Accessibility links

logo-print

კულტურული მიმოხილვა,


თბილისში, გოეთეს ინსტიტუტში,

მოეწყო დიდი გერმანელი მწერლის ჰაინრიჰ ბიოლის დაბადების 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული, რომელსაც იმაზე გაცილებით უფრო მეტი ხალხი დაესწრო, ვიდრე ორგანიზატორები ვარაუდობდნენ. გოეთეს ინსტიტუტში მოვიდნენ სტუდენტები, გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტები, ჟურნალისტები. ასეთი ინტერესი, პირველ რიგში, კვირეულის მრავალფეროვანმა პროგრამამ განსაზღვრა - ბიოლის ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმების ჩვენება, დისკუსიები, ლექციები სრულიად განსხვავებულ თემაზე - ”საზოგადოება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა” (დისკუსიაში მონაწილეობდნენ მწერლები ნაირა გელაშვილი, რატი ამაღლობელი, პოლიტოლოგი გია ნოდია), ”პროფესია ჟურნალისტი: თავისუფლება და პასუხისმგებლობა” (მონაწილენი: გერმანიის ელჩი საქართველოში პატრიცია ფლორი, მწერალი ლაშა ბუღაძე, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი მარინა ვაშაყმაძე).

თავის მხრივ, ეს მრავალფეროვნება თავად ჰაინრიჰ ბიოლის შემოქმედებამ განაპირობა. ფაშიზმის კვლევის პროცესში ხომ მწერალი შეეჭიდა ორ მითს, რომელიც დღევანდელი საქართველოსთვის განსაკუთრებით აქტუალურია: პირველი ”მესიანიზმია”, რომლის დამკვიდრება იწყება მტრის ხატების მომრავლებით, საზოგადოებაში იმ ილუზიის შექმნით, რომ მთელი მსოფლიო მხოლოდ შენს ქვეყანაზე ფიქრობს - ვიღაცას მტრული განზრახვები აქვს, ვიღაცას კი მეგობრული.

მეორე - სახელმწიფოებრიობის პირველადობა ადამიანთან შედარებით, ადამიანთა დიდი ჯგუფების უპირატესობა ერთ კონკრეტულ ადამიანზე, რაც იხატება ისეთ ინსტიტუტებში, როგორიცაა ეკლესია, მედია. პირველივე დისკუსიაში, მას შემდეგ, რაც აჩვენეს ფოლკერ შლენდორფის ფილმი ”კატარინა ბლუმის შერაცხული ღირსება”, გამოითქვა აზრი, რომ ქართულმა მედიამ უნდა შეძლოს ერთი ადამიანის სიცოცხლის, როგორც ყველაზე დიდი ფასეულობის, დამკვიდრება. თუმცა ამისთვის მედიას პროფესიული სტანდარტების შემუშავება მოუწევს.

„პროფესიონალიზმი“ - ეს იყო სიტყვა, რომელიც ყველაზე ბევრჯერ ახსენა გერმანიის ელჩმა საქართველოში. პატრიცია ფლორის თქმით, „კატარინა ბლუმის შერაცხულ ღირსებაში“ ასახული ამბავი - ის, თუ როგორ შეიძლება სკანდალებზე აგებულმა პრესამ ადამიანის სიცოცხლე დაანგრიოს - სწორედ პროფესიონალიზმის დეფიციტს გულისხმობს მედიასივრცეში. რადიო ”თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემ დააზუსტა, რომ მედიის რეგულაცია, უფრო სწორად, თვითრეგულაციის პრინციპების შემუშავება, ფაქტობრივად, პირველი ნაბიჯია პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობისკენ:

[მარინა ვაშაყმაძის ხმა] „მედიის რეგულაციის მექანიზმები მსოფლიომ იმიტომ მოიფიქრა სწორედ, რომ არ მოსულიყო ვინმე და ჭანჭიკები არ მოეჭირა მედიისთვის.. ამიტომ სულ უნდა გვახსოვდეს, რომ მედიის დამოუკიდებლობა არ არის მხოლოდ ერთი ჟურნალისტის გადასაწყვეტი.”

მიუხედავად ამისა, დისკუსიის დროს გამოითქვა აზრი, რომ საქართველოში სწორედ ასეთი - პროფესიულ სტანდარტებს მოკლებული - მედიაა პოპულარული. ლაშა ბუღაძის თქმით, ასეთ პირობებში შესაძლებელია გვყავდეს კიდეც ჰაინრიჰ ბიოლის ტიპის, მისი სულისკვეთების მწერალი, მაგრამ მედია ყველანაირად შეეცდება მის სრულ მარგინალიზაციას:

[ლაშა ბუღაძის ხმა] „7 ნოემბრამდე ასე იყო: ერთი სიმართლე - აქეთ და მეორე, სუროგატული სიმართლე, - იქით...არადა, საქართველოში, როგორც კულტურული, მენტალური თვალსაზრისით, ყველაზე დიდი გავლენა იმას აქვს, ვინც ყველაზე ხშირადაა ტელევიზიით - ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს.”(სტილი დაცულია)

სხვათა შორის, მედიაზე საუბარი გაგრძელდა კვირეულის მეორე დღესაც - ქართველი მწერლების მრგვალ მაგიდაზე. ლაშა ბაქრაძის თქმით, ერთგვარი „დროში აცდენა“, რეალობისგან გამიჯვნა, თანამედროვე ქართული ლიტერატურის სერიოზული პრობლემა, ერთნაირად დამახასიათებელია როგორც მწერლობისთვის, ასევე ჟურნალისტიკისთვის:

[ლაშა ბაქრაძის ხმა] „აიღეთ 92 წლის გაზეთი, 93 წლის...ვერ მიხვდებით, რა ხდებოდა ქვეყანაში, საოცარია... ცოდნა არსებობს და, ამ ცოდნიდან გამომდინარე, ვიღაცა რაღაცას გვეუბნება.“

ჰაინრიჰ ბიოლის შემოქმედების თაყვანისმცემლები, ახალგაზრდები, რომლებმაც ამ დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა, თავიანთ წუხილს ვერ მალავენ - ისინი ამბობენ, რომ ქართულმა ლიტერატურამ დიდი ხანია მიატოვა მათი თაობა, რომ მწერლების უმრავლესობა დღეს საკუთარ პრობლემებზე მსჯელობითაა დაკავებული ან, უბრალოდ, ლიტერატურული ტექნიკის დახვეწითაა გართული და ნაკლებად აინტერესებს, რა ხდება ქვეყანაში.

[ხმა დარბაზიდან] “21 წლისა ვარ და ვერ ვნახე ადამიანი, რომელმაც ასახა ჩემი პრობლემები, ჩემი თაობა...ვერ ვნახე მწერალი, პოეტი, კინემატოგრაფისტი.“

გოეთეს ინსტიტუტში გამართული დისკუსიებით თუ ვიმსჯელებთ, მწერლები ამ შენიშვნას მხოლოდ ნაწილობრივ იღებენ. ბაზრის კონიუნქტურა, პოპულარულ თემებზე თამაში, მწერალ კოტე ჯანდიერის თქმით, საერთოდაა დამახასიათებელი ჩვენი ეპოქისთვის:

[კოტე ჯანდიერის ხმა] „რომ ვუყურებ თანამედროვე მწერლებს...ძალიან ბევრმა ადამიანმა შექმნა პროდუქტი, რომელიც არის კარგად გაყიდვადი, რომელიც გაკითხებს... გლობალიზაციაა და საქართველოც ამ მარაქაში ჩაება თავისი ძველი ტრავმებით და ფობიებით.” (სტილი დაცულია)


ჰაინრიჰ ბიოლს ხშირად იდეალიზმში სდებდნენ ბრალს. მწერლის ოპონენტები აღნიშნავდნენ, რომ „ადამიანის ეკოლოგიის“ იდეა, რომელსაც გერმანელი მწერალი მუდმივად ამკვიდრებდა თავის ნაწარმოებებში, უტოპიურია, ამიტომ ვერასდროს გახდება პოპულარული. თუმცა ბიოლის კვირეულის პირველ დღეს ნაჩვენები ფილმის „კატარინა ბლუმის შერაცხული ღირსების“ შემდეგ გამართული დისკუსიით თუ ვიმსჯელებთ, თუკი საქართველოში გერმანიის ელჩის მოხსენებას გავიხსენებთ, დღევანდელმა გერმანიამ, ასე თუ ისე, გადაწყვიტა ის პრობლემა, რომლის შესახებაც ბიოლმა გვიამბო თავის ნაწარმოებში - სკანდალური ლიტერატურა, სკანდალური პრესა არსებობს, მაგრამ საზოგადოებას იქ აქვს არჩევანი და საზოგადოება ენდობა სიმართლეს და არა ისტერიულობასა და აგრესიას. დისკუსიის დროს დარბაზიდან ერთმა სტუდენტმა გოგონამ წამოიძახა: „30 წლის შემდეგ შეიძლება საქართველოშიც გვქონდეს ასეთი მედია და ასეთი ლიტერატურა... ამიტომ ისღა დაგვრჩენია, მომავლის იმედით ვიცხოვროთო.“






XS
SM
MD
LG