Accessibility links

logo-print

რა ცვლილებები შევიდა 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში


საქართველოს პარლამენტი 2008 წლის ბიუჯეტის პროექტს 28 დეკემბრისთვის დანიშნულ საგანგებო სხდომაზე

განიხილავს. ბიუჯეტის წლის ბოლომდე მიღება პრემიერ-მინისტრის შეცვლისა და, საერთოდ, ქვეყნის შიგნით განვითარებული მოვლენების გამო ვერ მოხერხდა. მთავრობის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი სოციალური ხასიათისაა და მასში ასახულია დასაქმებისა და უმუშევრობის დაძლევისკენ მიმართული სხვადასხვა პროგრამები.

მომავალი წლის ბიუჯეტით სოციალური დაცვის სფეროში განსახორციელებელი პროგრამების დასაფინანსებლად 1,1 მილიარდი ლარია გამოყოფილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძის განცხადებით, ეს რიცხვი მთავრობის ახალი პროგრამების ჯამს წარმოადგენს.

[ლადო გურგენიძის ხმა] ”ყველაფერი, რაც ამ ბოლო დროს გახმოვანდა, არის ამ ბიუჯეტში და ეს დაპირებები შეადგენს ჩვენს ახალ სოციალურ პოლიტიკას.”

ბიუჯეტში ასახული სოციალური პროგრამები, როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, ”დაპირებები”, მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო დაპირებებია - მაგალითად, პენსიების და სტიპენდიების გაზრდა. ამისთვის ბიუჯეტში 748 მილიონი ლარია ჩადებული. ამ თანხაში ნავარაუდევია პირველი დეკემბრიდან 55 ლარამდე გაზრდილი მინიმალური პენსიის 76 ლარამდე მომატება. მატებაა სხვა კატეგორიის პენსიების დაფინანსებაში, დასაქმების თუ სოციალური დახმარების პროგრამებშიც.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ლადო პაპავას კომენტარი:

[ლადო პაპავას ხმა] ”პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის დანაპირები ეს არა, უბრალოდ, დანაპირებია, არამედ მოქმედების გეგმაცაა. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მისი მთავრობა არის. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის დაპირებები მთავრობისთვის სამოქმედო გეგმაა.”

2008 წლის ბიუჯეტის პროექტში სოციალური ხარჯების გაზრდას წინსვლას უწოდებს მმართველი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, მიხეილ მაჭავარიანი:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] ”დღეს ჩვენ ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ. დასაქმების პოლიტიკა უნდა იყოს მთავარი და უნდა ავიცილოთ ის საფრთხეები, რაც არის ამ გზაზე. ეს არის ინფლაცია და სხვა.”

მისივე განცხადებით, სოციალური ხარჯებით მოსალოდნელი ინფლაციის თავიდან აცილებას მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთობლივი მუშაობით შეძლებენ.

სხვაგვარად ფიქრობენ ეკონომიკის ექსპერტები, მათ შორის, ლადო პაპავაც. მისი აზრით, 2008 წლის ბიუჯეტზე გავლენას საპარლამენტო არჩევნების მოახლოებაც მოახდენს და მასში, ცვლილებების სახით, ახალი სოციალური დაპირებები შევა:

[ლადო პაპავას ხმა] ”რადგან ინფლაცია მოსალოდნელია, რომ მაღალი იქნება, იმის გამო, რომ დიდი იქნება მთავრობის მიერ ბაზარზე გაშვებული ლარის ოდენობა, ხოლო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გამო ინვესტიციები იკლებს, შეუძლებლად მეჩვენება ლარის კურსის კიდევ უფრო გამყარება.”(სტილი დაცულია)

ცნობილი ექსპერტის განცხადებით, 2008 წლის ბიუჯეტის პროექტი მაკროეკონომიკური სტაბილურობის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და ის უფრო პოლიტიკურ რეალობას ასახავს.
XS
SM
MD
LG