Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასამართლომ 2006 წლის 2 მაისს კორტებთან მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლების სარჩელი მიიღო


2006 წლის 2 მაისს თბილისში,

ჩოგბურთის კორტებთან, ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული 22 წლის ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლების ადვოკატებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოდან საქმის წარმოებაში მიღების დამადასტურებელი წერილი მიიღეს. სასამართლოს გამწესრიგებლის შეტყობინებიდან ირკვევა, რომ საქმეს „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“ მიეკუთვნა ნომერი. რა გახდა სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანის მიზეზი და რას ედავებიან მოკლული ვაზაგაშვილის მშობლები საქართველოს ხელისუფლებას?


ზურაბ ვაზაგაშვილთან ერთად სპეცოპერაციის დროს პოლიციელების მიერ გახსნილი ცეცხლით ასევე დაიღუპა ალექსანდრე ხუბულოვი, ხოლო მძიმედ დაიჭრა ბონდო ფუთურიძე, რომელმაც მოგვიანებით დანაშაული აღიარა და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა:

[ბონდო ფუთურიძის ხმა] „შემომთავაზეს დაგვეყაჩაღებინა ვინმე... ზუსტი სახელი მე თვითონ არ ვიცი... ამისათვის შევიძინეთ რამდენიმე იარაღი...“

პროკურატურის ინფორმაციით, 2006 წლის 2 მაისს „მაკაროვის“, „ჩეზეს“ და „ვალტერის“ სისტემის ოთხი პისტოლეტით შეიარაღებული ახალგაზრდები შავი ფერის „ბე-ემ-ვე“-ს მარკის ავტომანქანით ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით მოძრაობდნენ, სპეცოპერაცია კი დაახლოებით 9 საათსა და 45 წუთზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. პროკურატურის მტკიცებით, ლიკვიდაციამდე ხუბულოვმა და ვაზაგაშვილმა სპეციალური დანიშნულების რაზმს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს. ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლები:

[იური ვაზაგაშვილის ხმა] „ერთი მარჯვნიდან მოეპარა, მეორე მარცხნიდან... უკნიდანაც დაუწყეს სროლა. ბავშვმა ხელები ასწია... სულ ჩაცხრილული ჰქონდა. რომ დაინახა, ესროდნენ, გაქცევა სცადა, მაგრამ ბოძს დაეჯახა. ამის შემდეგ კიდევ ესვრიან დაჯახებულ, ჩაცხრილულ მანქანას“.

მომხდართან დაკავშირებით საქმე ორი მიმართულებით აღიძრა. 2 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება ხუბულოვის, ვაზაგაშვილისა და ფუთურიძის მიერ ყაჩაღური თავდასხმის მომზადების ფაქტზე, ხოლო მოგვიანებით პროკურატურამ იმის გარკვევა სცადა, დაარღვია თუ არა პოლიციამ კანონი სპეცოპერაციის ჩატარების დროს, თუმცა, როგორც ადვოკატი ირმა ჭკადუა განმატავს, არც ერთი საქმე ლოგიკურ დასასრულამდე არ მისულა:

[ირმა ჭკადუას ხმა] „ყველაფერი გააკეთა პროკურატურამ იმისათვის, რომ ჩვენ სასამართლომდე არ მივსულიყავით. წინასწარ გამოძიებაში შეწყვიტა სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიციელების წინააღმდეგ; დადგენილებები გადმოგვცეს ძალიან გვიან, რითაც ჩვენ პრაქტიკულად მოგვისპეს შესაძლებლობა მიგვემართა სასამართლოსთვის, თუმცა ჩვენ მაინც გავასაჩივრეთ სასამართლოში, მაგრამ დღემდე პასუხი არ მიგვიღია. საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელებაზე სახელმწიფომ უარი უთხრა ვაზაგაშვილების ოჯახს. ამიტომ ჩვენ იძულებულები გავხდით მიგვემართა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსათვის.“

ადამიანის უფლებათა სასამართლოდან კი, როგორც ირმა ჭკადუას კოლეგა და ვაზაგაშვილების კიდევ ერთი ადვოკატი, მალხაზ ჯანგირაშვილი, ამბობს, დაზარალებულის ოჯახმა დადებითი პასუხი მიიღო:

[მალხაზ ჯანგირაშვილის ხმა] „ჩვენ მოგვივიდა დადასტურება იმისა, რომ საჩივარი მიღებულია - მას მინიჭებული აქვს ნომერი, ანუ ევროპის სასამართლოს მიერ წარმოებაშია მიღებული , და პირველი შესაძლებლობისთანავე მოხდება მისი განხილვა.“

მალხაზ ჯანგირაშვილი იმედოვნებს, რომ 2006 წლის 2 მაისს ჩოგბურთის კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები და უხვი ფაქტობრივი მასალა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს უთუოდ დაეხმარება სიმართლის დადგენაში, თუმცა, გადატვირთულობის გამო, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როდის გამოიტანს სტრასბურგის სასამართლო განაჩენს საქმეზე, რომლის სახელწოდებაა „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“.


  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG