Accessibility links

რა პროცესები გამოიწვია ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობამ?


ოპოზიციის თვალსაჩინო ლიდერის მკვლელობამ პაკისტანში, სადაც 8 იანვარს საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, სიტუაცია უკიდურესად დაძაბა.

აშკარაა ხალხის მღელვარება. ხელისუფლება უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. საერთაშორისო თანამეგობრობა პაკისტანში სტაბილიზაციისა და დემოკრატიული კურსის შენარჩუნების იმედს გამოხატავს. თუმცა ჯერჯერობით ძნელია პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

პოლიტიკოსი ქალი, ოპოზიციური პარტიის - პაკისტანის სახალხო პარტიის - ლიდერი ბენაზირ ბჰუტო დღეს დაკრძალეს. სამუდამო სამყოფელი მას საგვარეულო მავზოლეუმში მიუჩინეს, მშობლიურ პროვინცია სინდში. პაკისტანში 3-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

ბენაზირ ბჰუტო 27 დეკემბერს მოკლეს ქალაქ რავალპინდიში, სადაც ის, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თავის მომხრეებს ხვდებოდა. მკვლელმა მას ჯერ ტყვია ესროლა, ხოლო შემდეგ თავი პირდაპირ ხალხში აიფეთქა. ინციდენტს, სულ ცოტა, 16 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა 27 დეკემბერს ხალხს ტელევიზიით მიმართა, სიმშვიდისკენ მოუწოდა და მკვლელების - მისი სიტყვით, ექსტრემისტების - განადგურებას დაჰპირდა, ხალხი ემოციებს მაინც ვერ თოკავს. ხუთშაბათს პროცესები გარკვეული პერიოდით უმართავი გახდა ზოგიერთ ქალაქში: ცეცხლი წაუკიდეს სასამართლოებისა და ბანკების შენობებს.

პარასკევს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრის პრესმდივანმა ჯავედ იყბალ ჩიმამ თქვა, რომ დემონსტრაციაში მონაწილეობის უფლება ყველას აქვს, ოღონდ კანონის ჩარჩოებში:

(ჩიმას ხმა) "მივმართავთ ყველანაირ შესაძლო ღონისძიებას, რომ შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ კანონის ძალა, წესრიგი. გვესმის, რომ ემოციები დუღს და ადამიანები ქუჩაში გამოვლენ... ამიტომ რეგიონალური მთავრობები სწრაფი რეაგირებისთვის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიყვანეთ."

ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობა ტერორისტულ აქტად შეაფასა მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ. 27 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა პაკისტანის ხელისუფლებას მკვლელების დასჯა მოსთხოვა. ოდნავ მოგვიანებით მასმედიაში გამოჩნდა დაუზუსტებელი ცნობები, რომ მკველობაზე პასუხისმგებლობა თავის თავზე ალ-ყაიდამ აიღო. მას შემდეგ, რაც 8-წლიანი ემიგრაციიდან ოქტომბერში სამშობლოში დაბრუნდა, მას ბევრი მტერი გამოუჩნდა. მის სიკვდილს აშკარად ესწრაფოდნენ ისლამისტი ექსტრემისტები.

ავღანეთის წითელი ნახევარმთვარის კომიტეტის თავმჯდომარე ფატიმა გელანი ბენაზირ ბჰუტოს ახლო მეგობარია. ის ამბობს, რომ ბჰუტოსა და მის ოჯახს კარგად ჰქონდათ გააზრებული, თუ რა რისკის წინაშე იდგნენ:

(გელანის ხმა) "ბოლოს როცა შევხვდი, ქალიშვილთან ერთად იყო და მითხრა, რომ შვილები სულ უფრო ღელავენ მის უსაფრთხოებაზე, რადგან იციან, რაც ემუქრება. დედის პოლიტიკური საქმიანობის თაობაზე იმ დღეს შეშფოთება ქალიშვილმაც გამოხატა. ვფიქრობ, რომ ისტორია არ დაივიწყებს ქალს, რომლის ოჯახის წევრებიც კი იქცნენ წამებულად. პაკისტანი არ დაივიწყებს ძლიერ და გამბედავ ქალს, რომელსაც ნამდვილად უყვარდა თავისი ქვეყანა და თავისი ხალხი."

თუმცა როცა ბენაზირ ბჰუტოზე მსჯელობენ, ბევრს ახსენდება ის, რომ ქვეყნის ყოფილმა ორგზის პრემიერ-მინისტრმა ქალმა პაკისტანში დაბრუნება მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფს კატეგორიულად მოსთხოვა დემოკრატიის პრინციპების დაცვა. ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ქვეყანაში ასევე ახლახან დაბრუნებული ოპოზიციონერი ნავაზ შარიფი ბჰუტოს მკვლელობაში თავად პრეზიდენტის, ფერვეზ მუშარაფის, ხელწერას ხედავს. ის ამბობს, რომ მომხდარმა აშკარა გახადა - მუშარაფის ხელში პაკისტანში სამართლიანი არჩევნები ვერასდროს ჩატარდება და არასოდეს დასრულდება ადამიანების მკვლელობა და ქაოსი.

ბენაზირ ბჰუტოს სასტიკი მკვლელობის გამო, ნავაზ შარიფი 8 იანვრის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადების აუცილებლობას ხედავს.
XS
SM
MD
LG