Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


დღვანდელი ქართული პრესის მთავარი თემა ბადრი პატარკაციშვილის შტაბის ხელმძღვანელ ვალერი გელბახიანსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსან ერეკლე კოდუას

შორის გამართული შეხვედრის ფარული ვიდეოჩანაწერი გახდა, რომელიც გენერალურმა პროკურატურამ გუშინ გაავრცელა. გაზეთების უმეტესობამ სკანდალურ ჩანაწერებს სარედაქციო ფართის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო.

”ჩაშლილი სახელმწიფო გადატრიალება” - ასე ჰქვია დღევანდელი ”24 საათის” მოწინავე სტატიას. გაზეთი აქვეყნებს ჩანაწერის სრულ ვერსიას და ცალკე სტატიას უთმობს ხელისუფლების, ოპოზიციისა და ექსპერტების კომენტარებს. ”ყველაზე მეტად სამწუხარო ის არის, რომ, ფაქტობრივად, ყველა ღირებულება ითრგუნება, საზოგადოების თვალში ყველაფერი უფასურდება და სადამდე მიიყვანს ეს ჩვენს სახელმწიფოს, უცნობია” - ასეთი იყო ექსპერტ გია ხუხაშვილის ”24 საათისთვის” მიცემული კომენტარი.

”რეზონანსი” კი ყურადღებას პოლიტიკური ბრძოლის ზნეობრივ ასპექტებზე ამახვილებს. ”ბრძოლა ფარული ჩანაწერებით ქართულ სინამდვილეში ჩვეულებრივ ამბად იქცა”, - წერს ავტორი და აგრძელებს: ”ახლა განმარტებები მხოლოდ იმაზე კეთდება, არის თუ არა ესა თუ ის ფირი დაჩეხილი. სამწუხაროდ, უკვე აღარავინ საუბრობს ზნეობრივი კუთხით რამდენად მართებულია პოლიტიკურ ბრძოლაში ამგვარი მეთოდების გამოყენება”. ”რეზონანსი” აგრეთვე აქვეყნებს ინტერვიუს ბადრი პატარკაციშვილის საინიციატივო ჯგუფის წევრ გიორგი ჟვანიასთან, რომელიც ამბობს, რომ თავადაც ძალიან დააბნია ჩანაწერის გამოჩენამ. ”ბატონმა ვალერიმ უნდა ახსნას, ეს სად არის გაკეთებული, როგორ არის გაკეთებული. საინტერესოა ეს გამონათქვამები ვალერი გელბახიანს ეკუთვნის თუ რაღაც მონტაჟია”, - უთხრა გიორგი ჟვანიამ ”რეზონანსს”.

”ალია” კი მოვლენების შესაძლო ესკალაციაზე წერს. ”ხვალ პატარკაციშვილის შტაბს შტურმით აიღებენ?!” - ასე ჰქვია დღევანდელ მოწინავე სტატიას. ”ალიას” მტკიცებით, რედაქციას კონფიდენციალური წყარო დაუკავშირდა და ხელისუფლების წარმომადგენელთა საიდუმლო შეკრების დეტალები გააცნო. წყაროს ინფორმაციით, გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, თბილისის მერმა გიგი უგულავამ და სხვა თანამდებობის პირებმა რიტუალების სასახლის შტურმით აღება დაგეგმეს.

”ახალმა თაობამ” კი კომანტარისათვის ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარე ირაკლი წერეთელს მიმართა, რომელმაც მკაცრად გააკრიტიკა პატარკაციშვილის შტაბის უფროსი. ”ეს გელბახიანი ისეთი უძლური როგორ აღმოჩნდა, რომ ვერ შეძლო მოწინააღმდეგეს ისე შეხვედროდა, რომ მისთვის წინ კამერები არ დაედოთ?” - კითხულობს წერეთელი და დასძენს: ”თუ მოვინდომე, მე შევხვდები ნებისმიერ ადამიანს და ისე დაველაპარაკები, სულ შუაზე რომ გასკდნენ მთელი მსოფლიოს სპეცსამსახურები, წინ ვერაფერს დამიდებენ.”
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG