Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

21 დეკემბრიდან შენგენის ხელშეკრულებას კიდევ ცხრა ქვეყანა შეუერთდა. რეპორტაჟი სამი ქვეყნის საზღვრიდან


21 დეკემბერს ევროპის კავშირის წევრი ცხრა სახელმწიფო შეუერთდა “შენგენის ხელშეკრულებას”.

იმის გამო, რომ რადიო “თავისუფლების” შტაბბინა ჩეხეთშია და ამ ქვეყანას არაერთი საზღვარი აქვს ევროკავშირის - და ახლა უკვე “შენგენის” - წევრ სახელმწიფოებთან, ძველებთან და ახლებთან, გადავწყვიტეთ ერთ-ერთ ასეთ ადგილას ჩავსულიყავით. ამოვირჩიეთ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, კერძოდ, სამკუთხედი, სადაც ჩეხეთი ორ სახელმწიფოს ესაზღვრება, გერმანიასა და პოლონეთს. სამკუთხედი ჩეხეთის ჩრდილოეთშია, დაახლოებით 130 კილომეტრში. ბოლო დასახლებული პუნქტი იქ ცნობილია სახელწოდებით ჰრადეკ ნად ნისოუ. ნისა მდინარე ნაისეა, რომელზეც გერმანიისა და პოლონეთის საზღვრის სამხრეთი მონაკვეთი გადის. ეს სასაზღვრო პუნქტი არ არის დიდი ხნის. ის გაიხსნა, როცა გერმანია გაერთიანდა და ჩეხოსლოვაკია კომუნისტური რეჟიმისგან განთავისუფლდა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა და ჩეხოსლოვაკია მოძმე სახელმწიფოები იყვნენ, მათ შორის ბევრი სასაზღვრო გადასასვლელი არ იყო. იქ, სადაც ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა აღინიშნა, ადრე ტყე იყო. დახლოებით 12 წლის წინ გაიხსნა ეს სასაზღვრო პუნქტი, ახლა რომ უქმდება. იქაურობას დილიდან ეწვივნენ - დაახლოებით ათ საათზე მოვიდნენ ევროპის კავშირის ახლანდელი ხელმძღვანელი სახელმწიფოს, პორტუგალიის, ლიდერები, გერმანიის კანცლერი მერკელი, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, იმჟამად მასპინძელი, ტოპოლანეკი და პოლონეთის პრემიერი, ტუსკი.სახელმწიფოთა მეთაურებმა არაერთ სასაზღვრო პუნქტზე ხერხით სიმბოლურად გადაჭრეს სასაზღვრო შლაგბაუმი. აქვე გეტყვით, რომ მე ამ გადახერხილი შლაგბაუმის ერთი ნაწილი მოვიპოვე და ის ახლა პრაღაში, რადიო ”თავისუფლების” ქართულ რედაქციაში, ინახება. სანამ ჰრადეკ ნად ნისოუში ჩამოვიდოდნენ, ანგელა მერკელმა სტუმრები ციტაუში მიიღო, ბოლო, საზღვრისპირა ქალაქში, სადაც შემდეგი განაცხადა:

[მერკელის ხმა] "ეს არის თავისუფლება - მოგზაურობის თავისუფლება, შეხვედრის, ურთიერთგაცვლის თავისუფლება. ჩვენ შორის შედარებით უფრო ასაკოვან ხალხს კარგად მოეხსენება, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის. მაგრამ ჩვენთვის - შედარებით ასაკოვანთათვის - ასევე ძალიან სასიხარულოა, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც მოწიფულობაში ახლა შედიან, ამას სრულიად ნორმალურ ევროპულ მოვლენად აღიქვამენ. ეს არის ის, რაზეც ოცნებობდნენ მათი მშობლები, ბებიები და ბაბუები და რისთვისაც მათ ბევრი ტანჯვა გამოსცადეს."

აქვე მინდა მოგასმენინოთ ამავე ციტაუში პოლონეთის პრემიერის, ტუსკის, გამოსვლა. ის საინტერესოა იმ მხრივ, რომ ტუსკი პირადულ, ადამიანურ მომენტს ეხება:

[ტუსკის ხმა] "ჩემი თაობა იმ ადამიანთა თაობაა, რომლებიც დაბადებიდანვე მიაჩვიეს საზღვრებს, აკრძალვებს, ბრძანებებს. ჩვენ დავიბადეთ ორად გაყოფილ სამყაროში, ევროპაში, რომელსაც კვეთდა საზღვარი, მრავალი წლის მანძილზე გადაულახავად რომ გვესახებოდა. ჩვენს თაობას დიდი დრო დასჭირდა ყველაზე მძიმე საზღვრის, შიშის საზღვრის, გადასალახად. და როცა ეს საზღვარი გადაილახა, ყველაფერი გაიოლდა. ყველაფერი შესაძლებელი გახდა. დღეს მე ჭეშმარიტად ბედნიერი კაცი ვარ."

მინდა გითხრათ, რომ პოლონეთის მხარეს, სადაც ჩვენ ვიდექით, - ეს იყო უშუალოდ ჩეხეთ-პოლონეთის საზღვარი, -იმართებოდა ევროკავშირის მოწინააღმდეგეთა მცირე დემონსტრაცია, რომელსაც დიდ ყურადღებას არავინ აქცევდა. სასაზღვრო პუნქტზე ჩეხ პოლიციელს გავესაუბრე, დავინტერესდი, ნეტა, რა ბედი ეწევათ აქ მომუშავე პოლიციელებს-მეთქი. მან ამიხსნა: ამ პუნქტზე 30 კაცი მუშაობდა, მაგრამ მათ უმუშევრობა არ ემუქრებათ - სხვადასხვა განყოფილებებში განაწილდებიანო. მიუხედავად იმისა, რომ სასაზღვრო კონტროლი არ იქნება, იარსებებს საზღვრისპირა ზონა, სადაც მათ ექნებათ საშუალება და უფლება, საეჭვო პირების შემჩნევის შემთხვევაში, იმოქმედონო.
და კიდევ ერთი: ეს გეოგრაფიული სამი ქვეყნის “სამკუთხედი” -ერთ მხარეს გერმანიაა, მეორე მხარეს პოლონეთი და აქეთ ჩეხეთი - უშუალოდ იმ ადგილასაა, სადაც ერთი მხრიდან ნაისე ჩამოდის და იქვე ჩეხეთიდან მომდინარე პატარა რუ უერთდება. როგორც გაირკვა, ადგილობრივი მოქალაქეები ჩემი იქ ყოფნისას, ასე ვთქვათ, ალტერნატიულ შეხვედრას ამზადებდნენ.

(გოგონების ხმა)

როგორც ამ გოგონებმა ამიხსნეს, ელოდნენ გერმანელ და პოლონელ კოლეგებსაც. მათ გამზადებული ჰქონდათ ყავა, სოსისები, როგორც შუა ევროპას შეეფერება.

(ქალის ხმა)

ამ ქალბატონმა კი, რომელიც, ჩანს, შეხვედრის ორგანიზატორი იყო, ამიხსნა: იქ, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირები იკრიბებიან, ყველა ვერ მივა, ყველა ვერ იზეიმებსო. ამიტომაც გადავწყვიტეთ, აი, აქ, უშუალოდ “სამკუთხედის”, გეოგრაფიული სამკუთხედის, არეალში, აღგვენიშნა ჩვენი ქვეყნების “შენგენის ხელშეკრულებაში” გაერთიანებაო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG