Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


მიმდინარე კვირის ქართული პრესა დიდ ყურადღებას უთმობდა წინსასაარჩევნო პროცესში არსებულ დარღვევებს და არჩევნების შესაძლო გაყალბებას.

ორშაბათის ”მთელმა კვირამ” გამოაქვეყნა ინტერვიუ პრეზიდენტობის კანდიდატ შალვა ნათელაშვილთან, რომელიც ამბობს: ”თუ გაყალბება მოხდა, მიხეილ სააკაშვილს პირობას ვაძლევ, იხილავს ასეულათასობით ადამიანს ამ პროსპექტზე. თუ გაყალბება არ მოხდა, ის აუცილებლად წააგებს არჩევნებს.” ხუთშაბათის ”რეზონანსი” კი წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები მცირე მეწარმეებს პრეზიდენტობის კანდიდატის რეკლამირებას აიძულებენ. „დადიან და ატერორებენ მცირე მეწარმეებს, მაღაზიის მეპატრონეებს, სამარშრუტო ტაქსის ხელმძღვანელებს, რომ თავიანთ კარებზე მიაწებონ მეხუთე ნომერი ან სააკაშვილის ფოტოები“, - უთხრა „რეზონანსს“ პაატა ზაქარეიშვილმა. გაზეთმა თემა შაბათსაც გააგრძელა და მოწინავე სტატია მიუძღვნა არჩევნების გაყალბების ჩვიდმეტ შესაძლო ხერხს. სტატიაში წერია, რომ გასაყალბებლად ყველაზე ხშირად ამომრჩეველთა სიაში არსებულ ხარვეზებს იყენებენ ხოლმე. ”წლები განმავლობაში გაყალბების მეთოდები ისე დაიხვეწა, რომ თვით ყველაზე კვალიფიციურ ადამიანსაც გაუჭირდება მისგან თავის დაცვა” - გვაფრთხილებს ”რეზონანსი”.

მთელი კვირის განმავლობაში ქართული გაზეთები ყველაზე მეტს წერდნენ პრეზიდენტობის კანდიდატის, ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო პროგრამასა და საქართველოში ჩამოსვლა-არჩამოსვლის საკითხზე. მისი წინასაარჩევნო პროგრამა ”24 საათმა” ასე შეაფასა- ”პრეზიდენტობის კანდიდატი არკადი (ბადრი) პატარკაციშვილი საქართველოში ჯერ არ ჩამოსულა, მაგრამ პირადი სახსრებიდან მილიარდ-ნახევარი ლარის გამოყოფასა და ქვეყნის გაბრწყინებას დაგვპირდა”, - წერს ავტორი და დასძენს: ”პირველი წინასაარჩევნო მოლოდინი ბადრი პატარკაციშვილმა იმ რამდენიმე ასეულ მოქალაქეს გაუცრუა, რომლებიც 300 დოლარის მოლოდინში გუშინ მის ცენტრალურ საარჩევნო შტაბთან შეიკრიბნენ”.

”ალია” წერდა ბადრი პატარკაციშვილი საქართველოში მარტო ჩამოსვლას არ გეგმავს და, შესაძლოა, ის კონდოლიზა რაისთან ერთად ჩამოფრინდესო. ”რეზონანსმა კი გამოაქვეყნა ინტერვიუ ინტერვიუ პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის წევრ შალვა ხაჭაპურიძესთან, რომელიც ამბობს: ”ვითხოვთ ელემენტარულს, რომ ამ კაცის უსაფრთხოება იყოს დაცული. რომ ჩამოვიდეს, შეიძლება დააკავონ, ან შეიძლება ტერაქტი მოუწყონ. ამიტომ ვითხოვთ კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებებს”. ”ალიამ” თემა შაბათს გააგრძელა. გაზეთი პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის დაცვის ერთ-ერთი წევრის ინფორმაციზე დაყრდნობით წერდა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილს ნინო ბურჯანაძისთვის მოუთხოვია ინტერპოლის მიერ ძებნილი ბადრი პატარკაციშვილი ჩამოსვლისთანავე დაიჭირეთ და კრემლს გადაეცითო. ციტატა სტატიიდან: ”პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს კატეგპრიული უარი უთქვამს - არსებულ სიტუაციაში ამის გაკეთება არ შეიძლება, სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება და რა მოხდება არავინ იცისო. მათ შორის ძალიან უსიამოვნო საუბარი შმდგარა და სააკაშვილისგან გამოსულ ქალბატონ ნინოს უთქვამს, ეს ბიჭი ჭკუაზე არ არისო”. ციტატის დასასრული. ”ალიამ” ეს ინფორმაცია ბურჯანაძის გუნდის წევრ ირინა ქურდაძესთან და გენერალური პროკურორის მოადგილე ნიკა გვარამიასთან გადაამოწმა. ორივემ კატეგორიულად უარყო ეს ინფომაცია.

წინასაარჩევნო პერიპეტიების გარდა, ქართულმა გაზეთებმა ყურადღება მიაქციესაფხაზეთში ჩეჩნური სპეცრაზმის გადასროლასაც. ”ახალმა თაობამ” კომანტარისთვის ჩეჩნური დიასპორის ხელმძღვანელს ხიზრი ალდამოვს მიმართა. ”არაა გამორიცხული, საქართველოში ისევ ანტიჩეჩნური კამპანია დაიწყოს. რუსეთი სპეციალურად უკეთებს აფიშირებას, რომ ჩეჩენი მებრძოლები აფხაზეთში იმყოფებიან.” - თქვა ალდამოვმა და დასძინა - ”აფხაზეთში სხვა ეროვნების მებრძოლებიც არიან. თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მაინც ჩეჩნებზე კეთდება. ეს არის შეგნებული პროვოკაცია, რომელიც როგორც ჩეჩნების, ასევე ქართველების წინააღმდეგ არის მიმართული”, - განაცხადა ხიზრი ალდამოვმა ”ახალ თაობასთან” ინტერვიუში.

ამავე თემას გამოეხმაურა ”24 საათი”. ჟურნალისტი არ გამორიცხავს, რომ ეს ინფორმაცია არაზუსტი იყოს: ”შესაძლოა, ესეც რუსული პრესსამსახურების გამიზნული დეზინფორმაციაა, რომელიც საქართველოს დასაშინებლად არის მიმართული. თუმცა მოვლენების კასკადს თუ ამ ცნობასაც დავუმატებთ, ნათელი ხდება, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსული პროვოკაციის საფრთხე დღითი დღე იზრდება“, - ეწერა ხუთშაბათის „24 საათში“.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG