Accessibility links

logo-print

უკრაინელები 5 იანვარს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე ეგზიტ–პოლის ჩატარებას გეგმავენ


5 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს საქართველოში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გარდა, საგანგებოდ აპრობირებული მეთოდოლიგიის მიხედვით,

არაოფიციალურად შეაჯამებენ ხმების პარალელურ დათვლასა და ეგზიტ-პოლების გამართვაში გამოცდილი ორგანიზაციები. მათ შორის, ხმების პარალელურ დათვლას გეგმავენ არასამთავრობო ორგანიზაციები „სამართლიანი არჩევნები“ და „ახალი თაობა–ახალი ინიციატივა“. რაც შეეხება ეგზიტ-პოლს, ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, მას, ქართული ორგანიზაციების გარდა, ჩაატარებს უკრაინის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი „საერთო ევროპული საქმე“. მინდა ამ ორგანიზაციის პროექტის “ეგზიტ-პოლი–საქართველო 2008“–ის შესახებ გესაუბროთ.

საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი „საერთო ევროპული საქმე“ 5 იანვარს სოციალურ მუშაკებს საქართველოს 200 საარჩევნო უბანზე მიავლენს. გამოიკითხება 10 000 ადამიანი - მათ შორის, ერთ უბანზე დაახლოებით 40-დან 70–მდე ამომრჩეველი. როგორც „საერთო ევროპული საქმის“ სამეცნიერო ხელმძღვანელი, უკრაინის სოციალური ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრ ტიხონოვი განმარტავს, ეგზიტ-პოლი საქართველოში ეგრეთ წოდებული დახურული ყუთის მეთოდით ჩატარდება:

[ალექსანდრ ტიხონოვის ხმა]“ ექსპერიმენტის სიზუსტის მიზნით, ჩვენ ვიყენებთ დახურული ყუთის მეთოდოლოგიას. ანუ ადამიანი კი არ ამბობს, ვის მისცა ხმა, არამედ ავსებს დაახლოებით ისეთსავე ბიულეტენს, როგორიც საარჩევნო უბანში შეავსო. ანუ ჩვენი ინტერვიუერები პროცესში არ ერევიან.“

როგორც ალექსანდრ ტიხონოვი ამბობს, ეგზიტ–პოლების წინმსწრები სოციოლოგიური გამოკითხვა არჩევნებში მონაწილე კანდიდატების რეიტინგების განსაზღვრას ითვალისწინებს. ამ დროისათვის უკრაინელი მკვლევარების მონაცემებით, ლიდერთა რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება: 21, 9 პროცენტით პირველ ადგილზეა ლევან გაჩეჩილაძე; მეორე, ზუსტად 21 პროცენტით, მიხეილ სააკაშვილია. მას მცირედით ჩამორჩება ბადრი პატარკაციშვილი, 20, 3 პროცენტით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 83 დასახლებულ პუნქტში მცხოვრებმა 1200–მა ამომრჩეველმა. სარეიტინგო შედეგები უკრაინის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის „საერთო ევროპული საქმის“ პრეზიდენტს ლეონიდ ბელოუსოვს აფიქრებინებს, რომ პოტენციურად 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების ნახევარს პლუს ერთ ხმას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს:

[ლეონიდ ბელოუსოვის ხმა]“ იმ მონაცემების მიხედვით, რაც ჩვენ გვაქვს, და იმის გათვალისწინებით, როგორ განსაზღვრავს საპრეზიდენტო არჩევნების პროცედურას საქართველოს კონსტიტუცია, უნდა ვივარაუდოთ, რომ არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. დღეისათვის არ ჩანს, ვინ არის აშკარა ლიდერი და ვის აქვს დაწინაურების პოტენცია.“

შენიშნავს ლეონიდ ბელოუსოვი და აზუსტებს, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე ეგზიტ–პოლის გამართვა ზემოხსენებული საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის კერძო ინიციატივაა და ამ ინიციატივას იგი ქართველი პარტნიორების დახმარებით ახორციელებს. მისივე თქმით, ინფორმაცია პარტნიორების შესახებ ამ ეტაპზე დახურულია და იგი მხოლოდ 5 იანვრის შემდეგ გახდება ცნობილი.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73–ე მუხლის მე–12 პუნქტის თანახმად, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები კენჭისყრის დღის 20 საათის შემდგომაა ნებადართული. როგორც უკრაინელი მკვლევარები შენიშნავენ, 5 იანვარს, დაახლოებით 20 საათსა და ერთ წუთზე, ეგზიტ–პოლის შედეგები უკვე ცნობილი იქნება. დასასრულ კი გაგაცნობთ ინფორმაციას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიან არჩევნებში” გვითხრეს. ამ ინფორმაციის თანახმად, საქართველოში 5 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ხასიათის, წინასაარჩევნო კამპანიის განსაკუთრებული დაძაბულობისა და ასევე არჩევნების შემდგომი შესაძლო ესკალაციის ფონზე, საერთაშორისო დონორებმა არამართებულად მიიჩნიეს ეგზიტ-პოლის ჩატარება. უკრაინის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი „საერთო ევროპული საქმე“ ამ ფერხულში ჩაბმული არ აღმოჩნდა. მისი წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ეგზიტ-პოლი მხოლოდ წაადგება საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და ობიექტურობის საქმეს. 25 დეკემბერს ეგზიტ–პოლის ჩატარების განაცხადს, თავის მხრივ, კავკასიური ინსტიტუტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სტრატეგიული კვლევების ფონდი და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი გააკეთებენ.


XS
SM
MD
LG