სასარგებლოდ შევსებული ბიულეტენების ჩადება მეორის ბიულეტენების დასტაში, ბიულეტენების დათვლისას ერთი კანდიდატის სასარგებლოდ შევსებული ბიულეტენების შემცირებული რაოდენობისა და საკუთარი კანდიდატის სასარგებლოდ შევსებული ბიულეტენების მეტი რაოდენობის გამოცხადება, ბიულეტენების დათვლისას მოწინააღმდეგის სასარგებლოდ შევსებულ ბიულეტენში სხვა კანდიდატის ნომრის ფარულად შემოხაზვა, რის შემდეგაც ეს ბიულეტენი ბათილად გამოცხადდება.“

ორგანიზაციების „მრავალეროვანი საქართველოსა“ და „კანონი ხალხისათვის“ შესრულებული კვლევის თანახმად, არჩევნების შედეგების გაყალბების საშუალებებში მოიაზრება გაყალბება შემაჯამებელი ოქმებითაც. კვლევას, რომლის მიზანი საზოგადოების სამოქალაქო სიფხიზლისა და პასუხისმგებლობის გაღვივებაა, საფუძვლად, ძირითადად, წინა წლებში აღმოჩენილი საარჩევნო დარღვევები დაედო. პროექტის ერთ-ერთი შემსრულებელი და მკვლევარი ზაქარია ქუცნაშვილი შენიშნავს:

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა]“ არ მინდა, რომ პესიმისტური განწყობა დავნერგოთ საზოგადოებაში, რომ არ არსებობს ამის საწინააღმდეგო საშუალებები. ჩვენ იქითა კვირას ასევე ჩვენი ჯგუფის ერთობლივ მუშაობას გამოვიტანთ საჯაროდ და ჩვენ გაგაცნობთ 17–ვე მეთოდის საწინააღმდეგო საშუალებებს, რათა ამით შევაიარაღოთ, როგორც პატიოსანი კომისიის წევრები, ასევე დამკვირვებლები, ასევე პრეზიდენტის კანდიდატობის წარმომადგენლები და, რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეები, რომ თითოეულმა მათგანმა იცოდეს ამ მეთოდის გამოყენების საწინააღმდეგო საშუალება.“(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG