Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო პერსპექტივები


საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე საზოგადოების დიდი ნაწილი აღიარებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მეტად ენერგიულ საარჩევნო კამპანიას ატარებს.

საჯარო სივრცეში ექსპერტების მიერ გამოთქმული ნებისმიერი მოსაზრება ადასტურებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი არჩევნებში გამარჯვების ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატია.

თავიდანვე უნდა ითქვას ის, რასაც დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს: თუკი რიგითი ამომრჩეველი აგრესიას ამჟღავნებს რომელიმე კანდიდატის მიმართ, ეს კანდიდატი, უფრო ხშირად, მიხეილ სააკაშვილია. არც ერთი სხვა კანდიდატის მიმართ იმდენ პრეტენზიას არ მოისმენთ, თუნდაც ქუჩაში გავლისას ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, რამდენსაც - ყოფილი პრეზიდენტის მიმართ. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს მომხრეები არ ჰყავს. თუ გარემოს ყურადღებით დავაკვირდებით და მასმედიასაც თვალს მივადევნებთ, წინასწარ შეიძლება საუბარი ორ რეალურ ვერსიაზე: ან მიხეილ სააკაშვილი არჩევნებს პირველსავე ტურში იგებს, ან იგი მეორე ტურში გადადის რომელიმე ოპოზიციურ კანდიდატთან ერთად. შესაბამისად, რეალობას მოკლებული ჩანს ნებისმიერი ოპოზიციური კანდიდატის განცხადება, რომ იგი სააკაშვილს პირველსავე ტურში დაამარცხებს.

ყოფილი პრეზიდენტი პირველსავე ტურში მოგებული ორი მეთოდით შეიძლება აღმოჩნდეს: გაყალბებით ან გაუყალბებლად. თუ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად აღიარებენ, მაშინ, ოპოზიციამ ძალიანაც რომ მოინდომოს, საპროტესტო ტალღას ვერ ააგორებს. მაგრამ თუ ხუთ იანვარს სერიოზული დარღვევები დადასტურდება, მაგალითად, თუ უბნიდან წამოღებული ოქმები ცესკოს მონაცემებს არ დაემთხვევა, როგორც ეს 2003 წლის ორ ნოემბერს მოხდა, ამ და სხვა მსგავს შემთხვევებში, სააკაშვილის გამოცხადებას გამარჯვებულად დიდი უკმაყოფილება შეიძლება მოჰყვეს.

რამდენად არის მოსალოდნელი მეორე ტური? იმ პირობებში, როდესაც ამომრჩეველთა ხმები, მინიმუმ, ოთხ კანდიდატზე ნაწილდება, მეორე ტურის გამორიცხვა შეუძლებელია. მით უმეტეს, თუ ოდნავ მაინც რეალური საფუძველი აქვს მოარულ ხმებს, რომ არც ეროვნული უმცირესობების და არც სახელმწიფო მოხელეების ხმები ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატს გარანტირებული არა აქვს.

ისიც აღსანიშნავია, რომ მეორე ტურის ალბათობა დიდწილად უკავშირდება ბადრი პატარკაციშვილის ფაქტორს. ერთი მხრივ, დახმარების მომლოდინეთა სიმპათია ან სააკაშვილისკენ გადაიხრება, ან - პატარკაციშვილისკენ. ამიტომ, თუ ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებს არჩევნებამდე დარჩენილ ორი კვირაში ვინმე გადაიბირებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ბადრი პატარკაციშვილი შეიძლება იყოს. მეორე მხრივ, გელბახიანი-კოდუას საუბრის გამოქვეყნების შემდეგ, საერთოდ არაპროგნოზირებადია პატარკაციშვილის საარჩევნო პერსპექტივა: იმ კუთხითაც, დატოვებს თუ არა მას ცესკო კანდიდატთა შორის და იმ კუთხითაც, საზოგადოების რა ნაწილი მოისურვებს მის გვერდით დადგომას.

ვინ გადაჰყვება მიხეილ სააკაშვილს მეორე ტურში? ამ კითხვის პასუხი საკმაოდ ძნელი გამოსაცნობია, განსაკუთრებით, დღეს. გამორიცხვის მეთოდს თუ გავყვებით, დიდი ალბათობით უნდა ვივარაუდოთ, რომ მეორე ტურის კანდიდატი ვერ იქნება ვერც სარიშვილი და ვერც მაისაშვილი. ეს, ალბათ, ვერც ნათელაშვილი იქნება, რადგან მისი პროგრამა ორი მხრიდან გაიძარცვა - სოციალური დაპირებები დღეს გაცილებით მყარად ჟღერს სააკაშვილის და პატარკაციშვილის ხელთ არსებული ბერკეტების გათვალისწინებით, ვიდრე ნათელაშვილის მწირი რესურსების ფონზე. შესაძლოა, მეორე ტურის კანდიდატებს დავით გამყრელიძეც გამოვაკლოთ იმ უბრალო მიზეზით, რომ, როგორც წესი, ახალი მემარჯვენეების ლიდერს რაიმე განსაკუთრებული ღვაწლი არ მიუძღვის ხოლმე პოლიტიკური პროცესის დამუხტვაში და, შესაბამისად, ვერც შედეგებით სარგებლობს. ასე იყო ვარდების რევოლუციის დროს და, სავარაუდოდ, ასე იქნება ხუთი ინვრის შემდეგაც.

ასე რომ, თუ საქმე მეორე ტურამდე მივა, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის პირისპირ ან ლევან გაჩეჩილაძე აღმოჩნდება, ან ბადრი პატარკაციშვილი, თუ ეს უკანასკნელი საერთოდ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.

ნებისმიერ შემთხვევაში, მეორე ტური მიხეილ სააკაშვილისთვის ძალიან სარისკო შეიძლება აღმოჩნდეს. ამიტომ იგი იძულებულია, მეტად აგრესიული საარჩევნო კამპანია აწარმოოს და საზოგადოება დაარწმუნოს, რომ სხვებზე მეტ ნდობას იმსახურებს. ენდობა თუ არა ყოფილი პრეზიდენტი თვითონ საკუთარ თავს, ეს ხუთ იანვარს გაირკვევა იმის მიხედვით, თუ რამდენად პატიოსნად ჩაატარებს ხელისუფლება ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს.
XS
SM
MD
LG