Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


მიმდინარე კვირაში დასავლეთის პრესის განსაკუთრებული ყურადღება მიპყრობილი იყო ინდონეზიის კუნძულ ბალისკენ,

სადაც კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული გაეროს კონფერენცია მცირედი კომპრომისით დასრულდა, ჩრდილოეთ ერაყისკენ, სადაც თურქეთის არმია შეიჭრა, და ევროპის 9 ქვეყნისკენ, რომლებიც, უსაზღვრებო გადაადგილების უნიკალური შესაძლებლობის მიღებით, შენგენის ხელშეკრულებას შეუერთდნენ. ახლა მე ამ საკითხებზე დასავლეთის პრესაში გამოქვეყნებული რამდენიმე პუბლიკაციის შინაარსს გაგაცნობთ.

დავიწყოთ კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილი გაეროს კონფერენციით, რომელსაც კუნძული ბალი მასპინძლობდა და რომელიც გასულ კვირაში ევროპასა და ამერიკას შორის მიღწეული კომპრომისით დასრულდა. ევროპას სურდა 2012 წლამდე მოქმედი კიოტოს ოქმის მემკვიდრე დოკუმენტზე მუშაობა რეალურად დაწყებულიყო და პროექტში ჩაწერილიყო კონკრეტული ციფრები. საუბარია სათბურის გაზების გამოშვების შემცირების პარამეტრებზე, რაც, მეცნიერთა მტკიცებით, უბრალოდ, აუცილებელია გლობალური დათბობის კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. პარამეტრების ჩაწერა არ სურდა ამერიკას, რომელსაც ხელი არც კიოტოს ოქმისთვის აქვს მოწერილი და იმთავითვე წინააღმდეგიც იყო კვოტების მხოლოდ განვითარებული ქვეყნებისთვის დაწესებისა. კუნძულ ბალიზე ვაშინგტონის კომპრომისი მხოლოდ იმით გამოიხატა, რომ შეერთებულმა შტატებმა სხვა ქვეყნებთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმება “ბალის გზამკვლევს”, რომელიც მუშაობის დაწყებას და კონკრეტული დოკუმენტის 2009 წლისთვის შექმნას გულისხმობს.

ვენაში გამომავალი გაზეთის “შტანდარდის” შეფასებით, ბალის კონფერენციაზე მხოლოდ მეტად უსუსური კომპრომისის მიღწევა მოხერხდა, რაც კლიმატის დაცვის საქმეში უკუდარტყმას უფრო ჰგავს. პუბლიკაციის ავტორის აზრით, სწორედ ასეთი შთაბეჭდილება უნდა შექმნოდათ ევროპელ პოლიტიკოსებსა და მიმომხილველებს.

“უპირველეს ყოვლისა მათთვის, ვინც დარწმუნებულია, რომ დედამიწის კლიმატს ცოტა ხანში კოლაფსი ემუქრება, ბალის კონფერენცია ნამდვილი მარცხი იყო”, - ასეთია “შტანდარდის” დასკვნა. თუმცა იქვე ნათქვამია, რომ თუკი ის საშინელი პროგნოზები, რასაც მეცნიერები აკეთებენ, მართლაც რეალისტურია, მაშინ “მსოფლიოს ვერც ის იხსნიდა, ბალის კონფერენცია თუნდაც მაქსიმალური მიღწევებით დამთავრებულიყო.”

იმას, რომ გლობალური დათბობის გამოწვევებთან დასაპირისპირებლად პოლიტიკოსების ძალისხმევა არასაკმარისია და რომ ბრძოლის ტემპი დაბალია, მიმდინარე კვირაში არაერთი ევროპული გამოცემა აღნიშნავდა. თუმცა, მაგალითად, “ციურიხერ ცაიტუნგი” ბალის კონფერენციის შედეგს მარცხად სულაც არ აღიქვამს. გაზეთის აზრით, ჭკუის მაჩვენებელია, რომ ეგრეთ წოდებულმა გზამკვლევმა ამჯერად არ დააკონკრეტა განვითარებული ქვეყნებისთვის მკაცრად დადგენილი რედუქციის ამბიციური მიზნები. ხოლო, ამის სანაცვლოდ, გამოიხატა სურვილი, რომ წვლილი ყველამ შეიტანოს. ავტორი მიიჩნევს, რომ კიოტოს ოქმის მოქმედების მანძილზე, ამ ბოლო 10 წელიწადში, ნათელი გახდა, რომ “პრობლემას მხოლოდ მრეწველობაგანვითარებული სახელმწიფოები ვერ მოერევიან.”

