Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიმდინარე კვირის ეკონომიკური მოვლენების მიმოხილვა


მიმდინარე კვირა გამორჩეულია ეკონომიკური მოვლენების სიმცირით, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებითა და

საახალწლო სამზადისითაა გამოწვეული. შესაბამისად, კვირის მანძილზე გავრცელებული ეკონომიკური სიახლეები, ძირითადად, წლის შედეგების შეჯამებას ან საარჩევნო ეკონომიკურ დაპირებებს ასახავდა. კვირის ბოლოს კი საქართველოს პარლამენტმა 2008 წლის ბიუჯეტი მიიღო, რომელიც, ოპოზიციონერებისა და ექსპერტთა ერთი ნაწილის აზრით, ასევე მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების გამოძახილია.

საქართველოს პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, 2008 წლის ბიუჯეტი მიიღო. მისი საპროგნოზო მაჩვენებელი თითქმის 5 მილიარდ-ნახევარ ლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ფინანსური გეგმა 2007 წლის ბიუჯეტს აღემატება, ანუ პროფიციტულია. სხვაობა მცირეა და მას მთავრობის ხელმძღვანელმაც კი სიმბოლური უწოდა. მიუხედავად ამისა, ახალი ბიუჯეტი ძველისგან შინაარსობრივად რადიკალურად განსხვავდება. მთავარი სხვაობა სოციალური სფეროს დაფინანსებაშია. პენსიებისა და სოციალური დახმარების პროგრამებისთვის 1,3 მილიარდი ლარია გამოყოფილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძის განცხადებით, ეს რიცხვი მთავრობის ახალი პროგრამების ჯამს წარმოადგენს;

[ლადო გურგენიძის ხმა] ”ყველაფერი, რაც ამ ბოლო დროს გახმოვანდა, არის ამ ბიუჯეტში და ეს დაპირებები შეადგენს ჩვენს ახალ სოციალურ პოლიტიკას.”

ბიუჯეტში ასახული სოციალური პროგრამები, როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, ”დაპირებები”, მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო დაპირებებია. მაგალითად, პენსიებისა და სტიპენდიების გაზრდა - ამისთვის ბიუჯეტში 748 მილიონი ლარია ჩადებული. ამ თანხაში ნავარაუდევია პირველი დეკემბრიდან 55 ლარამდე გაზრდილი მინიმალური პენსიის 76 ლარამდე მომატება. მატებაა სხვა კატეგორიის პენსიების დაფინანსებაში, დასაქმებისა თუ სოციალური დახმარების პროგრამებშიც.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ლადო პაპავას კომენტარი:

[ლადო პაპავას ხმა] ”პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის დანაპირები ეს არა, უბრალოდ, დანაპირებია, არამედ მოქმედების გეგმაცაა, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მისი მთავრობა არის. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის დაპირებები მთავრობისთვის სამოქმედო გეგმაა.”(სტილი დაცულია)

2008 წლის ბიუჯეტის პროექტში სოციალური ხარჯების გაზრდას წინსვლას უწოდებს მმართველი პოლიტიკური ძალა. მისი ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის მიხეილ მაჭავარიანის კომენტარი:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] ”დღეს ჩვენ ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ. დასაქმების პოლიტიკა უნდა იყოს მთავარი და უნდა ავიცილოთ ის საფრთხეები, რაც არის ამ გზაზე. ეს არის ინფლაცია და სხვა.”

მისივე განცხადებით, სოციალური ხარჯებით მოსალოდნელი ინფლაციის თავიდან აცილებას მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთობლივი მუშაობით შეძლებენ.

სხვაგვარად ფიქრობს ლადო პაპავა:

[ლადო პაპავას ხმა] ”რადგან ინფლაცია მოსალოდნელია, რომ მაღალი იქნება, იმის გამო, რომ დიდი იქნება მთავრობის მიერ ბაზარზე გაშვებული ლარის ოდენობა, ხოლო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გამო ინვესტიციები იკლებს, შეუძლებლად მეჩვენება ლარის კურსის კიდევ უფრო გამყარება.”(სტილი დაცულია)

ლადო პაპავას გარდა, 2008 წლის ბიუჯეტს აკრიტიკებს საპარლამენტო ოპოზიციაც. მრეწველთა ფრაქციის ლიდერის ზურაბ ტყემალაძის კომენტარი:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] ”ლარის ხელოვნური გამყარება ხელს უშლის ექსპორტს და იაფი დოლარი ხელს უწყობს იმპორტს, საიმპორტო პოლიტიკა ხელს უწყობს უმუშევრობას. ეს ელემენტარული ეკონომიკური თეორიაა.”

აღსანიშნავია, რომ ის, რასაც ზურაბ ტყემალაძე ხელოვნურ გამყარებას უწოდებს, ინფლაციის შენელების მიზნით ხორციელდება. მთავრობის გაანგარიშებით, რაც ბიუჯეტშიცაა ასახული, 2008 წლიდან საქართველოში 8 პროცენტიანი ინფლაცია უნდა იყოს. ამჟამად ეს რიცხვი 11-12 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძის მტკიცებით, მომავალი წლის სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი ინფლაციას არ გამოიწვევს:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”ის, რაც ადრე იდებოდა ბეტონში და ასფალტში, ახლა დაუბრუნდება გაჭირვებულ ფენებს. ამან არ შეიძლება გამოიწვიოს ინფლაცია, რადგან ეს ფული ისედაც იხარჯებოდა.”


აღსანიშნავია, რომ, 2007 წელთან შედარებით, მომავალი წლის საფინანსო გეგმაში სოციალური ხარჯები თითქმის 400 მილიონი ლარითაა გაზრდილი. შესაბამისად, შემცირებულია თავდაცვის სამინისტროსა და ენერგეტიკის სფეროს დაფინანსება, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებითაა გამოწვეული. თუმცა კი საქართველოს პარლამენტში 2008 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტის შესვლისას სოციალური ხარჯები თითქმის იმ მოცულობის იყო, რაც 2007 წელს. ხარჯების მოცულობა და ბიუჯეტის პრიორიტეტები ნოემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ შეიცვალა.

ახლა რაც შეეხება ახალი წლის მოახლოებით განპირობებულ ეკონომიკურ მოვლენებს. ტრადიციისამებრ, საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მიმდინარე კვირა საახალწლო საჩუქრებისა და საახალწლო სუფრის გასაშლელად საჭირო პროდუქციის შესაძენად გამოიყენა. წინა წლებში ასეთ დროს ფასების მკვეთრი ზრდა შეიმჩნეოდა ხოლმე. ნაწილობრივ ასეა ახლაც, ძირითადად, სასურსათო პროდუქციის ზოგიერთ სახეობაზე. სხვა სახის საქონელზე კი საგრძნობი ფასდაკლებებია. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, ფასების საერთო დონე, წინა კვირასთან შედარებით, თბილისში მხოლოდ 0.1 პროცენტით შემცირდა.

XS
SM
MD
LG