Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


”ნაციონალურმა მოძრაობამ მხოლოდ 19 დღის განმავლობაში ”რუსთავი 2”-ის ეთერით გასულ ფასიან პოლიტიკურ რეკლამაში

ოთხ მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა” - წერს დღევანდელი ”რეზონანსი” სტატიაში, რომელიც საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ პრესკონფერენციას აშუქებს. პრესკონფერენციაზე წინასაარჩევნო კამპანიაში არსებულ დარღვევებსა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებსაც განიხილავდნენ. ”ჭიათურელმა პოლიციელებმა სააკაშვილს პლაკატის ჩამოხევის გამო ახალგაზრდა კაცს დუბინკებით გონების დაკარგვამდე ურტყეს” - წერს ”რეზონანსი”.

ქართული გაზეთები ეხმაურებიან ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის განცხადებას საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუტარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ. ”არჩევნები ოლიგარქის გარეშე” - ასეთი ჰქვია მოწინავე სტატიას დღევანდელ ”24 საათში”. გაზეთისთვის კომენტარს აკეთებს უმრავლესობის წარმომადგენელი რატი სამყურაშვილი, რომელმაც ”24 საათს” განუცხადა: ”მისი მხრიდან ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მოხარული ვიქნები, თუკი ასეთი ადამიანები პოლიტიკისგან საქმეს შორს დაიჭერენ, რადგან ისეთი მეთოდებით მოთამაშე ადამიანები, როგორიც პატარკაციშვილია , პოლიტიკას ვერაფერს სასარგებლოს ვერ შესძენენ” - განუცხადა სამუყურაშვილმა ”24 საათს”.

”რეზონანსი” სათაური კი ასეთია: ”პატარკაციშვილმა ანკესი ისროლა და სააკაშვილის ნაბიჯს ელოდება”. გაზეთი წერს, რომ მაინც ღიად რჩება საკითხი, მოხსნის თუ არა პატარკაციშვილი თავის კანდიდატურას. როგორც გაზეთს ექსპერტმა ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა: ”იურიდიული თვალსაზრისით, ვიდრე არ იქნება მისი ოფიციალური განცხადება ცესკოში შესული, მანამდე ეს კანდიდატურა მოხსნილი არ არის.” მან დაამატა, რომ პატარკაციშვილის გადაწყვეტილებამ შეიძლება სხვა ოპოზიციური კანდიდატების იმიჯზეც იმოქმედოს. ”ხელისუფლება ცდილობდა ამ სკანდალისთვის ოპოზიციაც მიეწებებინა და პირველ რიგში ლევან გაჩეჩელაძე” - თქვა ვახტანგ ხმალაძემ და განაგრძო - ”პატარკაციშვილის მიერ კანდიდატურის მოხსნა ასეთი მიბმის საშუალებას აშკარად შეამცირებს”.

დღევანდელი ”ახალი თაობა” კი ტელეკომპანია ”იმედის” დახურვას უბრუნდება და ამ ფაქტის შესახებ სხვადასხვა კომენტარს აქვეყნებს. პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილის აზრით ტელეკომპანიამ ხელისუფლების წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადა და საარჩევნოდ ოპოზიციას პოლიტიკური პლატფორმა გამოაცალა. გაზეთი წერს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ”იმედის” ჩართვას ითხოვენ. პრემიერ-მინისტრის, ლადო გურგენიძის თქმით ”რაც უფრო მეტი მედის საშუალება იქნება საქართველოში, მით მით უკეთესია და უფრო მაღალი იქნება ჩვენი ცხოვრებისა და დემოკრატიის ხარისხი”. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი კი აცხადებს: ”ყველა დაინტერესებული ვართ, რომ ყველა სამაუწყებლო კომპანიას ჰქონდეს მაუწყებლობის საშუალება” - წერს ”ახალი თაობა”.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG