Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა 726-ე გამოშვება

ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ გამოშვებას. დღეს გესაუბრებით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე არჩევნების წინ; შევეცდებით გავარკვიოთ, რამდენად ხელმისაწვდომია საქართველოში ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება; მოგითხრობთ მოლდავეთში წარმოშობილ დავაზე, რომელიც ნაძვის ხეს ეხება.
ამ და სხვა თემებს ეხება მეათე სტუდიის დღევანდელი გამოშვება, რომელსაც პრაღაში ბიძინა რამიშვილი უძღვება.


რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების წინ

ბიძინა რამიშვილი:
5 იანვრის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში 27 ქვეყნის დამკვირვებელი მიადევნებს თვალს. მათ შორის, არ იქნებიან დამკვირვებლები რუსეთიდან - საქართველომ თავი შეიკავა არჩევნებზე რუსეთიდან დამკვირვებლების მიწვევაზე. ამის მიუხედავად, რუსეთის პოლიტიკური წრეების ინტერესი საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ დიდია. ამას ის შეხვედრებიც ადასტურებს, რომლებიც საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების თემას ეხება. თემას თამარ ჩიქოვანი განაგრძობს.

თამარ ჩიქოვანი:
ხუთშაბათს მოსკოვში რუსი პოლიტოლოგები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები მსჯელობდნენ საქართველოში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისა და აგრეთვე იმის შესახებ, თუ როგორ აისახება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე არჩევნების შედეგი. წინა დღეს კი საქართველოში შექმნილ წინასაარჩევნო ვითარებაზე ვიდეოხიდის მეშვეობით საუბრობდნენ ქართველი და რუსი პოლიტიკოსები: საქართველოდან - უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტარი კოტე გაბაშვილი და ოპოზიციური დემოკრატიული ფრონტის წევრი, ივლიანე ხაინდრავა. მოსკოვიდან - პოლიტიკური კვლევის ინსტიტუტის დირექტორი სერგეი მარკოვი. აქვე გეტყვით, რომ ორი კვირის წინ ჩატარებული რუსეთის დუმის არჩევნების შემდეგ მარკოვი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატიც გახდა. შეგახსენებთ იმასაც, რომ რუსეთის დუმის არჩევნები საკმაოდ კრიტიკულად შეფასდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. დღეს სერგეი მარკოვი ეჭვს გამოთქვამს, რამდენად დემოკრატიულად გაიმართება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში:

[სერგეი მარკოვის ხმა] ”ჩვენ ვეჭვობთ, ეს არჩევნები სამართლიანად და ღიად ჩატარდეს, რადგან ასეთ მცირე პერიოდში სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება შეუძლებელია. სააკაშვილმა არჩევნების დღე საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე დანიშნა, რომ ოპოზიციას ერთიანი კანდიდატის წამოყენება ვერ მოესწრო. გარდა ამისა, ოპოზიციის ძირითად ფინანსისტს, პატარკაციშვილს, სერიოზული პრობლემები აქვს - ვერ აფინანსებს იმას, ვინც სურს.”

მისივე განმარტებით, ოფიციალურ მოსკოვს რაიმე განსაკუთრებული გრძნობები საქართველოს პრეზიდენტობის არც ერთი ოპოზიციური კანდიდატის მიმართ არა აქვს:

[სერგეი მარკოვის ხმა] ”მშვენივრად ვხედავთ, რომ ოპოზიციას მკვეთრად პროამერიკული, პრონატოული პოზიცია აქვს. ვხედავთ, რომ ოპოზიცია სააკაშვილს აკრიტიკებს არასაკმარისად რედიკალური ანტირუსული პოლიტიკის გამო. ამიტომ ოპოზიციის მხარდაჭერის აუცილებლობას ვერ ვხედავთ. ამ თვალსაზრისით, განსხვავება არ არსებობს - გვგონია, რომ ყველა ერთი და იგივეა.”

რუსეთის დუმის დეპუტატის შეთავაზებას, მოდით, დავივიწყოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები და, როგორც ინტელექტუალებმა, ვისაუბროთ, როგორ შეიძლება გამოვასწოროთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიო, პარლამენტარ კოტე გაბაშვილის ასეთი რეპლიკა მოჰყვა:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის, მაგრამ ჩემი ინტელექტი საკმარისი არ არის აფხაზეთისა და ოსეთის დასავიწყებლად - ეს წარმოუდგენელია. თუ გვინდა ურთიერთობები გამოსწორდეს, აუცილებელია მთავარი პრობლემის მოგვარებით დავიწყოთ. ეს კი აფხაზეთისა და ოსეთის პრობლემების ფაქტორის გამოყენებაა რუსეთის ისტებლიშმენტის მიერ საქართველოსთან პოლიტიკის განსაზღვრისას. ეს გამართლებული სვლა არ არის.”

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების დავიწყების შეთავაზებას არც ოპოზიციის წარმომადგენელი ივლიანე ხაინდრავა ეთანხმება. თუმცა ფიქრობს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ოდნავ მოწესრიგება შესაძლებელია. კერძოდ:

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] საქართველოს ხელისუფლებამ თავი უნდა დაანებოს ყველა შიდა პრობლემასა და საკუთარ წარუმატებლობაში რუსეთის დადანაშაულებას და შეწყვიტოს ამაზე საშინაო და საგარეო პოლიტიკის აგება. თავის მხრივ, რუსეთმა უნდა გააუქმოს ის ახირებული და დისკრიმინაციული გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოს მიმართ არის გამოყენებული, იქნება ეს ვიზებთან დაკავშირებული სირთულეები თუ ქართული ღვინის ემბარგო. თუმცა, ვშიშობ, არც არაფერი გაკეთდება, რადგან თქვენ მიიღეთ ის, რაც გსურდათ - დასუსტებული სააკაშვილი, რომელსავ ავტორიტეტი შერყეული აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. სხვათა შორის, ეს რუსეთის მედიაზეც აისახა: თუ 7 ნოემბრის შემდეგ ის - მოდით, ასე ვთქვათ - აბუჩად იგდებდა სააკაშვილს, ახლა არ მალავს, რომ წინააღმდეგი არ იქნება, თუ პრეზიდენტი კვლავ სააკაშვილი გახდება - მას შემდეგ, რაც ოქტომბრის რევოლუციის 70-ე წლისთავზე მან პუტინს არაჩვეულებრივი საჩუქარი გაუკეთა, როცა ევროპის მოედანზე ყველა ევროპული ფასეულობა გათელა - ეს ისაა, რაც თქვენ გსურთ.”

რაც შეეხება პასუხს კითხვაზე, რომელიც დღეს ძალიან აქტუალურია, როგორ დასრულდება არჩევნები და რა მოხდება 6 იანვარს, ივლიანე ხაინდრავას განცხადება ასე ჟღერს:

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] ” რა მოხდება 5 იანვარს - ვნახავთ. მეტ-ნაკლებად ობიექტური მოსაზრებით, მეორე ტური გველის. თუ რა მოხდება რეალურად, მართლაც ძნელი სათქმელია. რაც შეეხება არჩევნების შედეგების აღიარებას, არჩევნებზე მთავარი სუბიექტი ხალხია. და სწორედ ხალხი გადაწყვეტს, ჩათვალოს არჩევნები ლეგიტიმურად თუ არა. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც მე წარმოვადგენ, თავის გადაწყვეტილებას ხალხის განწყობიდან გამომდინარე მიიღებს.”

ხალხის განწყობაზე, ალბათ, სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები მეტყველებს: საზოგადოების პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევებით, არჩევნებში მონაწილეობას გამოკითხულთა 80 პროცენტზე მეტი გეგმავს.

თამარ ჩიქოვანი, რადიო თავისუფლება, თბილისი.


რამდენად ხელმისაწვდომია ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება საქართველოში?

ბიძინა რამიშვილი:
2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსები ამტკიცებენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში შეძლებენ ქვეყნის ეკონომიკის ფეხზე დაყენებასა და სიღარიბის დაძლევას. პრეზიდენტობის კანდიდატები ასევე იძლევიან დაპირებას, რომ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენის წარმომადგენლებისთვის. უფრო მეტს იმაზე, თუ როგორ აპირებენ პრეზიდენტობის კანდიდატები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული პრობლემების დაძლევას, ჯიმშერ რეხვიაშვილისგან შეიტყობთ.

ჯიმშერ რეხვიაშვილი:
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველას აქვს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით, სარგებლობის უფლება. კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში ასევე უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება. უფასო სამედიცინო დახმარებაში, უპირველეს ყოფლისა, იგულისხმება სასწრაფო სამედიცინო მომსახურება, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში, დედაქალაქის გარდა, ასევე დაინერგა რეგიონებში, სადაც მოქალაქეებს გაცილებით მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება.

[მამაკაცის ხმა] „უფასო უნდა იყოს სამედიცინო დახმარება, ფასიანი რატომ უნდა გახდეს, ისედაც არ აქვს ხალხს. 48 ლარით რა უნდა გადაიხადოს?“

თუმცა, დაბალი შემოსავლების მიუხედავად, საქართველოს კონსტიტუცია არ ავალდებულებს მთავრობას, უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეები ყველა სახის უფასო სამედიცინო მომსახურებით. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი ბესიკ ბოხაშვილი განმარტავს:

[ბესიკ ბოხაშვილის ხმა] „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებთან დაკავშირებით სახელმწიფოს იმწუთიერი ვალდებულება ეკისრება, რომ უზრუნველყოს ნებისმიერი პირი, რათა სახელმწიფომ არ შელახოს მისი სიცოცხლის უფლება, არ აწამოს და ა.შ. სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებები აბსოლუტურად სხვა სახის ვალდებულებებს აკისრებს სახელმწიფოებს. ეს არის ეგრეთ წოდებული პროგრესული ვალდებულებები, ანუ როდესაც სახელმწიფოს ექნება ამის საშუალება.“ (სტილი დაცულია)

ანუ, სხვა სიტყვებით, სახელმწიფო მაშინ უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას, როცა ეკონომიკის განვითარება და ბიუჯეტში შესული თანხები ამის საშუალებას მისცემს. ლევან მეტრეველი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმის შედეგებზე ლაპარკობს:

[ლევან მეტრეველის ხმა] „დღეს რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი უზრუნველყოფილია ჯანდაცვის სრული ბაზისური პაკეტით, რაც ადრე, შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში, დეკლარირებული იყო, მაგრამ არ სრულდებოდა. პრაქტიკულად ეს თანხები ან იფანტებოდა უყაირათობის გამო, ან კიდევ, უფრო უარესი, იკარგებოდა კორუფციულ არხებში. თუმცა აქ რაიმე ოქროს სტანდარტი არ არსებობს. როგორც კი სახელმწიფო წინ წავა, მეტი შემოსავლები ექნება, მეტი მოთხოვნაც გაჩნდება.“

ლევან მეტრეველის თქმით, სწორედ ამ გაზრდილი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ამუშავდა პედაგოგებისათვის სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამა, რომლის ძირითად პუნქტებს ამომრჩეველი სატელევიზიო რეკლამის საშუალებით ეცნობა:

[რეკლამის ტექსტი] „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით, საჯარო სკოლის ყველა პედაგოგი შეძლებს მკურნალობას სახელმწიფოს ხარჯზე; სადაზღვევო ვაუჩერით დაიფარება სტაციონარული და ამბულატორული მომსახურების ხარჯები. სადაზღვევო კომპანიას ყველა მასწავლებელი თავად აირჩევს. საჯარო სკოლების მასწავლებელთა დაზღვევის სახელმწიფო პროგრამისთვის 2008 წლის ბიუჯეტში 8,4 მლნ ლარია გათვალისწინებული.“

მოქმედი ხელისუფლების მსგავსად, ჯანმრთელობის დაზღვევაზე აკეთებს აქცენტს „ახალი მემარჯვეენეების“ ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი დავით გამყრელიძე, რომლის საარჩევნო პროგრამის მიხედვით, უახლოეს წლებში მოსახლეობის დაზღვევის მაჩვენებელი ოთხმოც პროცენტამდე უნდა გაიზარდოს. მსგავსი პროგრამა აქვს პრეზიდენტობის კიდევ ერთ კანდიდატს, შალვა ნათელაშვილს, რომლის საარჩევნო შტაბის წევრი იოსებ შატბერაშვილი სამომავლო გეგმებს ასე აყალიბებს:

[იოსებ შატბერაშვილის ხმა] „ყველა ადამიანი, ვინც გაჭირვებულია, იქნება აყვანილი აღრიცხვაზე და მას მიეცემა სოციალური დაცვის ბარათი, რომლის საშუალებით ადამიანებს ექნებათ უფასო ჯანდაცვის მიღების უფლება. ჩვენ, ამავე დროს, ვაცხადებთ, რომ არა ვართ ფასიანი მედიცინის წინააღმდეგები. პირიქით, ფასიანი მედიცინა უნდა განვითარდეს, მაგრამ ადამიანი, რომელსაც არა აქვს ფული, არ უნდა გავწიროთ სასიკვდილოდ. რაც შეეხება წამლებს, ზოგიერთ წამალზე დაწესდება ფასი.“

ორიგინალური პროგრამა აქვს გია მაისაშვილის საარჩევნო შტაბს, რომლის წევრის, მერაბ ნებიერიძის, თქმით, სპეციალურად სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის შეიქმნება უფასო მუნიციპალური საავადმყოფოები, ძირითადი დატვირთვა კი დაავადებების პრევენციაზე გადავა. მერაბ ნებიერიძის თქმით, ტრადიციული მედიცინის პარალელურად დიდი ყურადღება დაეთმობა მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების დანერგვას:

[მერაბ ნებიერიძის ხმა] „იქნება ონკოლოგიის ინსტიტუტი, ყველა სხვა საავადმყოფო დარჩება, მაგრამ ჩვენ მივცემთ მოსახლეობას იმის საშუალებას, იაფად იმკურნალოს ისეთ დაწესებულებებში, სადაც არ დაგვჭირდება ძვირად ღირებული აპარატურა და სამკურნალო მეთოდები. ამისთვის არის საჭირო ალტერნატიული მეთოდების შემოტანა. ეს არის აკუპუნქტურა, ეს არის ჰომეოპათია.“

ცალკე საუბრის თემაა ექიმთა კვალიფიკაცია და შრომის ღირსეული ანაზღაურება. პრეზიდენტობის კანდიდატები საკუთარ პროგრამებში, როგორც წესი, ლაპარაკობენ იმაზე, რომ ექიმის პროფესიას უნდა დაუბრუნდეს შესაბამისი ავტორიტეტი. მმართველი პარტია დაპირების შესრულებას ჰოსპიტალური განვითარების გენერალური გეგმით, ანუ ასი ახალი საავადმყოფოს აშენებით, აპირებს. მიხეილ სააკაშვილის ოპონენტები კი ვითარების შეცვლის, ანუ ექიმთა მდგომარეობის გაუმჯობესების, წინაპირობად სწორედ ამ გეგმაზე უარის თქმას მიიჩნევენ. თუმცა, ამ და სხვა დაპირებების სიუხვის მიუხედავად, პრეზიდენტობის კანდიდატთა პროგრამებს საბოლოო დიაგნოზს მაინც ამომრჩევლები, ანუ თავად ექიმები და მათი პაციენტები, დაუსვამენ. რომელი პოლიტიკოსის საარჩევნო პროგრამა აღმოჩნდება ყველაზე მისაღები და სიცოცხლისუნარიანი, 5 იანვარს გაირკვევა.

ჯიმშერ რეხვიაშვილი, რადიო თავისუფლება, თბილისი.


ცისანა ტატიშვილი - 70

ბიძინა რამიშვილი:
ქართველ მომღერალს, ფალიაშვილისა და რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატს, ცისანა ტატიშვილს 30 დეკემბერს იუბილე აქვს. წლის ბოლოს ქართულ ტელეარხები, რადიოსადგურები, ალბათ, ისევ მოგვასმენინებენ არიებს, რომანსებს ცისანა ტატიშვილის შესრულებით - დრამატული სოპრანოს უნივერსალურ, როგორც მუსიკისმცოდნეები წერენ ”სინთეტიკურ ხმას”. მითუმეტეს, რომ დღეს ამის საშუალება არსებობს - საიუბილეოდ სტუდია ”სანომ” კინორეჟისორ შოთა კალანდაძის პროექტი განახორციელა - გამოვიდა ცისანა ტატიშვილის ორდისკიანი ალბომი, მომღერლის უნიკალური ჩანაწერებით. გიორგი გვახარიას სიუჟეტი, რომელიც ცისანა ტატიშვილს იუბილეს მიუძღვნა, ამ ალბომის თავისებური პრეზენტაციაცაა.

გიორგი გვახარია:
შოთა კალანდაძე ”იწერდა და იღებდა ჩემს გამოსვლებს, მან გადაარჩინა ჩემი ჩანაწერები და ვერდის რეკვიემი. ეს ყველა ჩანაწერი არის ამ კომპაქტდისკზე. მადლობას ვუხდი შოთას ჩემი ნაწარმოებების გადარჩენისათვის.”

ასე მიმართავს ცისანა ტატიშვილი მსმენელს ორდისკიან ალბომში, რომლის გამოსვლა დიდი მომღერლის იუბილეს დაემთხვა... და რადიო ”თავისუფლებასაც” მოგვეცა საშუალება გაგვეხსენებინა ჩვენი საოპერო სკოლის ამ თვალსაჩინო წარმომადგენლის ხელოვნება. დიახ, ქართული ხმის ჩამწერი სტუდიები საოპერო ხელოვნებას მაინცდამაინც არ სწყალობენ... თანაც, ძალიანაც რომ მოინდომონ, ქართული ოპერის პროპაგანდისტები მაინც ვერ გახდებიან, ერთი უბრალო მიზეზით: საოპერო ჩანაწერები ან დაკარგულია, ან იმდენად ცუდი ხარისხისაა, რომ მათი აღდგენის არც სურვილი აქვს ვინმეს და, შესაძლოა, არც საშუალება. მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობენ ენთუზიასტები, საოპერო ხელოვნების ფანატიკოსები, რომლებიც წლების მანძილზე იწერენ და აგროვებენ საყვარელი მომღერლების ჩანაწერებს - ერთ მათგანი კინორეჟისორი და მხატვარი შოთა კალანდაძეა... გამოვიდა ცისანა ტატიშვილის უნიკალური ჩანაწერები, რომლითაც როგორც დიდი მომღერლის შემოქმედებით ბიოგრაფიას, ასევე ქართული საოპერო ხელოვნების უახლეს ისტორიას შეგვიძლია გავეცნოთ... ან გავიხსენოთ, რომ ოდესღაც ჩვენს სცენაზე რიხარდ ვაგნერის ”მფრინავი ჰოლანდიელი”, რიხარდ შტრაუსის ”სალომე” იდგმებოდა. ამ სპექტაკლებში ცისანა ტატიშვილი გერმანულად მღეროდა.. გერმანულად მღეროდა იგი ვაგნერის სამშობლოშიც - სწორედ იქაა ჩაწერილი სენტას არია ”მფრინავი ჰოლანდიელიდან”.

[მუსიკა. ”მფრინავი ჰოლანდიელი”]

მსოფლიო საოპერო ხელოვნებაში არცთუ ისე ხშირია, მომღერალს ვაგნერის სამყაროს სიდიადის წარმოჩენა შეეძლოს. საქართველოში, მით უმეტეს, ვაგნერის შესრულება ყოველთვის პრობლემა იყო. ჩვენში, მოგეხსენებათ, ყოველთვის უფრო მეტად იტალიური ოპერა ფასობდა. ცისანა ტატიშვილი ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია. ჯერ ერთი, მომღერალს მართლაც საოცარი სმენა აქვს და ადვილად ეუფლება უცხო ენებს - ვაგნერთან კი ტექსტი, მოგეხსენებათ, თითქმის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მუსიკა. მეორეც, მუსიკისმცოდნეების თქმით, ცისანა ტატიშვილს უაღრესად ელასტიკური, პლასტიკური ხმა აქვს, რაც მას საშუალებას აძლევს სრულიად განსხვავებული ხასიათის პარტიებს შეეჭიდოს - ჰეროიკულ-მონუმენტურსაც და ლირიკულსაც. ამიტომაცაა, ალბათ, საოცრად მრავალფეროვანი მისი ეს ორდისკიანი ალბომი - იტალიური ოპერებიდან დაწყებული, ქართულ რომანსებამდე.

ახალ დისკში ჩართულია კომპოზიცია, რომელმაც მუსიკოსთა წრეებში შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიოს - ვერდის რეკვიემის რემიქსი, რომლის ავტორმა, გიორგი ჟორჟოლიანმა, ელექტრონული მუსიკისა და ცისანა ტატიშვილის ხმა გააერთიანა, ალბათ, მომღერლის ნებართვით... შეიძლება ვიკამათოთ ამ კომპოზიციაზე, რომლითაც პირველი დისკი სრულდება, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ იუბილარი მომღერალი სიახლეზე არც დღეს ამბობს უარს და ახალგაზრდებთან მუშაობა ძალიან მოსწონს.

[რემიქსი]

თბილისის კონსერვატორია ცისანა ტატიშვილმა 1963 წელს დაამთავრა და იმავე წელს გახდა ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. თავდაპირველად იტალიურმა რომანტიკულმა ოპერამ გაიტაცა. იმ სპექტაკლებში გამოიხატა მისი ხმის უმდიდრესი სპექტრი და მღერადი სამყაროს მრავალი წახნაგი. იტალიური ოპერების ნაწყვეტები არის ამ ალბომშიც. თუმცა რატომღაც მგონია, რომ ცისანა ტატიშვილის ხმის სილამაზე მის საკონცერტო ჩანაწერებში უფრო ჩანს. აი, მაგალითად, ფრაგმენტი ამ ალბომის ნამდვილი მარგალიტიდან: მოცარტი, ”ფიგაროს ქორწინება”, 1995 წლის ჩანაწერი.

[მოცარტი]

”შენ დაიდგი გვირგვინი დედოფლის და ჩაიწერება შენი ოქროს ასოებით ხელში” - სწერდა ჯანსუღ კახიძე ცისანა ტატიშვილს ”სალომეს” პრემიერის შემდეგ. სხვათა შორის, სწორედ ”სალომესთვის” მიიღო ცისანა ტატიშვილმა რუსთაველის პრემია 1987 წელს. დიდი მომღერალი მაშინაც იუბილეს ზეიმობდა. ბევრი რამ შეიცვალა მას შემდეგ, მაგრამ ცისანა ტატიშვილს ხმაში ბზარი არ დასტყობია: დრო ხომ ზოგჯერ უფრო მეტ სიღრმეს - თუ გნებავთ, ისტორიას - ანიჭებს დიდი მომღერლების ხმას.

[ნორმას არია.1995]


საახალწლო ნაძვის ხე მოლდავეთში დავის საგანი ხდება

ბიძინა რამიშვილი:
მაშინ, როცა დასავლეთის ქვეყნები 25 დეკემბრის, შობის დღესასწაულის აღსანიშნავად მთელი მონდომებით ემზადებიან, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მდებარე ერთ ქალაქში შობის მთავარი სიმბოლო – ნაძვის ხე - მწარე დაპირისპირების საგანი ხდება. მოლდავეთის კომუნისტი პრეზიდენტი და დედაქალაქ კიშინიოვის ლიბერალი მერი ერთმანეთს ამჯერად სწორედ ნაძვის ხის გამო დაუპირისპირდნენ. როდის უნდა აღიმართოს ნაძვის ხე – 25 დეკემბრამდე თუ 25 დეკემბრის შემდეგ – ეს პრობლემა მოლდავეთის დედაქალაქში დეკემბრის დასაწყისში გაჩნდა. ლელა კუნჭულია მოგითხრობთ.

კიშინიოვის მთავარ მოედანზე ნაძვის ხის აღმართვის თარიღთან დაკავშირებული მწვავე კამათი პოლიტიკური ამბიციებით არის გაჯერებული და საკმაოდ წარმატებით აფუჭებს მოლდაველების წინასაახალწლო განწყობილებას. კამათი დეკემბრის დასაწყისში დაიწყო, მას შემდეგ, რაც მოლდავეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ ვორონინმა თავისი გადაწყვეტილება გაახმოვანა – საშობაო ნაძვის ხე კიშინიოვის მთავარ მოედანზე შობის დასავლური თარიღის, 25 დეკემბრის, შემდეგ დაიდგმება.. ვორონინის გეგმა არ მოეწონა კიშინიოვის მერს, რეფორმატორ დორინ კირტაკას. მერიის პოზიციას ვიცე-მერი ლუჩია კულევი აყალიბებს:

(კულევის ხმა) "როცა გავიგეთ, რომ მათ საშობაო ნაძვის ხის აღმართვა დეკემრის ბოლოსთვის სურდათ, მაშინვე ვიფიქრეთ, რომ საშობაო სიმბოლო – ნაძვის ხე - შობის შემდეგ არ უნდა აღიმართოს. ამიტომ მერიამ გასცა განკარგულება, რომ ნაძვის ხე დადგმულიყო და მორთულიყო 24 დეკემბრამდე... რათა 24-სა და 25-ში ნამდვილი საზეიმო განწყობა შექმნილიყო."

მერიის მცდელობა, არც მეტი და არც ნაკლები, ნაძვის ხის დაპატიმრებით დამთავრდა. პოლიციამ ალყაში მოაქცია კიშინიოვის მთავარი მოედანი.

რუსეთის მსგავსად, მოლდავეთში შობის დღესასწაული ოფიციალურად 7 იანვარს აღინიშნება. თუმცა მოლდაველების დიდ ნაწილს შობის დღესასწაულის აღნიშვნა მაინც 25 დეკემბერს ურჩევნია. ამიტომ ნაძვის ხის დაპატიმრებამ კიშინიოველების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია:

(ქალი ) "ევროპულმა ქვეყნებმა ნაძვის ხე ჯერ კიდევ 1 დეკემბერს დადგეს... მოსკოვშიც ასე მოიქცნენ... მათ ლამაზი, მორთული ნაძვის ხეები აქვთ. და ჩვენ რატომ არ გვაქვს ამის უფლება?"

(მამაკაცი) "ვისურვებდი, რომ ნაძვის ხე ადრე დაგვედგა. ეს საერთო სახალხო დღესასწაულია და სასურველია, რომ განწყობაც საზეიმო იყოს. 28 დეკემბერი ნაძვის ხის დასადგმელად ძალიან დაგვიანებულია. ადამიანები სხვადასხვანაირად ატარებენ დროს, ზოგი მიდის რესტორანში, რაც საკმაოდ ძვირია... ნაძვის ხე კი ყველასათვის ქმნის საზეიმო განწყობას და ხალხი, ძირითადად, ნაძვის ხესთან მოდის."

თითქმის ყველა მოლდაველი მართლმადიდებელია. ერთი ნაწილი რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას აღიარებს, მეორე ნაწილი კი რუმინული მართლმადიდებლური ეკლესიის მიმდევარია და მათთვის შობის დღესასწაული 25 დეკემბერს აღინიშნება. მოლდავეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას – კიშინიოვში ნაძვის ხე დეემბრის მიწურულს დადგას – მეთვალყურეები მხოლოდ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენით არ ხსნიან. პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანაში იციან, რომ კომუნისტებს ზამთრის მთავარ დღესასწაულად ახალი წელი მიაჩნდათ, შობა კი, როგორც ასეთი, საბჭოთა ქვეყნებში არასოდეს აღინიშნებოდა.

მოლდაველები სვამენ შეკითხვას – თუკი ქვეყანა შობის დღესასწაულად ოფიციალურად 7 იანვარს აღიარებს, მაშინ რომელი ლოგიკით აღნიშნავს ახალ წელს 31 დეკემბერს? ნაძვის ხის გარშემო ატეხილ ტრაგიკომიკურ აურზაურში შემაშფოთებელ პოლიტიკას ხედავს მოლდაველი პოლიტოლოგი იგორ ბოტზანი:

(ბოტზანი) "რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს... საქმე ის არის, რომ ამ ქვეყანაში ვერანაირი მნიშვნელოვანი მოვლენა ვერ ჩაივლის პრეზიდენტის დასტურის გარეშე - მათ შორის, ვერც დღესასწაულები... ამ კონფლიქტის განხილვა საჭიროა ცენტრალურ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული მთელი რიგი კომფლიქტების კონტექსტში."

მართალია, ვორონინის მთავრობას ნაძვის ხის აღება ოფიციალურად არ უღიარებია, მაგრამ მეთვალყურეები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება აშკარად ჯიბრში ჩაუდგა კიშინიოვის მერს, 29 წლის კირტაკას, რომელიც აქტიურ ოპოზიციას წარმოადგენს. ლოგიკა დამაჯერებლად ჟღერს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ვორონინის ხელისუფლებას ნაძვის ხის 25 დეკემბრამდე დადგმისთვის აქამდე არასოდეს გაუწევია წინააღმდეგობა.

პოლიტოლოგი იგორ ბოტზანი ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ, რომელსაც ბოლო 2 წლის მანძილზე რეიტინგი დაახლოებით 20 პროცენტით შეუმცირდა, ოპოზიციას სერიოზული ბრძოლა გამოუცხადა.

მეთვალყურეთა ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ ნაძვის ხის ისტორიით ვორონინმა პროტესტი რუმინეთის მისამართითაც გამოხატა. მოლდავეთის პრეზიდენტი აპროტესტებს რუმინეთის მიერ იმ პროცედურის გამარტივებას, რომლის მიხედვითაც მოლდაველებს რუმინეთის მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ. ვორონინი ბუქარესტს მოლდავეთის სახელმწიფო უსაფრთხოების ხელყოფაში სდებს ბრალს. ურთიერთობის დაძაბვამ სხვადასხვა ფორმით იჩინა თავი. მაგალითად, 14 ოქტომბერს მოლდაველმა მესაზღვრეებმა პრობლემები შეუქმნეს რუმინეთის ქალაქების მერებს, რომლებიც, დორინ კირტაკას მიწვევით, კიშინიოვის დღეებზე აპირებდნენ ჩასვლას.
XS
SM
MD
LG