Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


ირაკლი ბათიაშვილი განვლილი კვირის დღიურები საპატიმროში დაიწერა.

მათი ავტორია ირაკლი ბათიაშვილი - ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი, მოძრაობის - "წინ, საქართველო!" - ერთ-ერთი ლიდერი. ირაკლი ბათიაშვილი 2006 წლის 29 ივლისს დააკავეს შეიარაღებული ამბოხებისთვის ინტელექტუალური მხარდაჭერის ბრალდებით და 2007 წლის 23 მაისს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

16 დეკემბერი, კვირა
დღეს ისევ ჩავუჯექი “ას დიდ დიქტატორს”. ჩვენ ბარაკში ჩვეულებრივ ხმაურია, მაგრამ ჩემზე ეს ნაკლებად მოქმედებს: უკვე მივეჩვიე ასეთ არამშვიდ გარემოში კითხვას და მუშაობას. ეს წიგნი აშკარად გამომადგება სამომავლო ანალიტიკური სტატიისათვის, რომლის მხოლოდ ბუნდოვანი მონახაზი მაქვს გონებაში. სომოსას, პოლ პოტის, კადაფის, ბოკასას, სტრესნერის, დიუვალიეს, ტიტოს, თემურ-ლენგის, ვლად დრაკულას, მეჰმედ მეორის და სხვა პირსისხლიანი ტირანების ისტორიების შემდეგ ახლა დიდი ინტერესით წავიკითხე აცტეკების მმართველის, მონტესუმა მეორისა და უკანასკნელი უზენაესი ინკის – ატაუალპას ცხოვრების შესახებ. ვინ არის ტირანი? სად უნდა ვეძებოთ ტირანიის მეტაფიზიკური და ფსიქოლოგიური საწყისები? ცხადია, ამ საკითხზე ბევრია ნაფიქრი და ნამსჯელი, მაგრამ შევეცდები რაღაც ახალი რაკურსიდან გავიაზრო იგი. უთუოდ ესაა კაცობრიობის არსებობის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემა. არ ვჩქარობ; აზრი თავად მომწიფდება ჩემში.
დღეს შესანიშნავი ამინდია. ამიტომაც მთელი ზონა გარეთაა გამოსული. ვსეირნობ და ვსაუბრობ პატიმრების ხან ერთ, ხან მეორე, ხან მესამე ჯგუფთან ერთად. მხოლოდ ზონაში მიხვდება ადამიანი, თუ რა განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონია აქეთ-იქით სიარულს: დადიხარ მარტო ან ვიღაცებთან ერთად; რაღაცას ფიქრობ ან ლაპარაკობ და ეს უკვე ძალზედ მნიშვნელოვანი საქმეა: დრო გადის, დრო გადის!
საღამოს ჩემ ჩიტებს (ცოლ-შვილს) და დედაჩემს ველაპარაკე ტელეფონით და ერთბაშად შვება ვიგრძენი. ახლა ყველა “დროებას” ველოდებით. ნამდვილად საჭიროა, კარგად გავიხსენოთ 7 ნოემბერი, ხელახლა შევხედოთ იმ კადრებს, სადაც მთელი ეს სისასტიკე და უბედურებაა ასახული. ხელისუფლებამ მოინდომა ამის მიფუჩეჩება. თითქოს არც არაფერი მომხდარა და ცხოვრება კვლავ მხიარულად გრძელდება წინასაარჩევნო ტაშ-ფანდურში. საზოგადოებამაც თითქოს მიივიწყა ერთი თვის წინანდელი მოვლენები. ეს რაღაც ფოკუსია! მაგრამ მალე ჩვენი მეხსიერება სრულფასოვნად გაიღვიძებს და ხალხიც თავის ვერდიქტს გამოუტანს 7 ნოემბრის ავტორებს.

17 დეკემბერი, ორშაბათი
დღეს ბარბარობაა. ჩემი მკაცრი გრაფიკის შესაბამისად გარიჟრაჟზე სავარჯიშოდ გავედი. ჩვეულებრივ, სტადიონზე ამ დროს ოცამდე კაცი დავრბივართ და მეტ-ნაკლებ ფიზიკურ დატვირთვას ვიღებთ. დილით ჰაერი განსაკუთრებით გემრიელია. საერთოდ, ჩვენი ზონა კარგი ჰაერით, წყლით და ბუნებრივი გარემოთი გამოირჩევა. ირგვლივ მთებია, ხოლო აღმოსავლეთით დედაქალაქი მოჩანს. დაახლოებით ათის ნახევარზე ჩვენ ტაძარში პარაკლისი დაიწყო, რომელიც შთამბეჭდავი ქადაგების აუდიოჩანაწერის მოსმენით დასრულდა.
საუზმის შემდეგ მოკლე მიმართვის წერას შევუდექი. ესაა მიმართვა ზნეობრივი ფრონტისადმი, რომელიც “ქართული აკადემიის” და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ჩამოაყალიბეს.
კვლავ ვსეირნობ და ვსაუბრობ ხან ერთთან, ხან მეორესთან. ყველა პოლიტიკაზე ფიქრობს და ლაპარაკობს. ყველა 5 იანვრის მოლოდინშია. ადმინისტრაციის ინფორმატორები აქტიურად დაძვრებიან აქეთ-იქით და ცდილობენ ვითომდა რაღაცები გაიგონ ჩემგან. მე კი მეცინება. განა რა საიდუმლოება შეიძლება მქონდეს?! რას შეიძლება ვმალავდე? რასაც ვფიქრობ, ყველაფერს ღიად და საჯაროდ ვლაპარაკობ პრესაში.
ატმოსფერო დღითიდღე მძიმდება. მუდმივად პროვოკაციებს ველოდები.

18 დეკემბერი, სამშაბათი
დილიდან ზონაში პოლიტიკური ემოციები თუხთუხებს. ეს აჟიოტაჟი მოჰყვა ბადრი პატარკაციშვილის განცხადებას მოსახლეობისთვის უზარმაზარი დახმარების გაწევის თაობაზე. ცხადია, ამ მესიჯმა მკვეთრად შეცვალა წინასაარჩევნო პოლიტიკური ფონი და დიდი რეზონანსი გამოიწვია. მუდმივად მივჩერებივართ საინფორმაციო პროგრამებს; “ქრონიკა”, “კურიერი”, “მზერა” ერთმანეთს ცვლიან, ღამით კი ტოკ-შოუები გველოდება. ჩვენი ცნობიერება პერმანენტულად იბომბება ინფორმაციით და ირგვლივ ყველა და ყველაფერი პოლიტიზებულია.
დილიდან წვიმს. ეზოში პატიმრები კანტი-კუნტად დადიან. ბარაკში ვზივარ და ხელახლა ვკითხულობ ლაო-ძის.

ო, მდუმარეო! ო, არასახიერო!
მარტომყოფია და უმოძრაო.
ყოველგან მიმოიძვრის და უსაზღვროა.
იგი დედაა სამყაროსი.

მე არ ვუწყი სახელი მისი.
გარეშემოვწერ და დაოს ვარქმევ.
უკეთუ დაოს ვარქმევ:
დიადსაც ვარქმევ.

სიდიადე – სიშორეში გაღწევაა.
სიშორეში გაღწევა – უსასრულოში გარდაცვლაა.
უსასრულოში გარდაცვლა – დასაბამში დაბრუნებაა.

აშკარად ვხედავ თანახმიანობას მაისტერ ეკჰარტთან და ჰაიდეგერთან. შეიძლება ამ თემას ერთი ფილოსოფიური კვლევა მივუძღვნა. ყოფიერების ღვთაებრივი მდუმარება, რომელიც თავის დუმილში გვამცნობს ჭეშმარიტებას – ესაა ჩემი ფილოსოფიური მედიტაციების მთავარი საგანი!
ახლა ცოტა ნერვებმოშლილი ვარ. შეთანხმებისამებრ, დღეს ტელეფონით უნდა მივსალმებოდი ქართული საზოგადოების ხალხმრავალ შეკრებას ჭადრაკის სასახლეში. ცხადია, ეს ინფორმაცია ჰქონდათ სათანადო ორგანოებს, რომლებიც საგულდაგულოდ უსმენენ ჩემ ყოველ სატელეფონო საუბარს. ამიტომაც მათ დილიდან გათიშეს ჩვენი ტაქსოფონი – ვითომ კაბელი დაზიანდაო! აი, ასეთ რეჟიმთან გვაქვს საქმე...

19 დეკემბერი, ოთხშაბათი
დღეს წმინდა ნიკოლოზის ბრწყინვალე დღესასწაულია. პატიმრები ერთმანეთს ვულოცავთ. დილით პარაკლისი ჩატარდა ჩვენ ტაძარში და რაღაც განსაკუთრებული გრძნობით ვილოცე. “ღმერთისადმი ინტელექტუალური სიყვარული” – სპინოზას ეს ფრაზა ამომიტივტივდა და ტრიალებს ჩემ გონებაში...
კვლავ ვფიქრობ ჩვენი პენიტენციური სისტემის შესახებ. სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა ქვეყანა ერთ დიდ საკონცენტრაციო ბანაკად გადააქცია: ოცდაორი ათასი პატიმარი პატარა საქართველოში! ეს ხომ უზარმაზარი ციფრია! პოლიტიკური პატიმრებიც... ერთი წელი და ერთი თვე სადისტურად სრულიად მარტო ვყავდი გამომწყვდეული თბილისის მე-7 საპყრობილეში. ეს კოლონია, სადაც დაახლოებით ოთხი თვის წინ გადმომიყვანეს, ვითომდაც ოაზისად ითვლება იმასთან შედარებით, რა ვითარებაც დანარჩენ ციხეებსა და კოლონიებშია. მართლა, მე გარკვეულწილად უკეთეს პირობებში ვარ, ვინაიდან თხუთმეტკაციან ბარაკში ვიმყოფები თავისი საპირფარეშოთი, მაგრამ სამასამდე პატიმარი ერთად არის შეყრილი მეორე სართულზე და სამოცდაათი – კიდევ ერთ ბარაკში. ოთხას პატიმარზე არის მხოლოდ ოთხი ტუალეტი და საშხაპე და ერთი პატარა სასადილო, სადაც ოცდაათი კაცი ძლივს ეტევა. არ არსებობს ხანგრძლივი პაემნები, რის გამოც ოჯახები ინგრევა ისედაც დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მყოფ საქართველოში. ჩვენ გვაქვს მხოლოდდამხოლოდ ერთსაათიანი პაემნის ბედნიერება თვეში ერთხელ ან ორჯერ (პირადად მე ჩემ ცოლ-შვილს ვხვდები თვეში ერთხელ) და ეს შეხვედრა ხდება ერთ გასაცოდავებულ ოთახში, სადაც წესიერად ვერც ვეტევით ხოლმე.
ჩვენი ბარაკი აღჭურვილია მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურით, რათა მუდმივად კონტროლქვეშ ვიყო. ჩემი სატელეფონო საუბრები ისმინება. ინფორმატორები მუდმივად ჩასაფრებული არიან... დიდი სურვილი გამიჩნდა, ხელახლა წავიკითხო ჯორჯ ორუელის “1984”. ნამდვილად არ მეგონა, რომ საბჭოთა პერიოდის შემდეგ ეს წიგნი კვლავ ასეთი აქტუალური გახდებოდა.
სულ ვფიქრობ ჩემ მარიამზე, ირინაზე და საოცრად ვთბები და ვიწმინდები... ეს ჩემი სიწმინდეა, ჩემი უდიდესი სიყვარულია! ამ ფიქრით ვცოცხლობ და ვსულდგმულობ...

