Accessibility links

logo-print

პრეზიდენტობის კანდიდატები და მათი თანამებრძოლები პოლიტიკურ დაპირისპირებაში საკუთარ როლს აფასებენ


ცოტა ხნის წინ, ნოემბრის აქციების დაწყებამდე, ”გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნულ საბჭოში” სიხარულით მიიღეს ცნობა იმის შესახებ,

რომ ბადრი პატარკაციშვილი დააფინანსებდა ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო კამპანიას. მოგვიანებით ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატების წარმომადგენლები (გია მაისაშვილის გარდა) დადებითად აფასებდნენ პატარკაციშვილის დაპირებას საკუთარი ჯიბიდან მოსახლეობისთვის ფინანსური დახმარების გაწევის თაობაზე. იყო ლონდონში შეხვედრები პატარკაციშვილთან ხან დავით გამყრელიძის, ხან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების. დღეს კი, პატარკაციშვილთან შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის შეხვედრის ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ, ოპოზიციაში წინასაარჩევნო ბინძურ თამაშს გმობენ და აცხადებენ, რომ არაფერი აქვთ საერთო ამ თამაშში ჩართულებთან, არც ხელისუფლებასთან და არც ბადრი პატარკაციშვილთან.

”ოთხი წლის განმავლობაში არაერთხელ მითქვამს, რომ პატარკაციშვილი და სააკაშვილი ერთ თამაშს თამაშობენ. ოპოზიციის ერთიან ეროვნულ საბჭოს პატარკაციშვილის ნდობა და რწმენა რომ ჰქონოდა, ერთ კამპანიაში ვიქნებოდით”, - აცხადებს ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს ერთ-ერთი წარმომადგენელი, თინა ხიდაშელი. მივყვეთ საბჭოს სხვა წევრების განცხადებებს. დავით უსუფაშვილი: ” ჩვენს გუნდს არაფერი აქვს საერთო არც სააკაშვილთან და არც პატარკაციშვილთან.” ”ბადრი პატარკაციშვილი და სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ ბინძურ თამაშს თამაშობენ” - ეს უკვე გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის ნათქვამია.. განცხადება მან 27 დეკემბერს პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც კიდევ ერთხელ წავიდა ჟურნალისტებთან დაპირისპირებაზე, როცა ჟურნალისტებმა მას შეკითხვები პრეზიდენტობის კიდევ ერთ კანდიდატთან, ბადრი პატარკაციშვილთან, ურთიერთობის შესახებ დაუსვეს:

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] ” კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის არ ვემიჯნებით. ნუ გაქვთ მცდელობა, რომ ვინმეს მიგვაწებოთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა და ძალიან გთხოვთ ”რუსთავი 2” -ს და ” მზეს”, დაანებეთ თავი ბინძურ თამაშში მონაწილეობას, თორემ ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და კიდევ ბევრი რამე გამოირკვევა ამ ორ ტელეკომპანიაზე! არ გემუქრებით, იმიტომ ვლაპარაკობ ასე, რომ მუდმივად გვაყენებთ პროკურატურის დაკითხვის რეჟიმში. ”

პრეზიდენტობის კანდიდატი ჟურნალისტებს დაემუქრა, მანამდე კი განმარტა, რომ ბადრი პატარკაციშვილს ვერ გაემიჯნება, რადგან მას, ლევან გაჩეჩილაძეს, და ოპოზიციის ერთიან ეროვნულ საბჭოს ისედაც თავისი გზა ჰქონდა, პატარკაციშვილს კი - თავისი. თუმცა იყო დრო, როცა ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს წარმომადგენლები ბადრი პატარკაციშვილის მადლობლები იყვნენ საპროტესტო კამპანიის დაფინანსების დაპირების გამო. ”პატარკაციშვილის მიმართ მადლობის მეტი რა გვეთქმის, ოპოზიცია მის დახმარებას ყაჩაღური ხელისუფლების ჭკუაზე მოსაყვანად გამოიყენებს”, - აცხადებდა გოგა ხაინდრავა.. შემდეგ იყო შეხვედრა ლონდონში, დავით უსუფაშვილის, ზვიად ძიძიგურის და კახა კუკავას მონაწილეობით.

ამ შეხვედრის წინ დავით უსუფაშვილი აცხადებდა, რომ უკვე პრეზიდენტობის კანდიდატ პატარკაციშვილთან უნდა ყოფილიყო საუბარი ტაქტიკაზე, რომელიც ოპოზიციას წარმატებისთვის სერიოზულ საფუძველს მისცემდა..
მოგვიანებით საუბრის დეტალებზე ბევრი არაფერი თქმულა. ამ ორიოდე დღის წინ კი ინგა გრიგოლიას ტოქ-შოუში პრეზიდენტობის კანდიდატმა გაჩეჩილაძემ კატეგორიულად უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, თითქოს პატარკაციშვილსა და მის გუნდს შორის იყო გარკვეული მსჯელობა გამარჯვების შემთხვევაში პატარკაციშვილის გაპრემიერების თაობაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბადრი პატარკაციშვილს მისი მხარე ერთადერთ რამეს სთხოვდა - მოეხსნა საკუთარი კანდიდატურა..... თუმცა გაჩეჩილაძემ ილაპარაკა იმაზეც, თუ როგორი იქნება ბადრი პატარკაციშვილის როლი საქართველოში მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში:

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] ”როცა მოვალთ ჩვენ ხელისუფლებაში, დარწმუნებული ვარ საქართველოს ხაზინა იქნება გამოცარიელებული. ბადრი არის ის ადამიანი, რომელსაც მოკლე დროში შეუძლია საქართველოს ეკონომიკის ამოწევა. ”

რატომ და რა სტატუსით ამოსწევს პატარკაციშვილი საქართველოს ეკონომიკას, ეს პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს აღარ დაუკონკრეტებია. უკვე დღეს ლევან გაჩეჩილაძე პატარკაციშვილისა და სააკაშვილის ბინძურ თამაშზე საუბრობს და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს ამ თამაშის გამოძიებას... საქმეში საერთაშორისო გამოძიების ჩართვამდე გამოძიებას საქართველოს გენერალური პროკურატურა აწარმოებს.. ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილს უყენებს ბრალდებას იმის გამო, რომ პატარკაციშვილთან ერთად ისიც აქტიურად იყო ჩართული დესტაბილიზაციის მცდელობაში. პატარკაციშვილი კი პრეზიდენტობის კანდიდატად რჩება. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ყველას თავისი ადგილი 5 იანვარს ამომრჩეველმა უნდა მიუჩინოს.

არჩევნებამდე ბინძურ თამაშებში მეტი სიცხადის შესატანად დრო მცირეა და არც ვითარების სერიოზული ანალიზი ხდება - ვინ სად დადგა და რატომ, რატომ მოუხდა ოპოზიციას საეჭვო ალიანსებზე წასვლა და როგორ არ დაუტოვა ხელისუფლებამ მას სხვა შანსი. ეს ის თემებია, რომლებიც საქართველოში წინასაარჩევნო სკანდალებმა გადაფარა. არჩევნებამდე უკვე დღეები რჩება.
XS
SM
MD
LG