Accessibility links

არასამთავრობოებმა არჩევნებისთვის მედიაცენტრი დააფუძნეს


არასამთავრობო ორგანიზაციებმა, – ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”,

”საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო” და ”ახალი თაობა–ახალი ინიციატივა”, - 2008 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება-გადამოწმების მიზნით, ერთობლივი მედიაცენტრი დააფუძნეს. აღნიშნული ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართულნი წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგში და სადამკვირვებლო მისიას უშუალოდ არჩევნებზეც განახორციელებენ.


არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლებს დაეხმარება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია კრებითად მოიპოვოს ერთ კონკრეტულ ადგილას. ინფორმაცია, თავისი არსით, მრავალგვაროვანი შეიძლება იყოს და მოიცავდეს როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ისე უშუალოდ არჩევნების დღესა და არჩევნების შემდგომ მოვლენებს - მათ შორის, ეხებოდეს საარჩევნო კამპანიის ეტაპზე გამოვლენილ დარღვევებსა და არჩევნების დღეს ხმის პარალელური დათვლის შედეგებს.

[გიორგი ჩხეიძის ხმა] “რა თქმა უნდა, ჩვენი ორგანიზაციები დამოუკიდებლად აკვირდებიან, ანუ მედიაცენტრის შექმნა არ გულისხმობს, რომ ჩვენ ერთიანად ვაკვირდებით, ყველა ჩვენი ორგანიზაცია დამოუკიდებლად აკვირდება, მაგრამ დღემდეც და დღეის მერეც ჩვენ ყველასთან ვთანამშრომლობთ და, მათ შორის, ეს ოთხი ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ერთმანეთთან. ამ მედიაცენტრის იდეა არის ის, რომ მანამ, სანამ არჩევნების შედეგები შეჯამდება, - და, რა თქმა უნდა, კენჭისყრის დღეს, - ჩვენ გვექნება ერთი ადგილი, სადაც გავავრცელებთ ჩვენს ინფორმაციას, ანუ ჩვენ–ჩვენი ორგანიზაციების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას თუ დაკვირვებებს თუ შეფასებებს. იმედი გვაქვს, რომ ეს მოსახერხებელი იქნება როგორც ჩვენთვის, აგრეთვე ჟურნალისტებისთვის.“(სტილი დაცულია)

გვითხრა ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძემ, რომლის განმარტებითაც, არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრის იდეა მხარდაჭერილია ფონდ ”ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერ. მედიაცენტრში იმუშავებს ცხელი ხაზი და ყოველდღიურ, უწყვეტ რეჟიმში მოხდება ინფორმაციის გაცვლა და გაიმართება ცალკეული კვლევების შედეგების პრეზენტაცია. 26 დეკემბერს, მაგალითად, დაგეგმილია ”სამართლიანი არჩევნებისა” და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ დამოუკიდებლად მომზადებული შუალედური ანგარიშების შედეგების წარდგენა.

”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ”სამართლიანი არჩევნები”, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” და ”ახალი თაობა - ახალი ინიციატივა”, შეიძლება ითქვას, 5 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ყველაზე ფართო ქსელის სადამკვირვებლო ორგანიზაციებია. თითოეული ეს ორგანიზაცია დამოუკიდებლადაა ჩართული საარჩევნო პროცესების მონიტორინგში და მედიაცენტრის შექმნამდეც უპასუხებდა საზოგადოების მოთხოვნებს ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე. საკითხების სპექტრი კი, შეიძლება ითქვას, საკმაოდ ფართოა. ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” დირექტორი ეკა სირაძე-დელონე ამბობს:

[ეკა სირაძე–დელონეს ხმა]“ ’ახალგაზრდა იურისტებს’ ჰყავთ მობილური ჯგუფები და ისინი უფრო იურიდიულ საკითხებზე არიან ორიენტირებულნი, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მედიამონიტორინგს ახორციელებს, ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს ფართომასშტაბიან ჩვეულებრივ, ანუ ორდინარულ, მონიტორინგს, ასევე განახორციელებს ხმათა პარალელურ დათვლას, ასევე გავაკეთებთ ამომრჩეველთა აქტივობის პარალელურ დათვლას.“(სტილი დაცულია)

ეკა სირაძე–დელონეს თქმით, წინასაარჩევნო მონიტორინგისა და ხმათა პარალელური დათვლის პროცესში ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა - ახალი ინიციატივაც.“ ამ ორგანიზაციის ლიდერი, კოკი იონათამიშვილი, თავის მხრივ, მედიაცენტრის მნიშვნელობაზე საუბრისას, ინფორმაციის მაკოორდინირებელი ამ ახალი ორგანოს მთავარ ფუნქციას შემდეგნაირად განმარტავს:

[კოკი იონათამიშვილის ხმა]“ეს იქნება საშუალება, ერთი მხრივ, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის, რომ შევაფასოთ და საზოგადოებას მივაწოდოთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვექნება არჩევნებამდე ან არჩევნების დღეს. ეს ორივე მხარისთვის, მედიისთვისაც და საზოგადოებისთვისაც, საინტერესო უნდა იყოს.“ (სტილი დაცულია)

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მედიაცენტრი მუშაობას ოფიციალურად 26 დეკემბრიდან შეუდგა. 27 დეკემბრიდან პარალელურ რეჟიმში ამოქმედდება კიდევ ერთი - ცენტრალური საარჩევნო კომისიის - მედიაცენტრი.


XS
SM
MD
LG