Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასაარჩევნო კამპანია და ბრძოლა აუდიო-ვიდეო კომპრომატებით


საქართველოს გენერალური პროკურატურის მტკიცებით, პრეზიდენტობის კანდიდატ ბადრი პატარკაციშვილის მომხრეები სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ.

ამის დასტურად პროკურატურამ 24 დეკემბერს პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დეპუტატ ვალერი გელბახიანის, ყოფილი მოსამართლის მარინა გაბუნიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის თანამშრომლის ერეკლე კოდუას საუბრის ფარული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა. გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით, ვალერი გელბახიანი და მარინა გაბუნია ეჭვმიტანილებად გამოცხადდნენ, სახელმწიფო კონსტიტუციური წყობილების ძალით შეცვლის მიზნით შეთქმულების ორგანიზების გამო. მინდა ამ წინასაარჩევნო სკანდალის შესახებ გესაუბროთ.

24 დეკემბრის საღამოს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ ქვეყნის მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეზე ილაპარაკა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”არსებობენ ძალები, რომლებიც ხუთი იანვრის არჩევნების ჩაშლისთვის ემზადებიან...
...მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის ნება იყოს გამოხატული.”

ნინო ბურჯანაძის და, საერთოდ, მმართველი პოლიტიკური ძალის შეშფოთების საფუძვლად საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ 24 დეკემბრის დილით გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერი გახდა. ვიდეოფირზე ნათლად ჩანს: არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი ვალერი გელბახიანი, ყოფილ მოსამართლე მარინა გაბუნიასთან ერთად, 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლას და მასობრივი არეულობის მოწყობას გეგმავდა.

ისინი ამ პროცესებში მხარდაჭერას და შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკავებას შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ერეკლე კოდუას სთხოვდნენ, ბადრი პატარკაციშვილის სახელით. ფრაგმენტი ფარული ვიდეოჩანაწერიდან:

[ვიდეოჩანაწერის ხმა] ”აქ დავდგამთ ძალიან სერიოზულ სპექტაკლს ... როცა ქვეყანაში არის უმართავი პროცესი, ვიღაცამ ძალაზე უნდა დაიხედოს. იმ მომენტზეა საუბარი. ამაში ის მხარეც მზად არის დაიწყოს შენთან საუბარი. მხარე - არაპიროვნულად. რა თქმა უნდა, იქნება ფინანსურ უზრუნველყოფაზე საუბარი, ასევე პოლიტიკურ გარანტიებზე.”

როგორც ირკვევა, ერეკლე კოდუა ლონდონში ბადრი პატარკაციშვილსაც შეხვდა. თუმცა მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური პატაკით გაცხადებული ჰქონდა, რომ პატარკაციშვილის მომხრეები მის მოსყიდვას ცდილობდნენ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის მიზნით.

კიდევ ერთი ფრაგმენტი ფარული ვიდეოჩანაწერიდან, სადაც ვალერი გელბახიანი 5 იანვრის შემდგომ მოვლენებზე საუბრობს:

[ვალერი გელბახიანის ხმა] ”ყველაფერი მზადდება, რომ არ დაგიმალო, 5-ის შემდეგ რა იქნება. 5 რიცხვიდან იწყება ეს ყველაფერი. კამპანია არ წაგვიყვანია პიკისკენ, ჩვენ კამპანიას პიკისკენ წავიყვანთ 1 კვირაში. როცა რჩება მცირე დრო, მაშინ არის ბუმის დრო. ”

ამ ვიდეოჩანაწერისა და ერეკლე კოდუას პატაკის საფუძველზე ჩატარებული წინასწარი გამოძიების შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნიკა გვარამიამ შემდეგი განცხადება გააკეთა:

[ნიკა გვარამიას ხმა] ”საქართველოს გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით, მარინა გაბუნია და ვალერი გელბახიანი ცნობილი იქნენ ეჭვმიტანილად საქართველოს სისხლის სამართლის მეთვრამეტე და 315-ე მუხლების პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ეს არის შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, ამ შეთქმულების მომზადება.”

გელბახიანის მომხრეები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უარყოფენ. პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის წევრის დეპუტატ გოჩა ჯოჯუას კომენტარი:

[გოჩა ჯოჯუას ხმა] ”ეს იყო მიმართული მხოლოდ ერთი რამისკენ - ყველაფერი მომხდარიყო მშვიდობიანად. მომხდარიყო მანამდეც პრევენცია იმისა, რომ არ მომხდარიყო ლიდერების დაჭერა. ხელისუფლება ამისთვის ემზადება, რადგან არჩევნები წაგებული აქვს.”

მანვე გამოაქვეყნა არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის საგანგებო განცხადება, რომელშიც წერია: "სააკაშვილის რეჟიმმა საბოლოოდ დაანახვა საზოგადოებას, რომ მან არჩევნების პოლიტიკური ფორმით მოგების ყველა რესურსი ამოწურა."

თავად ვალერი გელბახიანი დღის მანძილზე თბილისში არ იმყოფებოდა და განცხადებები მხოლოდ ტელეფონით გააკეთა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კოდუასთან საუბრები პრევენციის მიზნით ხორციელდებოდა. თავად კოდუამ კი განაცხადა, რომ მას ბადრი პატარკაციშვილმა დახმარების სანაცვლოდ100 მილიონი აშშ დოლარი შესთავაზა.

მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვაგვარია ოპოზიციური ძალების მოსაზრებები. ერთნი ვიდეოჩანაწერებს ბინძურ პროვოკაციას უწოდებენ, მეორენი კი აღშფოთებას ვერ ფარავენ ნანახის გამო.
XS
SM
MD
LG