Accessibility links

logo-print

სამხედრო ძალები არჩევანს არაყაზარმულ ვითარებაში, მაგრამ სამხედრო ნაწილებში გააკეთებენ


ცოტა ხნის წინ სასამართლომ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აღუდგინა ერაყსა და კოსოვოში განლაგებულ ქართულ სამხედრო ქვედანაყოფს.

თუმცა კვლავაც აქტუალურია საკითხი, თუ როგორ და რა ვითარებაში მოუწევს ხმის მიცემის უფლების რეალიზება საქართველოს სამხედრო ძალების იმ პირად შემადგენლობას, რომელიც საბრძოლო დანაყოფებში ირიცხება და პასუხს აგებს ქვეყნის უსაფრთხოებაზე არჩევნების პერიოდში.

როგორც კი ამის ტექნიკური შესაძლებლობა იქნება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალური ჯგუფი 2000 ცალ ბიულეტენს ერაყის ქალაქ ალ-კუდში ჩაიტანს, სადაც ქართული სამშვიდობო ბრიგადა იმყოფება. კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება დაუბრუნდათ კოსოვოში მყოფ სამშვიდობო ბატალიონის წევრებსაც. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ საერთაშორისო ძალებში მყოფი ქართველი სამხედროებიც არჩევანს 5 იანვარს გააკეთებენ, ხოლო ხმის მიცემის პროცედურას პარიტეტულად დაკომპლექტებული კომისიის სპეცჯგუფი უხელმძღვანელებს, რომელიც ერაყში იანვრის დასაწყისში ჩავა:

[ლევან თარხნიშვილი] ”ჯგუფი შედგება 7 კაცისაგან და არა 13-ისგან. მასში არის სამი ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან დანიშნული ადამიანი და 4 პოლიტიკური პარტიებისაგან დაკომპლექტებული ადამიანი, რომლებიც ახლა არიან რეგისტრირებული საპრეზიდენტო არჩევნებში, ანუ ”ლეიბორისტები”, ”თავისუფლება”, ”ნაციონალური მოძრაობა” და ”ახალი მემარჯვენეები.”

რაც შეეხება საქართველოში დისლოცირებულ საბრძოლო დანაყოფებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელთ არსებული მონაცემებით, კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ პირადი შემადგენლობისთვის საარჩევნო უბნები მოეწყოს უშუალოდ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე. ცენტრალური აპარატისა და შტაბის თანამშრომლები კი ხმას, ჩვეულებრივ, საცხოვრებელი ადგილების მიხედვით მისცემენ. ლევან თარხნიშვილის თქმით, სამხედრო ნაწილებში ხმის მიცემის პროცედურას დამკვირვებლები ჩვეულებრივად დაესწრებიან, თუმცა ხმის დათვლის პროცედურა განსხვავებული იქნება:

[ლევან თარხნიშვილის ხმა] ”სპეციალური სიები შეიქმნება და იქნება ჩვეულებრივი საარჩევნო უბანი, ოღონდ განხვავება იქნება ის, რომ ადგილზე არ დაითვლება და ბიულეტენების დათვლა მოხდება უახლოეს საარჩევნო უბანში.”

თუმცა ბოლო დრომდე ცნობილი არ იყო გამოცხადდებოდა თუ არა ყაზარმული მდგომარეობა სამხედრო ნაწილებში, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა საქართველოში სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ეს შეკითხვა აქტუალური გახდა ლონდონში გაკეთებული ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ, რომელშიც პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი საუბრობს რაღაც გეგმის ნაწილზე, რომელშიც ჯარიც ფიგურირებს:

[ბადრი პატარკაციშვილის ხმა] ”ახლა მაქვს ზუსტად შეხვედრები, იმიტომ რომ მაგ დროისთვის მე უკვე კონკრეტულად მეცოდინება სიტუაცია ჯარში, იმაში, ამაში და ყველაფერი იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ერთი სეგმენტია, ეს ყველაფერი უნდა შეიკრიბოს და დაიდოს ერთ უშუალო, მთლიან გეგმაში.” (სტილი დაცულია)

მიუხედავად იმისა, რომ ბადრი პატარკაციშვილის გეგმა საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად მიიჩნია, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას საქართველოს სამხედრო ნაწილებში საგანგებო მდგომარეობა და ყაზარმული რეჟიმი არ გამოუცხადებიაო, - უთხრა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ რადიო ”თავისუფლებას”. როგორც პოლიციის ოფიცრები, ისე ქართველი ჯარისკაცები და ოფიცრები არ იყიდებიან. ამიტომ არ არსებობს არავითარი საფუძველი, რომ ახალი წლის წინა დღეებში ისინი ყაზარმულ მდგომარეობაში გადავიყვანოთო, აცხადებს ქუთელია:

[ბათუ ქუთელია] ”არა, არანაირად. ესეთი მარტივი ფორმის პროვოკაციები [არ არის ამისთვის საკმარისი]. საგანგებო მდგომარეობაში ჯარის გადაყვანა განსაზღვრულია კანონით და ხდება იმ შემთხვევაში, როცა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ხდება უშიშროების საბჭოს მიერ.”(სტილი დაცულია)

თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, 5 იანვრის არჩევნების დროსაც სამხედრო უწყება ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თანახმად, 40 ათასს აღწევს იმ სამხედრო მოსამსახურეების რიცხვი, ვინც საბრძოლო ნაწილებში ირიცხება და ხმას სამხედრო ნაწილებში გახსნილ უბნებზე მისცემს.
XS
SM
MD
LG