Accessibility links

27 დეკემბერს პაკისტანში მოკლეს ოპოზიციური


27 დეკემბერს პაკისტანში მოკლეს ოპოზიციური ფლანგის ყველაზე პოპულარული ლიდერი, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენაზირ ბჰუტო.

27 დეკემბერს პაკისტანში მოკლეს ოპოზიციური ფლანგის ყველაზე პოპულარული ლიდერი, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენაზირ ბჰუტო.
მას შემდეგ, რაც, ხანგრძლივი ემიგრაციის შემდეგ, სამშობლოში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა, პოლიტიკოსი ქალის მკვლელობა არაერთხელ სცადეს.

ბენაზირ ბჰუტოს სიკვდილის შესახებ ჟურნალისტებსა და ქალაქ რავალპინდის საავადმყოფოსთან შეკრებილ ხალხს სენატორმა ბაბარ ავანმა ამცნო.

პაკისტანელმა სენატორმა თქვა, რომ ქვეყნის ორგზის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სიკვდილი ექიმმა მუსადიქმა დაადასტურა. პოლიციის ცნობით, 54 წლის ბენაზირ ბჰუტოს ჯერ ტყვია ესროლეს ახლო მანძილიდან, ხოლო შემდეგ მკვლელმა თავიც აიფეთქა. შემთხვევის ადგილას, სულ ცოტა, 16 ადამიანი დაიღუპა. სასიკვდილოდ დაჭრილი პოლიტიკოსი ქალი ქირურგიული ოპერაციის პროცესში გარდაიცვალა. მისი მომხრეები გლოვობენ.

მეთვალყურეები ფიქრობენ, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სიკვდილი იმ დღიდან ჩაუსაფრდა, რაც, 8-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, სამშობლოს ოქტომბერში დაუბრუნდა. მისი დაბრუნება მოხერხდა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ქვეყნის დემოკრატიზაციის მოთხოვნით, წნეხის ქვეშ მოაქცია პაკისტანის პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი. ბენაზირ ბჰუტო პაკისტანში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მის ოპოზიციურ პარტიას, "პაკისტანის სახალხო პარტიას", მომავალ თვეში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ.

მომხრეების გარდა, ბენაზირ ბჰუტოს მტრებიც მრავლად ჰყავდა. მის სიკვდილს ესწრაფოდნენ ისლამისტი მეამბოხეები. პირველი თავდასხმა მისი დაბრუნების დღეს მოხდა ქალაქ კარაჩიში, როდესაც თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქებას 139 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. ოპოზიციონერ ქალს მაშინ აშკარად გაუმართლა, რადგან იმ დროს არც კი დაჭრილა. მეორე დღეს ბჰუტომ გააკეთა განცხადება, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ მისი დაცვა სათანადოდ ვერ უზრუნველყო და იქვე დასძინა, რომ ბრძოლას აგრძელებს, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდეს:

(ბჰუტოს ხმა) "თუკი პაკისტანისა და დემოკრატიის დაცვა მსხვერპლად ჩვენს სიცოცხლეს ითხოვს, თუკი ითხოვს ჩვენი თავისუფლების მსხვერპლად შეწირვას, მაშინ მზად ვართ გავწიროთ სიცოცხლე და თავისუფლება... პაკისტანისა და დემოკრატიისთვის იმიტომ, რომ მხოლოდ დემოკრატიას შეუძლია დაიცვას ჩვენი ქვეყანა დაშლისა და გასამხედროებული ჯგუფების ბატონობისგან. ჩვენ არ ვართ მზად მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი დიდებული ქვეყანა აგრესორებს ჩავაბაროთ."

რადიო “თავისუფლების” ავღანური სამსახურის კორესპონდენტის პაკისტანში ნაჯიბ ამირის ინფორმაციით, პაკისტანის სახალხო პარტია ბჰუტოს სიკვდილში ქვეყნის მთავრობას ადანაშაულებს. პარტიის აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ მათი ლიდერის უსაფრთხოება არასათანადოდ იყო დაცული.

საპარლამენტო არჩევნები პაკისტანში 8 იანვრისთვის არის დანიშნული. ბენაზირ ბჰუტოს სიკვდილის შემდეგ ოპოზიცია პრაქტიკულად გამოკვეთილი ლიდერის გარეშე დარჩა. სხვა პოპულარული ოპოზიციონერი, ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიმდინარე თვეში მოხსნა არჩევნებიდან.

ბენაზირ ბჰუტოს სიკვდილის გამო მწუხარება გამოთქვა არაერთმა ქვეყანამ - მათ შორისაა ამერიკის შეერთებული შტატები და საფრანგეთი.
XS
SM
MD
LG