Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ჟურნალისტთა პირველი ფორუმი


”ქართული მედია დღეს - სად ვართ და რა გვინდა”, ”სახელმწიფო და მედია”, ”ახალი თაობა ქართულ მედიაში - ჟურნალისტური განათლება და ღირებულებების ცვლა”

- ეს ძირითადი თემები იყო წარმოდგენილი საქართველოს ჟურნალისტთა პირველი ფორუმის დღის წესრიგში. ყველაზე დიდი დრო ქართული მედიის ზნეობრივი ღირებულებების განხილვას დაეთმო. ჟურნალისტები აკრიტიკებდნენ საკუთარ თავს, ერთმანეთს და დეკლარაციას, რომელზე ხელის მოწერასაც სთავაზობდნენ დამსწრეებს ფორუმის ორგანიზატორები.


საქართველოს ჟურნალისტთა პირველ ფორუმზე, რომელიც 24 დეკემბერს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა, ხუთასზე მეტი დელეგატი იყო მიწვეული - ჟურნალისტები, რედაქტორები, სტუდენტები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მედია-ექსპერტები. მართალია, მიწვეულთაგან ყველა არ მისულა, მაგრამ სასტუმროს დარბაზსა და ფოიეში ხალხის სოლიდური რაოდენობა შეგროვდა.

ფორუმის ორგანიზატორთა განცხადებით, თავყრილობის მიზანი იყო ქართულ ჟურნალისტიკაში მიმდინარე პროცესების შეფასება, მსჯელობა ქვეყნის ცხოვრებაში ჟურნალისტის როლის შესახებ, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის კონკრეტული ფაქტების დასახელება და რეგიონალური ჟურნალისტიკის განვითარების გზების დასახვა. თუმცა ფორუმის დიდი ნაწილი ერთ თემას - ჟურნალისტების კოლეგიალობასა და სოლიდარობას -დაეთმო. ფორუმის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელის ირმა ინაშვილის თქმით, თავყრილობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჟურნალისტების ვიწრო ელიტური ჯგუფების მიერ დაყოფილი მედიასივრცის გამთლიანება იყო:

[ირმა ინაშვილის ხმა] ”ქართული ჟურნალისტიკა, მთელი ეს მედიასივრცე დაყოფილია ისევ ჩვენ მიერ მარგინალებად, პრივილეგირებულებად, ხელისუფლების მხრიდან ნდობით აღჭურვილ ჟურნალისტებად, მიუღებლებად. სწორედ ის პატარა ვიწრო ელიტური ჯგუფები აწებებენ იარლიყებს დანარჩენ ჟურნალისტებს და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ცუდი.”

ფორუმის დელეგატებს ორგანიზატორებმა ხელმოსაწერად წარუდგინეს დეკლარაციის პროექტი, რომელშიც ეთიკური ჟურნალისტის სახელმძღვანელო პრინციპები იყო წარმოდგენილი. დეკლარაცია 13 პუნქტისგან შედგებოდა. მათ შორის იყო შემდეგი განცხადებები: ვთანხმდებით ვაღიაროთ ჭეშმარიტების პირუთვნელი სამსახური და სიმართლის ურყევი დაცვა; გავითვალისწინოთ საზოგადოების კრიტიკა პროფესიულ საქმიანობაში; დაუშვებელია კოლეგების დაყოფა კატეგორიებად, ფსევდოგმირებისა და ფსევდორეალობის ფორმირება მედიასაშუალებებით და სხვ.

დეკლარაციამ დელეგატების არაერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება გამოიწვია. ჟურნალისტმა ია ანთაძემ უარი თქვა ხელი მოეწერა დეკლარაციაზე და გადაწყვეტილება ასე დაასაბუთა:

[ია ანთაძის ხმა] ”როდესაც მითხრეს, რომ აქ არის რამდენიმე პრინციპი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენს საქმიანობაში, ვთქვი, რომ მე არ მოვაწერ ხელს. არა იმიტომ, რომ არ ვეთანხმები იმას, რაც იქ წერია, არამედ იმიტომ, რომ ვიცი, აქ ხელს მოაწერენ ადამიანები, რომლებიც არ იცავენ ამ წესებს. არის სულ რამდენიმე ადამიანი ქართულ ჟურნალისტიკაში, რომელთან ერთადაც მე მოვაწერდი ხელს ასეთ ფურცელს. ასეთი ადამიანი არის სულ ხუთიოდე.”

თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც დეკლარაციის ნაწილს არ ეთანხმებოდნენ. ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ გააკრიტიკა მეხუთე პუნქტი - მოვლენათა გაშუქებისას საკუთარი სინდისით ხელმძღვანელობა:

[ზვიად ქორიძის ხმა] ” ’მოვლენები უნდა გააშუქოს ჟურნალისტმა საკუთარი სინდისის კარნახით.’ მე ცოტა სხვა წარმოდგენა მაქვს მოვლენების გაშუქებისას. მე ვარ სინდისიანი თუ უსინდისო, ეს არ უნდა განსაზღვრავდეს მე როგორ გავაშუქო მოვლენა.”

რეგიონალური მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი კი ჩიოდა, რომ ჟურნალისტთა სოლიდარობაზე ლაპარაკისას თბილისელი ჟურნალისტები მხოლოდ ერთმანეთის გვერდზე დგომას გულისხმობენ. მათ შორის იყო რეგიონალური პრესის ასოციაციის თავმჯომარე, გაზეთ ”გურია ნიუსის” დამფუძნებელი, ია მამალაძე:

[ია მამალაძის ხმა] ”მე მესმის, ჩვენ უნდა უპირობოდ მხარი დავუჭიროთ, როდესაც სპეცნაზი არბევს ტელევიზიას, როცა გუბერნატორი პირდაპირ ეთერში სცემს ჟურნალისტს, მაგრამ, სამაგიეროდ, ანალოგიური მხარდაჭერა გვჭირდება ჩვენც რეგიონში, როდესაც ანალოგიური ფაქტები ხდება. ცენტრალური მედიიდან მე ვერ ვგრძნობ ამ თანადგომას.”(სტილი დაცულია)

შეიცვლება თუ არა სიტუაცია ამ ფორუმის შემდეგ? ამის შესახებ სანუგეშოს ვერც ფორუმის ორგანიზატორები ამბობდნენ რამეს.

[ირმა ინაშვილის ხმა] ”შეცვლით, მე მგონი, დიდი არაფერი შეიცვლება. შეიძლება უფრო თბილად შევხვდეთ, მოვიკითხოთ ერთმანეთი და კომუნიკაცია აღარ გაჭირდეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტელეფონი გაიცვალა უკვე.”


  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG