Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადასახლდება თუ არა სანტა-კლაუსი ლაპლანდიიდან ყირგიზეთში?


აქამდე ყველას ეგონა, რომ სანტა კლაუსი ჩრდილოეთ პოლუსზე ბინადრობს. შესაძლოა, აქამდე მართლაც ასე იყო, მაგრამ მომავალში სანტას, როგორც ჩანს, სამხრეთით გადაბარგება მოუხდება.

ექსპერტებმა გამოთვალეს, რომ მსოფლიოს ბავშვებისთვის საჩუქრების დარიგების უაღრესად შრომატევადი ოპერაცია ყველაზე ოპტიმალურად ჩატარდება, თუ სანტა მოგზაურობას ყირგიზეთიდან, კერძოდ ტიან-შანის მთიანი მასივიდან დაიწყებს. რატომ? ამას დავით კაკაბაძისგან შეიტყობთ.

ეს ამბავი ასე დაიწყო: დეკემბრის დამდეგს შვეციის საინჟინრო კომპანია "სვეკომ" ჩაატარა გამოკვლევა, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ და ბავშვებისთვის საჩუქრების დასარიგებლად სანტა კლაუსი მეტად არარაციონალურ მარშრუტს იყენებს. "სვეკოს" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა რებეკა გუნერმა რადიო "თავისუფლების" ყირგიზულ სამსახურს უამბო, როგორ იშვა სანტა კლაუსის სამხრეთისკენ გადაბარგების იდეა.

[რებეკა გუნერის ხმა] "ჩვენს კომპანიაში არის ასეთი ტრადიცია: ყოველ წელს ვცდილობთ, შობასთან დაკავშირებით რაღაც ახალი მოვიფიქროთ და კლიენტებს შესაბამისი საშობაო მისალოცი გავუგზავნოთ. "სვეკოს" კლიენტებს შორის არიან კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა სახის კალკულაციებს ახორციელებენ, მაგალითად ისეთები, ვისაც შვეციის მასშტაბით დიდი რაოდენობით საფოსტო გზავნილების მიღება-გაგზავნა უხდება. ერთ-ერთი მათგანი დაგვეხმარა იმის განსაზღვრაში, რომელია საუკეთესო და უმოკლესი გზა სამოგზაუროდ."

ამჯერად ტრანსპორტის სფეროს ექსპერტებმა მთელი გულისყური იმაზე გადაიტანეს, რასაც მთელი მსოფლიოს ბავშვები წელიწადის ამ დროის უმთავრეს მოვლენად მიიჩნევენ.

[რებეკა გუნერის ხმა] "მათ სურდათ, სანტას მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ ყველაზე რაციონალური მარშრუტის მოძებნაში დახმარებოდნენ; რადგან საჩუქრები ხომ უამრავ ბავშვს უნდა დაურიგდეს. აი, ამიტომ წარმოიშვა ეს იდეა."

და სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ კეთილი სანტა კლაუსისთვის - წლის უმნიშვნელოვანესი მოგზაურობის დასაწყებად - საუკეთესო ადგილი ყირგიზეთია. რებეკა გუნერი გვიხსნის, რატომ.

[რებეკა გუნერის ხმა] "მოგზაურობა იწყება ყირგიზეთში და შემდეგ გრძელდება ჩინეთსა და ინდოეთში, სადაც მსოფლიოს ბავშვების უდიდესი უმრავლესობა ცხოვრობს. მერე ის დასავლეთისკენ მიემგზავრება. თანაც, ასე მგზავრობისას ის დროსაც იგებს, რადგან დედამიწაც იმავე მიმართულებით მოძრაობს. ფირმის ექსპერტებმა გამოთვალეს, რომ ამგვარად სანტას 24 საათის ნაცვლად მთელი 48 საათი ექნება."

კი მაგრამ, სანტა კლაუსი ხომ უკვე ამდენი ხანია, შორეულ ჩრდილოეთში ცხოვრობს. მოისურვებს კი სანტა კლაუსი, რომელიც წარმოშობით III-IV საუკუნეების მცირეაზიელი ქრისტიანი ეპისკოპოსი ნიკოლოზია, მიატოვოს თავისი ადგილსამყოფელი ლაპლანდიაში და ყირგიზეთში გადასახლდეს? ამ ქვეყნის ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ტურუსბეკ მამაშევი დარწმუნებულია, რომ მოისურვებს. მით უმეტეს, რომ ყირგიზეთმა გადაწყვიტა, სანტას განსაკუთრებული პირობები შეუქმნას. სახელმწიფომ სანტა კლაუსს საჩუქრად მიუძღვნა, არც მეტი, არც ნაკლები, ტიანშანის მასივის ერთ-ერთი პიკი.

[ტურუსბეკ მამაშევის ხმა] "მწვერვალს სანტა კლაუსის პიკი ეწოდა. მწვერვალზე გაემართა საგანგებო ექსპედიცია, რომელმაც იქ ყირგიზეთის სახელმწიფო დროშა აიტანა. 30 დეკემბერს მოვაწყეთ სანტა კლაუსისადმი მიძღვნილი ფესტივალი, რომელშიც პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმაც მიიღო მონაწილეობა."

ფესტივალი, რომელიც ყირგიზეთის ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ ახსენა, დედაქალაქ ბიშკეკში გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა სანტა კლაუსმა, დედ მოროზმა თუ ყირგიზმა თოვლის ბაბუამ, სახელად აიაზ ათამ. ზეიმზე ათასობით ბავშვი და მათი მშობელი მივიდა.

განსხვავებული იყო არა მარტო თოვლის ბაბუების სახელები, არამედ მათი აღკაზმულობაც. უმეტესობას, ცხადია, ტრადიციული თეთრ-წითელი ტანსაცმელი ეცვა. მაგრამ იყვნენ მთლიანად ლურჯ ან მთლიანად თეთრ სამოსში გამოწყობილი თოვლის ბაბუებიც. მათ შორის ყველაზე მეტი ყურადღება დაიმსახურა თეატრისა და კინოს ცნობილმა ყირგიზმა მსახიობმა დუიშენბეკ ბაიტობეტოვმა.

[დუიშენბეკ ბაიტობეტოვის ხმა] "სიკეთე და ერთიანობა ყოფილიყოს ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ხალხში. ეს ფესტივალი ეწყობა იმ ოცნებითა და მიზნით, რომ მსოფლიოს ყველა სანტა კლაუსმა, აიაზ ათამ, სნეგუროჩკამ თუ დედ მოროზმა მშვიდობაში იცხოვროს, ერთმანეთთან იმეგობროს და რომ ახალმა წელმა ბედნიერება მოგვიტანოს."

საახალწლო განწყობილება ეტყობოდათ ფესტივალზე მისულ ბავშვებსაც, რომლებიც სანტა კლაუსისადმი მიძღვნილ სიმღერას ყირგიზულ ენაზე მღეროდნენ.

[ბავშვები საახალწლო სიმღერას მღერიან]

ყირგიზი ბავშვები ასე ეგებებიან ახალ წელს. სანტა კლაუსმა კი ამიერიდან, შესაძლოა, უარი თქვას თავის მარხილში ირმების შებმაზე და ყირგიზეთისთვის უფრო დამახასიათებელ იაკებზე გადაერთოს.
XS
SM
MD
LG