Accessibility links

logo-print

უკრაინის პრეზიდენტის ახალი ტიპის ვიზიტი საქართველოში


25 დეკემბერს საქართველოს მოულოდნელად ესტუმრა უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, რომლის ვიზიტის დღის წესრიგი და მიზანი

არ განსხვავდებოდა 7 ნოემბრის შემდეგ საქართველოში ჩამოსული სხვა ქვეყნების ლიდერების ვიზიტისაგან. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ლიდერი პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილის მეგობარია, ვიქტორ იუშჩენკო თავდაპირველად ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა და მხოლოდ შემდეგ მივიდა მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბში. ახლა საუბარი არ არის პირად მეგობრობაზე. ახლა საუბარია იმაზე, რომ საქართველო გამოვიდეს ამ რთული პოლიტიკური ვითარებიდან, განაცხადა ვიქტორ იუშჩენკომ, რომელმაც სამშაბათ საღამოს დატოვა თბილისი. მე მომეცა საშუალება თვალი მედევნებინა უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს მაქოსებური დიპლომატიისათვის.

ქართული საინფორმაციო საშუალებები დილიდან ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ უკრაინის ლიდერი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ჩამოდის. შესაბამისად, ფილარმონიაში, პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბში, უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს დასახვედრად დილიდან ემზადებოდნენ. შტაბის პრესცენტრის უფროსმა ქეთი ქოჩორაშვილმა რადიო ”თავისუფლებას” ასე გააცნო უკრაინელი ლიდერის დაუგეგმავი ვიზიტის დღის წესრიგი:

[ქეთი ქოჩორაშვილის ხმა] “დღეს უკრაინის პრეზიდენტი მობრძანდება ჩვენთან შტაბში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად. ალბათ, მოინახულებს შტაბს და გაეცნობა, თუ როგორ მიდის მუშაობა. შემდეგ დაესწრება ფოლკლორული ანსამბლების ფესტივალს სპორტის სასახლეში.”

თუმცა მიხეილ სააკაშვილსა და მის საარჩევნო შტაბს უკრაინის პრეზიდენტის ლოდინი კარგა ხანს მოუხდა. ვიქტორ იუშჩენკომ, რომელიც ცნობილია თავისი დიპლომატიურობით, თბილისში ჩამოსვლისთანავე არაოფიციალური ვიზიტის პროგრამაში ცვლილება შეიტანა და მასპინძლებს ოპოზიციის წევრებთან შეხვედრის ორგანიზება სთხოვა. ერთიანი ეროვნული საბჭოს საპრეზიდენტო კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და ”ახალი მემარჯვენეების” შტაბის თავმჯდომარე პარლამენტარი დავით საგანელიძე უკრაინის ლიდერთან შესახვედრად სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” მივიდნენ. შეხვედრის დაწყების წინ ლევან გაჩეჩილაძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ უკრაინის ლიდერთან ერთადერთი რამის სათქმელად მივიდა:

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] ”ავუხსნით, თუ ვისთან მეგობრობს იუშჩენკო; აბსოლუტურად განსხვავებულ ადამიანთან, რომელსაც სურს სისხლის ფასად მეორედ მოვიდეს ხელისუფლებაში.”

უკრაინის პრეზიდენტისა და ქართული ოპოზიციის ერთი ნაწილის შეხვედრა დაგეგმილზე ერთი საათით გვიან დასრულდა. ამის გამო ვიზიტის პროგრამიდან ამოვარდა რამდენიმე შეხვედრა, გვიანდებოდა კონცერტი ფილარმონიაში. თუმცა შეხვედრიდან გამოსულმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ კიდევ რამდენიმე წუთით შეაყოვნა ესკორტი, რათა ქართველი ჟურნალისტებისთვის თავისი შთაბეჭდილება გაეზიარებინა. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლებთან გულღია და სანდო საუბარი გაიმართა იმაზე, თუ როგორ შეიძლება 5 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარება. იუშჩენკომ გაიმეორა ასევე, რომ მიხეილ სააკაშვილი მისი მეგობარია, თუმცა განაცხადა, რომ მხოლოდ ამის სათქმელად არ ჩამოსულა საქართველოში:

[ვიქტორ იუშჩენკოს ხმა] ”მე ის ადამიანი ვარ, რომელსაც გული შესტკივა საქართველოზე. მე გულახდილად ვამბობ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჩემი მეგობარია. მაგრამ საქართველოში დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ვიზიტის ნომერ პირველი მიზანი ისაა, რომ ამას ხაზი გავუსვა. ჩემი ვიზიტის ნომერ პირველი მიზანი ისაა, რომ ხაზგასმით ვთქვა, თუ რა განიცადა ბოლო 6-7 თვის განმავლობაში უკრაინამ. ახლა არ დგას პირადი მეგობრობის საკითხი, ახლა საკითხი ეხება იმას, რომ ჩემი საყვარელი ქართველი ხალხი ღირსეულად გამოვიდეს ამ რყევიდან. ამისთვის არსებობს მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი - დემოკრატიულ ფორმატი, ფორმატი, რომლისაც თქვენ ყველას გჯეროდათ; და როცა ლაპარაკია იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმ მიმართულებით, როცა საქმე დემოკრატიულ ფორმატს შეეხება, მე მზად ვარ გამოვიდე როგორც მხარე, როგორც პრეზიდენტი და ადამიანი, რომელიც პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს. მე არ შემიძლია კომენტარი გავაკეთო შიდა საქმეებზე, არ შემიძლი ჩავერიო შიდა პროცესებში, ვთქვა, თუ რა არის კარგი და რა -ცუდი. მე მხოლოდ ერთადერთი მინდა ვუსურვო საქართველოს - სტაბილურობა, პირველ ყოვლისა, პოლიტიკური სტაბილურობა.”

უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსთან შეხვედრით ”ეროვნული საბჭოსა” და ”ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენლები კმაყოფილნი ჩანდნენ. პრეზიდენტობის კანდიდატ დავით გამყრელიძის საარჩევნო შტაბის უფროსმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი რეალურად შეაშფოთა საქართველოს არადემოკრატიულმა საარჩევნო სისტემამ და მრავალმა დარღვევამ წინასაარჩევნო პროცესში.


პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსთან საუბრისას წამოიჭრა 6 იანვრის თემა, მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინებით. ”უკრაინის ლიდერი დაგვპირდა, რომ შეეცდება დაიყოლიოს მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციასთან შეხვედრასა და ერთგვარი ”ჯენტლმენური შეთანხმების” გაფორმებაზე, რომ 5 იანვრის არჩევნები საქართველოში არ გაყალბდება”, -აცხადებს დავით საგანელიძე. თუმცა ვიქტორ იუშჩენკომ ისე დატოვა საქართველო, რომ უცნობი დარჩა, მოახერხა თუ არა მან მეგობარ მიხეილამდე მისი პოლიტიკური ოპონენტების სურვილების მიტანა.
XS
SM
MD
LG