ახლა სხვა მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებულ გამოხმაურებას გადავხედოთ. მიმდინარე კვირის დასაწყისში დაახლოებით 300 მსუბუქად შეიარაღებული თურქი სამხედრო ჩრდილოეთ ერაყში შევიდა. მანამადე კი, გასულ შაბათ-კვირას, საჰაერო საზღვარიც დაირღვა და თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა იმ ტერიტორიებზე მიიტანეს იერიში, სადაც ქურთი სეპარატისტები ეგულებოდათ. ვრცელდებოდა ცნობა ერთი ადამიანის, კერძოდ, ქალის დაღუპვის შესახებ. რაც შეეხება თურქი ჯარისკაცების ფეხით შესვლას ჩრდილოეთ ერაყში, ეს აქცია მსხვერპლის გარეშე დასრულდა. მას “თოვლში გასეირნებას” უწოდებს ვენაში გამომავალი “შტანდარდი”, რადგანაც ამ ფაქტს განსაკუთრებული სამხედრო მნიშვნელობა არ მინიჭებია. გაზეთი ფიქრობს, რომ თურქეთის არმიამ ამით კიდევ ერთხელ მოახდინა ძალის დემონსტრირება.

დანიურ გაზეთში “ილანდს-პოსტენში” გამოთქმულია აზრი, რომ თურქების სამხედრო თვითმფრინავების მიერ ჩრდილოეთ ერაყის დაბომბვა მეტად არახელსაყრელ დროს მოხდა - სწორედ მაშინ, როცა სიტუაცია ერაყში თითქოსდა დამშვიდების მიმართულებით წავიდა, ხოლო ჩრდილოეთი ერაყი სტაბილურობისა და მშვიდობის მაგალითი უნდა გამხდარიყო ქვეყნის დანარჩენი ნაწილისთვის.

როგორ მოახერხა თურქეთმა ერაყის საჰაერო საზღვრის დარღვევა და ტერიტორიის დაბომბვა? - კითხულობს სტამბულში გამომავალი გაზეთი “რეფერანსი”. “ერაყის საჰაერო სივრცეს მთლიანად აკონტროლებს ამერიკის შეერთებული შტატები. მისი თანხმობის გარეშე საზღვრებში შეღწევას ვერავინ შეძლებდა” - ასე უპასუხებს შეკითხვას პუბლიკაციის ავტორი და ასკვნის, რომ ამერიკის თანხმობის გარეშე ეს მით უმეტეს გაუჭირდებოდა არა ერთ ან ორ საფრენ აპარატს, არამედ დაახლოებით 50 ავია-ბომბდამშენს.

დაბოლოს, ერთი სასიხარულო ფაქტის შესახებ. შენგენის შეთანხმებას, რომელიც ევროპის სივრცეში დაუბრკოლებელ, უსაზღვრებო გადაადგილებას უზრუნველყოფს, 21 დეკემბრიდან კიდევ 9 ქვეყანა შეუერთდა. ესენია: ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, პოლონეთი, მალტა, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი. დასავლეთის პრესა შენგენის ზონის გაფართოებასთან დაკავშირებით ძირითადად დადებით პოზიციას გამოხატავს. თუმცა თავს იჩენს ოდნავ სკეპტიკური მოსაზრებებიც. მაგალითად, საფრანგეთში გამომავალ გაზეთ “ლე მონდს’ ესმის მათიც, ვისაც აღმოსავლეთიდან არალეგალური მიგრანტების ნაკადის გაზრდის ეშინია. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ამ ახალი შესაძლებლობის გამოყენებას ათასი ჯურის კრიმინალური დაჯგუფება და კონტრაბანდისტი შეეცდება. “ლე მონდი” გამოსავალს შენგენის ზონის ქვეყნების ძალოვანი სტრუქტურების ერთობლივ, გაძლიერებულ მუშაობაში ხედავს.

წარმატებას ასევე მჭიდრო თანამშრომლობაში ხედავს ბარსელონაში გამომავალი “ელ პერიოდიკო დე კატალუნია”. თუმცა გაზეთი მისხალ ეჭვსაც არ გამოხატავს შენგენის ზონის გაფართოების სარგებლობასთან დაკავშირებით და, უფრო პირიქით, გადაწყვეტილებას ის დროის შესაბამისს უწოდებს. ტერორიზმისა და ლტოლვილთა მძლავრი ნაკადების ეპოქაში, ესპანური გაზეთის აზრით, ევროკავშირის ქვეყნების საშველს სწორედ უკეთ შეკავშირება წარმოადგენს. პუბლიკაციაში გამოთქმულია კრიტიკა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მისამართით, რადგანაც ისინი ევროპის უსაზღვრებო ზონაში, შენგენის ზონაში, არ ერთიანდებიან.
XS
SM
MD
LG