Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რით ემუქრება საქართველოს რუსეთის გამოსვლა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებიდან


13 დეკემბერს ძალაში შევიდა რუსეთის მორატორიუმი


ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებაზე, რამაც თავდაყირა დააყენა ისედაც მყიფე სამხედრო ბალანსი, რომელიც ევროპაში 1990 წლიდან იქმნებოდა. დოკუმენტი მოიცავს ყველა იმ წინააღმდეგობას, რაც სწრაფად ცვალებად ევროპის კონტინენტზე წარმოიშვა 90-იან წლებში. შესაბამისად, ამ ხელშეკრულების ისტორიის გახსენება და სამხედრო-პოლიტიკური აუდიტი შესაძლებლობას იძლევა, მაქსიმალურად ზუსტად იქნეს განჭვრეტილი ის რისკები და მუქარები, რასაც რუსეთის ხელშეკრულებიდან გამოსვლა წარმოშობს ევროპის კონტინენტზე - ატლანტიკის ოკეანიდან ვიდრე ურალამდე. უარყოფითი ზეგავლენის სივრცეში, სავარაუდოდ, მოექცევა სამხრეთი კავკასია და, განსაკუთრებით, საქართველო.
ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებამ ზუსტად 17 წელი გაძლო.
1990 წლის ნოემბერში ხელშეკრულებას ნატოსა და ვარშავის ბლოკის 16-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი. შეთანხმების თანახმად, ნატოსა და ”ვარშავის ორგანიზაციის” სახელმწიფოებს (ატლანტიკის ოკეანიდან ურალის მთებამდე, მდინარე ურალის, კასპიის ზღვისა და კუნძულოვანი ტერიტორიების ჩათვლით) უფლება ეძლეოდათ ჰქონოდათ თანაბარი რაოდენობის ჩვეულებრივი შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა.
მაგრამ როდესაც ხელშეკრულება ძალაში შევიდა, 1992 წლის 9 ნოემბერს, ვარშავის ბლოკი უკვე აღარ არსებობდა. საბჭოთა არმიის სამხედრო ტექნიკასა და ქონებას უკვე ეპატრონებოდნენ ახალი დამოუკიდებელი ქვეყნები აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში.

