Accessibility links

logo-print

წინასაარჩევნო მონიტორინგის მორიგი ეტაპის შედეგები


5 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები -

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო“ - განაგრძობენ წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს. არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრში აღნიშნულმა ორგანიზაციებმა 27 დეკემბერს წინასაარჩევნო დარღვევების მორიგი შუალედური ანგარიშები წარადგინეს.

დასაწყისშივე შევნიშნავთ, რომ ”სამართლიანი არჩევნების” გრძელვადიანი დამკვირვებლები საარჩევნო ადმინისტრაციის მონიტორინგს ქვეყნის 75–ვე საარჩევნო ოლქში ახორციელებენ. 27 დეკემბერს ამ ორგანიზაციამ საარჩევნო სიახლეთა რიგით მეხუთე გამოშვება წარადგინა. დარღვევები, რომლებზეც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” ამ ეტაპზე გაამახვილა ყურადღება, ორგანიზაციის მიერ წარმოებული წინასაარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში, 17–დან 24 დეკემბრის ჩათვლით, გამოვლინდა. დარღვევები მრავალგვარია და შეეხება როგორც ცალკეულ მოქალაქეებსა და პარტიულ აქტივისტებთან განხორციელებულ ფიზიკურ და მორალურ ანგარიშსწორებას, ისე ამომრჩევლის, განსაკუთრებით საჯარო სამსახურის თანამშრომელთა არაპირდაპირი მოსყიდვისა და არჩევანის იძულების ორგანიზებას. ერთ–ერთ ასეთ შემთხვევაზე ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი ეკა სირაძე დელონე- თავად მოგვითხრობს:

[ეკა სირაძე–დელონეს ხმა]“ გურჯაანის გამგეობის თანამშრომლების და არა მარტო გურჯაანში, სამწუხაროდ, ასეთ ფაქტებზე მოგვივიდა ინფორმაცია ვრცლად, მთელი საქართველოს მასშტაბით. საჯარო სამსახურის თანამშრომლებს სთხოვენ, საკმაოდ ბევრ ადგილას არის ეს, რომ გადაუღონ მობილურით ფოტო, ანუ ბიულეტენს გადაუღონ ფოტო, თუ ვისზე შემოხაზავენ და დამადასტურებელი საბუთი წარუდგინონ მათ, თუ არადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გათავისუფლებულნი იქნებიან სამსახურიდან.“(სტილი დაცულია)

”სამართლიანი არჩევნები” საარჩევნო ადმინისტრაციების მონიტორინგის მორიგ,მეექვსე, ნაწილს არჩევნების წინა დღეს, 4 იანვარს, გამოაქვეყნებს, 5 იანვარს კი, არჩევნების დღეს, ორგანიზაცია, სადამკვირვებლო მისიის განხორციელების გარდა, ხმების პარალელურ დათვლასაც გეგმავს.

რაც შეეხება მედიაცენტრში გამართულ რიგით მეორე პრეზენტაციას, არასამთავრობო რგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველო“ რიგით მეორე საანგარიშო პერიოდის შედეგები ოთხ განსხვავებულ კატეგორიად დაყო: სოციალური ინიციატივები, საჯარო მოხელეების მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ინიციატივების მიბმა წინასაარჩევნო კამპანიაზე და, ბოლოს, ზეწოლა. ვინაიდან ორგანიზაცია, ძირითადად, ადმინისტრაციული რესურსის წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისათვის გამოყენების მონიტორინგს აწარმოებს და ადმინისტრაციულ რესურსზე ხელი, როგორც წესი, მმართველ პარტიას მიუწვდება. ანგარიშში ყურადღება მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატის კამპანიას ეთმობა.

[თამარ ქაროსანიძის ხმა]“ძირითადად, შეშის და მედიკამენტების ვაუჩერების დარიგება მიმდინარეობს, ძირითადად, ამ პერიოდში და იყო ასეთი შემთხვევები, ძირითადად, ბოლნისსა და თბილისში, როდესაც ეს ვაუჩერები რიგდებოდა, გაიცემოდა უშუალოდ პარტიის ოფისებიდან. ბოლნისში გამგეობაში გამოკრული იყო განცხადება, რომელზეც ეწერა, მოქალაქეებმა ვაუჩერებისთვის მიმართეთ ნაციონალური მოძრაობის ოფისს. ხოლო თბილისში დადიანის 4 ნომერში მდებარე ოფისებიდან გაიცემოდა მედიკამენტებით სარგებლობის ვაუჩერები. ასევე საახალწლო ნობათი რიგდება, როგორც თქვენთვისაა ცნობილი და ამ საახალწლო ნობათსაც რიგ რაიონებში არიგებენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და თან ამომრჩევლებს ეუბნებიან, რომ ეს ნობათი დაფინანსებულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ.“(სტილი დაცულია)

ამბობს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი თამარ ქაროსანიძე. იგი შენიშნავს, რომ ამ და სხვა ტიპის დარღვევების შეფასების კრიტერიუმად აღებულია არა მხოლოდ კანონდარღვევები და მათთან დაკავშირებული ფაქტები, არამედ ისიც, რამდენად თანაბარ პირობებში უწევთ საარჩევნო სუბიექტებს წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა ასევე ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა” და” გორბი–გელაპის საერთაშორისო ცენტრის” მიერ 17 ნოემბრიდან 4 იანვრის ჩათვლით პერიოდში მიმდინარე ბეჭდვითი მედიისა და სატელევიზიო ეთერის მონიტორინგის პირველი შედეგებიც. გორბი ჯგუფის ხელმძღვანელი მერაბ ფაჩულია ამბობს:

[მერაბ ფაჩულიას ხმა]“ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, სატელევიზიო ეთერი გაცილებით ლმობიერია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ვიდრე მისი ოპონენტების მიმართ. აგრეთვე სატელევიზიო ეთერში გაცილებით მეტი დროა დათმობილი კანდიდატ სააკაშვილის მიმართ, ვიდრე დანარჩენი ოპონენტების მიმართ.“ 9სტილი დაცულია)

რაც შეეხება ბეჭდვით მედიას, მერაბ ფაჩულიას განმარტებით, 16 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით, ბეჭდვითი მედიის 50 პროცენტი ეთმობა მიხეილ სააკაშვილს, ხოლო ყველაზე ნაკლები, 5 პროცენტი, გია მაისაშვილს. პრეზიდენტობის დანარჩენი კანდიდატებიდან კი ქართული პრესა გაცილებით მეტ ფართს უთმობს ბადრი პატარკაციშვილს, ვიდრე შალვა ნათელაშვილს, ლევან გაჩეჩილაძესა და დავით გამყრელიძეს.

XS
SM
MD
LG