Accessibility links

logo-print

რის სანაცვლოად გადაწყვიტა ბადრი პატარკაციშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნისთვის 100 მილიონი დოლარის გადახდა?


საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა დაპირებული სენსაციური ფარული აუდიოჩანაწერი...

ეს არის ლონდონში ბადრი პატარკაციშვილისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსან ერეკლე კოდუას შეხვედრის ფარული ჩანაწერი, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის ნიკა გვარამიას განმარტებით, ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან შეთანხმებით განხორციელდა. ჩანაწერში პატარკაციშვილი ერეკლე კოდუას აცნობს ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების გეგმას .... გეგმა გულისხმობს შეთქმულების შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის მონაწილეობას 100 მილიონი დოლარის სანაცვლოდ. გაგაცნობთ ამ სენსაციური ჩანაწერის დეტალებს.

[ბადრი პატარკაციშვილის ხმა] ”მე საქართველოში ვარ ასეთი ბუნჩულა ბაბუა... ჩემი ბეგრაუნდი იკითხონ რუსეთში, სადაც ცოტა სხვანირად მიცნობენ. მე ჯერ გასროლაც კი არ დამიწყია. ამიტომ მე აბსოლუტურად მზად ვარ იმისათვის, რომ მოვილაპარაკოთ. ”

ეს პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის სიტყვებია.. კაცის, რომელმაც 5 იანვრის არჩევნების წინ საქართველოს მოსახლეობას შეხიდებისა და გაბრწყინების პროგრამა შესთავაზა, საკუთარი ჯიბიდან ფულადი დახმარებებისა და შეღავათების გაწევის დაპირებებთან ერთად... გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერი, რაც პირადად შინაგან საქმეთა მაღალჩინოსანმა ერეკლე კოდუამ განახორციელა, გარკვეულწილად ხსნის თავად პატარკაციშვილის ნათქვამს იმის შესახებ, რომ მისი რუსული ბეგრაუნდი არ შეესაბამება ბუნჩულა ბაბუას იმიჯს. თუმცა აუდიოჩანაწერს პატარკაციშვილის დამ, ნანა პატარკაციშვილმა, სიყალბე და ფაბრიკაცია უწოდა. ფარულ ჩანაწერს გამოძიება სწავლობს. გეგმა, რომელსაც მასში პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, ბადრი პატარკაციშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს აცნობს, გულისხმობდა არჩევნების შემდეგ ან არჩევნების წინ სახალხო მღელვარების ინსპირირებას, რაშიც სიმძაფრე ერეკლე კოდუას მიერ ბიულეტენებით სავსე 2 ტომრის გამომზეურებას უნდა შეეტანა, იმის განმარტებით, რომ ხელისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანს ამ ბიულეტენების მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ გამოყენებას ავალებდა, მან კი ამდენი ვეღარ მოითმინა და გაყალბების წინააღმდეგ წავიდა:

[ბადრი პატარკაციშვილის ხმა] ”ჩვენ ლეგიტიმურობის ჩარჩოებიდან არ უნდა ამოვვარდეთ. საბოლოო ჯამში, შენ უნდა გახდე გმირი, რომელმაც არ მისცა საშუალება ამ ურჩხულს ქვეყანა მოექცია მარწუხებში. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ამის მიხედვით იქნება დალაგებული. ”

გმირის იმიჯი ერეკლე კოდუასთვის ამ საქმეში გამოცდილ ხალხს უნდა შეექმნა - ასეა ჩანაწერის მიხედვით. პატარკაციშვილი ახსენებს სიუჟეტს, რომელიც გიორგის უნდა მოემზადებინა. ასე ვთქვათ, გმირი არჩევნების გაყალბებაში ხელისუფლების მხილებას არ უნდა დასჯერებოდა. პატარკაციშვილი ერეკლე კოდუას უხსნის, როგორ უნდა მოეხდინა შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განეიტრალება. კოდუას თავად უნდა ეკისრა მერაბიშვილის დაკავება ისე, რომ თავიდან აერიდებინა გასროლა... ვარიანტები ასეთი იყო: დაპატიმრება, უკიდურეს შემთხვევაში, დაჭრით ან გამაბრუებელი ნივთიერების ორგანიზმში შეყვანით...

”მთავარია გუნდში რღვევა და საქმე დამთავრებულია. ქვეყნის გარეთ სააკაშვილს ეხლა მხოლოდ მეთიუ ბრაიზა და დენიელ ფრიდი მფარველობს, ისინიც იმიტომ, რომ სააკაშვილი მათი პროექტია.. ოპოზიციას ჭკუა არ ეყო და ნოემბრის დღეებში ვერ გამოიყენა ხალხი. ის ხალხი რუსთაველზე კონკრეტული საქმისთვის მივიდა და არა ლევანას და შალიკოს ყურებისთვის.” - დასახული გეგმის რეალიზაციაში ერეკლე კოდუას ჩართვა, მის მიერ რისკის გაწევა პატარკაციშვილს მიაჩნია ისეთ საქმედ, რაშიც ღირს 100 მილიონი დოლარის გადახდა:

[ბადრი პატარკაციშვილის ხმა] ”მე მგონია, რომ ძალიან დიდი თანხაა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ამ რისკის საფასური არის. დოლარზე არის საუბარი.”

შეგახსენებთ: შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამინისტროს ოპერატიულ დეპარტამენტში 17 დეკემბერს დაიწყო გამოძიება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულების მომზადების ფაქტზე, რასაც საფუძვლად დაედო ერეკლე კოდუას პატაკი იმის თაობაზე, რომ მას უნდა შეხვედროდა ყოფილი მოსამართლე მარინე გაბუნია, რომელიც თავის თანამზრახველებთან ერთად შეეცდებოდა მის მოსყიდვას და სახელმწიფო გადატრიალებაში მის ჩართვას. მარინა გაბუნიას თანამოაზრე ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის მეთაური ვალერი გელბახიანი აღმოჩნდა. მასთან 18 და 21 დეკემბერს ერეკლე კოდუას შეხვედრების ფარული ვიდეოჩანაწერი საზოგადოებამ ნახა. ამ ჩანაწერებში ვალერი გელბახიანი კოდუას ჰპირდება ფინანსურ და პოლიტიკურ გარანტიებს იმ სამსახურის სანაცვლოდ, რაც კოდუას უნდა გაეწია არჩევნების მასობრივი არეულობების ინსპირირებისას... ამავე ჩანაწერებში ვალერი გელბახიანი კოდუას სთავაზობს ბადრი პატარკაციშვილთან შეხვედრას. ეს შეხვედრა შედგა და ჩვენი საუბრის თემაც ამ შეხვედრის ფარული ჩანაწერი იყო. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის კახა ლომაიას განცხადებით:

[კახა ლომაიას ხმა] ”ყველა სამართლებრივი ბერკეტია ამოქმედებული, რათა მართლმსაჯულების წინააღმდეგ წარდგნენ ის ადამიანები, რომლებიც
მონაწილეობდნენ ამ ეპიზოდში.” (სტილი დაცულია)

მარინა გაბუნია დაკავებულია, ვალერი გელბახიანი ეჭვმიტანილია შეთქმულებაში. გამოძიება გრძელდება...
XS
SM
MD
LG