20 დეკემბერი, ხუთშაბათი
მესამე დღეა, რაც ტაქსოფონი გამორთულია. გაუგებარია, რისი ეშინიათ. ზონაში ლაპარაკობენ, შეიძლება არჩევნებამდე აღარც ჩართონო. დღეს საკმაო სუსხია და შიგადაშიგ თოვს კიდევაც. ამისდა მიუხედავად, გარეთ მაინც ბევრს ვსეირნობ. ერთი საათი ისევ ინგლისურში ვარჯიშს მივუძღვენი. კარგია, რომ ამას მეტ-ნაკლები რეგულარობით ვახერხებ. საერთოდ, ძალიან ძნელია ასეთ ხმაურსა და ხალხმრავლობაში მუშაობა, მაგრამ რას ვიზამ?! ბოლო პერიოდში ჩემი აზრები ერთი მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ ტრიალებენ: როგორია ქრისტიანობის კავშირი თანამედროვე დემოკრატიის გენეზისთან? ხომ ცხადია, რომ სწორედ ადამიანის თავისუფლების, პასუხისმგებლობის და თანასწორობის იდეები, რომლებიც ქრისტიანული რელიგიის წიაღიდან ამოიზარდნენ, განმსაზღვრელი აღმოჩნდნენ ლიბერალური დემოკრატიის მთელი იდეოლოგიის ფორმირებისათვის. ამ გენეტიკური კავშირის კონცეფციის ერთ-ერთ ავტორებად შეიძლება ჰეგელი, კოჟევი და ფუკუიამა ჩაითვალონ. კარგი იქნება, ხელახლა ჩავუჯდე ჰეგელის “გონის ფენომენოლოგიას” და “იესოს ცხოვრებას”. ჩემთვის ნამდვილად ახალი სიცოცხლე შეიძინეს დემოკრატიის გახუნებულმა პრინციპებმა – აი, რა ჰქნა პატიმრობამ! სწორედ ამ იზოლაციაში, ამ დიდ განსაცდელში მე მძაფრად გავაცნობიერე თავისუფლების, თანასწორობის, ტოლერანტობის იდეების წარუვალი ღირებულება.

21 დეკემბერი, პარასკევი
დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ნერვები ყველას უკიდურესად დაძაბული გვაქვს. ეს, ალბათ, საერთო სიტუაციის ბრალია. პატარა სისულელეზე უკვე კონფლიქტი იწყება. დენთის კასრივით ვართ. აი, ახლაც, არაფრის გამო ატყდა შეხლა-შემოხლა. მადლობა ღმერთს, ყველაფერი მალევე მოგვარდა. მე რომ მკითხო, კიდევ კარგად ვართ. ამიტომაც არ მიკვირს ასეთი გაუგებრობები.

22 დეკემბერი, შაბათი
ლოცვის შემდეგ კვლავ ვსეირნობდით და 2005 წლის მარტის ე.წ. “ციხის ბუნტის” შესახებ ვსაუბრობდით. ახლა უკვე თითქმის მთელი სიმართლე ვიცი. ბევრი საინტერესო რამ შევიტყე. ჩემთვის უკვე აბსოლუტურად ნათელია, თუ რა მასშტაბის სასტიკი, გაუმართლებელი და სისხლიანი ანგარიშსწორება მოაწყო ხელისუფლებამ პატიმრების მიმართ, რასაც ჰქონდა ერთადერთი მიზანი: ძალის დემონსტრირება და საზოგადოების დაშინება!
XS
SM
MD
LG