რუსეთმა პირველად მაშინ გადაწყვიტა დაკარგული ინიციატივის დაბრუნება - 1992 წლის მაისში ტაშკენტში პირველად შეიტანა კორექტივები ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებაში: როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრემ, თავისკენ მიითვალა დიდძალი ტექნიკა და შეიარაღება (6400 ტანკი, 11480 ჯავშანმანქანა, 6415 საარტილერიო სისტემა და ა.შ), ხოლო დანარჩენ ქვეყნებს შეიარაღებასა და ტექნიკაზე მკაცრი და არცთუ სამართლიანი კვოტები დაუწესა.
მაგრამ ტაშკენტმა მხოლოდ დროებით დააცხრო რუსეთის უკმაყოფილება.
ეჩშძ-ის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის მე-9 წლისთავზე ევროპაში შეიქმნა ისეთი სამხედრო-პოლიტიკური რეალობა, რომელიც ხელშეკრულების ძველი ვერსიის შენარჩუნებას სათუოს ხდიდა: ნატოში ოფიციალურად უნდა დაეპატიჟათ აღმოსავლეთ ევროპის სამი სახელმწიფო - უნგრეთი, ჩეხეთი და პოლონეთი, რის შედეგადაც ევროატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას ემატებოდა მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა.
რუსეთის გაღიზიანება პიკს აღწევდა.
სამხედრო დისბალანსის აღმოსაფხვრელად, 1999 წლის 19 ნოემბერს სტამბულში ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი გაიმართა. სტამბულში მოხდა ეჩშძ-ის შესახებ ხელშეკრულების ადაპტირებული ვარიანტის შეთანხმება. დოკუმენტი ითვალისწინებდა, ბლოკური სისტემის ნაცვლად, ეროვნულ და ტერიტორიულ კვოტებზე გადასვლას. რუსეთს, ერთგვარი კომპენსაციის სახით, უფლება მიეცა ევროპული ნაწილის ჩრდილო-დასავლეთში და ჩრდილო კავკასიაში მნიშვნელოვნად გაეზარდა ტანკების, ჯავშანმანქანებისა და საარტილერიო დანადგარების რაოდენობა.
ნიშანდობლივია, რომ რუსეთს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება სწორედ ნატოს იმ სამიტის წინ უმძაფრდება ხოლმე, რომელზეც ალიანსის გაფართოება იგეგმება, ახალი წევრების მიწვევის ხარჯზე. სწორედ ასე მოხდა 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტის წინ, როდესაც დღის წესრიგში კვლავ დგას ბლოკის აღმოსავლეთით გაფართოება - ალბანეთის, ხორვატიისა და მაკედონიის ხარჯზე. მაპის - გაწევრიანების სამოქმედო გეგმის - მიღების შანსებს ინარჩუნებენ უკრაინა და საქართველო, რომლებიც უკვე აქტიურად მონაწილეობენ ალიანსის სამხედრო ოპერაციებში.
2007 წლის 13 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა განკარგულება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებიდან გამოსვლის თაობაზე. ფორმალურად რუსეთის განაწყენება თითქოს ლეგიტიმურად გამოიყურება. ზაფხულში ვენის კონფერენციაზე რუსეთის დელეგაციამ წამოაყენა ის მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც მიაჩნდა შესაძლებლად ხელშეკრულების გაგრძელება:
- ეჩშძ-ის ხელშეკრულებასთან ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის მიერთება;
- რუსეთისათვის საფლანგო შეზღუდვების გაუქმება;
- ადაპტირებულ ხელშეკრულებასთან სხვა სახელმწიფოების მიერთების დაწყება არაუგვიანეს 2008 წლის 1 ივნისისა.
როგორც რუსმა სამხედრო ექსპერტმა პაველ ფელგენგაუერმა უთხრა რადიო ”თავისუფლებას”, შეიარაღების ხელშეკრულებიდან გამოსვლის მუქარით ”რუსეთს, ერთი მხრივ, სურდა შეეჩერებინა ნატოს მორიგი გაფართოება და, მეორე მხრივ, იძულებული გაეხადა ვაშინგტონი უარი ეთქვა ევროპაში ანტისარაკეტო ფარის შექმნის იდეაზე.”
მაგრამ რუსეთის მცდელობა უნაყოფო აღმოჩნდა.
რუსეთმა კიდევ ერთხელ - და ამჯერად ძალიან სახიფათოდ - გამოაჩინა ”ეშვები”. 13 დეკემბერს ძალაში შევიდა პრეზიდენტ პუტინის მიერ ხელმოწერილი და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ დამტკიცებული მორატორიუმი.
ეს უკვე ნიშნავს, რომ ამიერიდან რუსეთი არავითარ ინფორმაციას აღარ მიაწვდის ევროპის ქვეყნებს სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების რაოდენობაზე, შეწყდება საერთაშორისო ინსპექტორების დაშვება რუსეთის სამხედრო ნაწილებში და რომ რუსეთს უკვე აღარ აქვს არანაირი ლიმიტები საბრძოლო ტექნიკასა და შეიარაღებაზე.
და სწორედ ამ კუთხიდან არის ჩვენთვის საჭირო განვჭვრიტოთ, თუ რა ხიფათს შეიცავს სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის რუსეთის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი:
- რუსეთის მხრიდან ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებიდან გამოსვლა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს უბიძგებს შემდგომი მილიტარიზაციისკენ - განსაკუთრებით, საქართველოს, რომელიც ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის მხრივ ჩამორჩება აზერბაიჯანსა და სომხეთს. დიდი დანახარჯები კი სამხედრო სფეროში უცილობლად გააღრმავებს სოციალურ დაძაბულობას;
- და რაც მთავარია, გარე საფრთხეების თავიდან აცილების სურვილით, საქართველოს ხელისუფლება იძულებული იქნება აჰყვეს ”გამალებულ შეიარაღებას”, მეტი ყურადღება დაუთმოს უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებას და შეზღუდოს დემოკრატიული ინსტიტუტები - სასამართლო, პარლამენტი და ”მეოთხე ხელისუფლება”. მცდელობა, დაინერგოს აზრი, რომ ”საქართველო მარტო დარჩა” - ქვეყანაში სწორედ საალყო მდგომარეობის შექმნას უწყობს ხელს.
ერთი სიტყვით, ვითარება, უსაფრთხოების დისკურსის გათვალისწინებით, მართლაც არასახარბიელოა.
მაგრამ იმის გამო, რომ რუსეთი სულ უფრო შორდება ევროპულ უსაფრთხოებასა და ევროპულ ფასეულობებს, საქართველო პანიკამ არ უნდა მოიცვას. პირიქით, საქართველოს პოლიტიკურ ძალებს მეტი შანსი რჩებათ, რათა ”მოიპოვონ უფრო გრძელვადიანი და საიმედო სადაზღვევო პოლისი”, ვიდრე ტანკი და ზარბაზანია - მოიპოვონ ადგილი ნატოს ქოლგის ქვეშ, სადაც ჯერ კიდევ ელოდებიან საქართველოს, რომელმაც 5 იანვრის არჩევნებით და შემდგომი პროგნოზირებადი ნაბიჯებით უნდა დაადასტუროს, რომ განუხრელად ერთგულია დემოკრატიული ფასეულობებისა.




  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG