Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა


ლევან თარხნიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

ლევან თარხნიშვილი "თავისუფლების დღიურების" ბოლო ავტორია 2007 წელს. გთავაზობთ მის ჩანაწერებს.

23 დეკემბერი, კვირა
რუსები რომ იტყვიან, შენი ენა შენი მტერიაო, სწორედ ისე დამემართა. ამას წინათ თამარ ჩიქოვანთან ვიყავი ინტერვიუზე გადაცემაში “ჩაი და თავისუფლება”. საუბარი, რაღა თქმა უნდა, არჩევნებს, მისთვის მზადებას, გაყალბების შესაძლო მექანიზმებს და მათთან ბრძოლის ხერხებს ეხებოდა. გადაცემის ჩაწერა რომ დავამთავრეთ, ისე, სხვათა შორის ვკითხე, წელსაც თუ აკეთებთ “‘თავისუფლების’ დღიურებს”-მეთქი? და აი, შედეგი: დეკემბრის ბოლო კვირა ჩემით დატვირთეს.
დღიურს ბოლოს ოთხმოციანების ბოლოს ვწერდი, როდესაც ეს მოქმედება 18 წლის ტვინარეულ ახალგაზრდას აზრების დალაგებაში მეხმარებოდა. ახლა აზრები სავსებით დალაგებული მაქვს. ასე რომ, მომიწევს დღიურების წერის მიმართ ჩემთვის ახლებური რეცეპტის შემუშავება.
ზოგადად, დეკემბერი მოლოდინის თვეა. მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დღესასწაულს ელის. ვიღაცისთვის ეს 25 დეკემბერია, ვიღაცისთვის 1 იანვარი, ზოგიერთისთვის კი – 7. მე, როგორც წესი, 1 იანვარს ველი ხოლმე. თუმცა, წელს ათვლის სხვა წერტილი მაქვს. არჩევნებამდე დარჩა x დღე. ამ აზრით ვიღვიძებ ხოლმე დილას. და თუ მოხდა სასწაული და პირველი აზრი რაიმე სხვა თემას ეხება, რეალობასთან ანის ნამძინარევი ხმა მაბრუნებს: “ლევან, არჩევნებამდე რამდენი დარჩა?”
დღეს შედარებით იოლი დღეა და დილით ბავშვებს ვპირდები, რომ საღამოს ნაძვის ხეს ერთად დავდგამთ. დღემ ჩვეულ რიტმში ჩაიარა: რამდენიმე შეხვედრა, ტელეფონის უამრავი ზარი, პატარა მიტინგი ცესკოს შენობასთან, თანამშრომლებთან თათბირი, ახალ შენობაში რემონტის მიმდინარეობის შემოწმება, ჟურნალისტებთან ინტერვიუ.
შუადღისას სტუდია “რე”-ში ვიყავი, სადაც არჩევნების შესახებ გადაცემის ჩაწერაში მივიღე მონაწილეობა. სხვებთან ერთად იყვენენ ზაურ ხალილოვი და კოტე კანდელაკი. მცირე გამოძახილი ძველი ცხოვრებიდან. თუმცა, ამჯერად მე კითხვებზე პასუხის გაცემა უფრო მიწევდა, ვიდრე მათი დასმა.
სადღაც საღამოს 9 საათიდან დაიწყო ბავშვების ზარები: “როდის მოხვალ, ნაძვის ხე დავდგათ…” ყოველი ზარის შემდეგ ბავშვების ხმის ტემბრი მკაცრდებოდა და “მუქარაც” მატულობდა “ნაძვის ხე გადმოვიღეთ (გავხსენით, ვაწყობთ) და დროზე თუ არ მოხვალ, უშენოდ დავდგამთ”. 11 საათზე სულზე მივუსწარი, როცა ნაძვის ხე აწყობილი ჰქონდათ და სათამაშოებით მორთვას იწყებდნენ. ასე რომ, ტრადიციის შენარჩუნება ნაწილობრივ მაინც შევძელით და სათამაშოები ერთად ჩამოვაკონწიალეთ.

24 დეკემბერი, ორშაბათი
დილით გაღვიძებულს და საძინებლიდან გამოსულს, პირველი თვალში ნაძვის ხე მომხვდა. რაღაცნაირად სახალისო იყო. ზოგადად, ორშაბათი არ მიყვარს, თუმცა ახლა ყველა დღე ორშაბათია. ზოგჯერ მავიწყდება ხოლმე, კვირის რა დღეა და საშინლად აღშფოთებული ვარ, როცა ვინმე არ მპასუხობს რომელიღაც ოფისში და მხოლოდ მერე მახსენდება, რომ შაბათი ან კვირაა და ხალხს აქვს დასვენების უფლება.
დღეს იგივე ხალხი, ვინც გუშინ ცესკოსთან ჩაატარა აქცია, ანის ოფისთან მარშირებდა. ხვალ, ალბათ, ქეთის ან გიორგის სკოლებთან გამართავენ დემონსტრაციას. თუმცა, ეს ამბავი უფრო სახალისოა, ვიდრე ნერვებისმომშლელი. თანაც, ისე ჩანს, რომ ყველაფერს ვასწრებთ და არჩევნების დღეს მომზადებულები შევხვდებით. დღეს ახალ ოფისშიც ვიყავი და დავრწმუნდი, რომ იქაც ესწრება და მედიაცენტრს ოთხშაბათს გავხსნით.
დღის კარგი განწყობილება შუადღის სიუჟეტებმა გამიფუჭეს. პრინციპში გელბახიან-კოდუას საუბარში ახალი არაფერი თქმულა. ამის ეჭვი ყოველთვის იყო, მაგრამ ერთია ეჭვი და მეორე, როცა ყველაფერს კომპაქტურ სიუჟეტში უყურებ. უბნების პერიმეტრის დაცვა იქნება გასაძლიერებელი, თუმცა ისიც კარგად მესმის, რომ ამ პროცესის 100 პროცენტით გაკონტროლება თითქმის შეუძლებელია.
სახლში მისულს, ანიმ დამახვედრა ქეთის გამონათქვამი, რომელმაც პრინციპში ხასიათი გამომიკეთა. 12 წლის ქეთის კომპეტენტური სახით უყურებია საინფორმაციო გადაცემებისთვის და შემდეგ განუცხადებია: “ეს სისულელეები რომ დამთავრდება და თქვენც და ქვეყანაც მოისვენებს, მოვითხოვ დას ან ძმას!”

25 დეკემბერი სამშაბათი
დილა შეხვედრებით დაიწყო. დიტერ ბოდენი იყო მოსული. ეუთოს მეორე შუალედურ ანგარიშზე ვისაუბრეთ. მისი დიპლომატიური საუბრიდან დასკვნის გამოტანა რთულია, მაგრამ თითქოს ცუდად არ უნდა იყოს საქმე. ბოდენს იგორ გაუნი მოჰყვა ევროსაბჭოდან. შემდეგ კი დაიწყო შეხვედრების კალეიდოსკოპი. პრინციპში საქმიანი შეხვედრების წინააღმდეგი არც არაფერი მაქვს. მით უმეტეს, თუ ეს შეხვედრები კონსტრუქციულად მიდის. ბევრად უფრო გამაღიზიანებელი ტელევიზიიდან წამოსული ღვარძლი და გაუგებარი ბრალდებებია.
ყველაზე “ტოპ” თემა, რა თქმა უნდა, სიებია. დღეს პრესკონფერენცია მაქვს, რომელიც სიების საკითხს ეხება და, იმედია, ცოტა სინათლეს მაინც შეიტანს ამ გაუგებრობაში. თუმცა, ეს იმედი ძალიან მიზერულია. სიების ფორმირების პროცესი, ეს წმინდა ტექნიკური საკითხი, უკვე დიდი ხანია, გადაქცეულია პოლიტიკური სპეკულაციის თემად. სიებში ჩემთვის სრულიად გაუგებარი მათემატიკით მილიონობით (!!!) გარდაცვლილი და მკვდარი სული ყოფილა. ძალიან მაინტერესებს, სამმილიონნახევრიან სიაში მილიონი მკვდარი სული საიდან მოვიდა? ამ კითხვაზე პასუხი, რა თქმა უნდა, არ აქვთ. თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ ტყუილს ამბობენ, მაგრამ მილიონი კარგად ჟღერს – მილიონი მკვდარი სული, მილიონი აღებული დოლარი, რომელიც ჯერჯერობით ვერც მე და ვერც ანიმ ვერსად ვიპოვეთ.

26 დეკემბერი, ოთხშაბათი
ვაშა! როგორც იქნა, დაადგა საშველი ჩვენი მედიაცენტრის გახსნას! ეს ნიშნავს, რომ ნორმალური ბრიფინგების ჩატარების საშუალება მოგვეცემა და აღარ იწვალებენ არც ჟურნალისტები და არც ჩვენი თანამშრომლები. დღეს მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ სხდომა ახალ შენობაში ჩავატარეთ. ეს კი, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ფართი იქნება და ჟურნალისტები, დამკვირვებლები და კომისიის წევრები ერთ პატარა ოთახში აღარ ვიქნებით შეყუჟულები. მოკლედ, ცხოვრება ლაგდება.
ბავშვები, ფაქტობრივად, დაითხოვეს, რაც დილის 8 საათზე წამოხტომისგან გვათავისუფლებს. ქეთი დღეს გამიბრაზდა. კონცერტი ჰქონდა (ყველა სხვა ბედნიერებასთან ერთად, ცეკვავს კიდეც!) და, რა თქმა უნდა, ვერ დავესწარი. კონცერტთან დაკავშირებით საინტერესო ამბავი მოხდა. ქეთის სჭირდებოდა თმის სამაგრები, რომელიც დაგვაბარა ანის და მე. რა თქმა უნდა, ეს დანაბარები დროის უქონლობის გამო ვერ შევუსრულეთ. შედეგად მივიღეთ, რომ ქეთიმ მთელი დღე იწუწუნა იმაზე, თუ რა უყურადღებო მშობლები ჰყავს და როგორ ვერ გამოვა კონცერტზე. 9 წლის გიომ ამ ყოველივეს ვეღარ გაუძლო და მიიღო მამაკაცური გადაწყვეტილება: გახსნა თავისი პირადი ყულაბა და გაეშურა სამაგრების საძებნელად. ახლო-მახლო მაღაზიებში რომ ვერ იპოვა, ჩვენი სახლის ქვეშ მდებარე საპარიკმახეროში შევიდა სიტყვებით: “ხალხი არ ხართ, ოთხი “შპილკა” თუ რაღაც უბედურებაა, მომეცით, თორემ ჩემი და ვერ ცეკვავსო.” ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვები და ჩვენ პარალელურ სამყაროში ვართ და ისინი დამოუკიდებლად იზრდებიან.

27 დეკემბერი, ხუთშაბათი
დილის 10 საათზე ეუთოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრაა. ტრადიციული ინფორმაციის მიწოდება ჩვენგან, შემდეგ – მათგან, არასამთავრობოების ანგარიში და მომავლის გეგმები. თითქოს ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა.
დღეს ეუთოს მეორე რეპორტი მოვიდა. არ არის ცუდი. თუმცა, ტექნიკური შენიშვნები აქვთ, რომელთა გამოსწორებაზეც უნდა ვიზრუნოთ. სხვა მხრივ, თითქოს ყველაფერი ნორმალურად მიდის. დღეს კოსოვოსა და ერაყის სპეციალური ჯგუფები დავაკომპლექტეთ. დიდი სიამოვნებით წავიდოდი ერაყში, მაგრამ არჩევნების დღეს აქ უნდა ვიყო. ზოგადად, პრობლემად რჩება თბილისიდან ჩემი გასვლა. ძალიან მინდა რეგიონებში მზადების პროცესის ნახვა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ყოველდღე სხდომები გავაქვს, ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
სხვა მნიშვნელოვანი თითქოს არაფერი ხდება, ან უკვე მე მეჩვენება ყველაფერი უმნიშვნელოდ…

28 დეკემბერი, პარასკევი
გადავბარგდი ახალ ოფისში. შედეგი იყო ის, რომ მთელი დღე კომპიუტერი არ მქონდა და, ფაქტობრივად, უსაქმოდ მოვცდი. არ არის ცუდი გრძნობა, პირდაპირ უნდა ვთქვათ.
საღამოს უკვე სამუშაო რეჟიმში გადავედით. დღეს სხდომა იყო. სხვა საკითხებთან ერთად, კახა კუკავას განცხადებაც განვიხილეთ. განცხადება ეხებოდა 29 დეკემბერს, მიტინგზე მოსვლის მოწოდებას. მოწოდების კლიპი უნდა გასულიყო უფასო პოლიტიკური რეკლამის კვოტით. ტელევიზიებმა მოგვმართეს კითხვით, არის თუ არა ეს უფასო პოლიტიკური რეკლამა. ჩვენი პასუხი იყო, რომ არ არის. შესაბამისად, ტელევიზიებმა მოხსნეს რეკლამა. ამან, რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკური პარტიების გულისწყრომა დაიმსახურა და კუკავას წერილი სწორედ ამის შედეგი იყო. სახალისო კი ის ტექნიკური შეცდომა იყო, რომელიც წერილში გაეპარათ: 29 დეკემბრის აქცია მოხსენიებული იყო, როგორ კანდიდატ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია. რას იზამ, ასეთებიც ხდება…

29 დეკემბერი, შაბათი
შაბათი, რომელიც, ტრადიციულად, სამუშაო დღეა. არჩევნებამდე ერთი კვირა დარჩა. დღე იწყება როიტერის გადამღები ჯგუფით, შემდეგ – უსინათლოთა ორგანიზაციასთან ერთობლივი აქცია. მიხარია, რომ ეს ხალხი ასეთი აქტიურია, მიხარია, რომ დაინტერესებულია, დაიცვას თავისი ხმა და უფლება, მიხარია, რომ შემიძლია, დავეხმარო.
დღეს სხდომა არ გვაქვს და, თითქოს, არც შეხვედრების კასკადი უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ წესით უნდა შევძლოთ საახალწლო რაღაცების ყიდვა. დღეს 29-ა, სახლში კი, ფაქტობრივად, არაფერია. თუმცა, 30-ში და 31-ში საყიდლებზე სირბილი უკვე ჩვენი ოჯახის საფირმო ნიშნად იქცა.

30 დეკემბერი, კვირა
კვირა დღე, რომელიც იმიტომაა კვირა, რომ სამსახურში 10 საათის მაგივრად 11-ზე მივდივარ. დღეს გადავწყვიტე, რომ კვირა დღის ამბავში ჯინსებით, შესაბამისი პერანგით და სპორტული ფეხსაცმლით ვყოფილიყავი "გადაწყვეტილი". არ დამცალდა. დილით "რუსთავი 2" მოქანდა, მერე - კიდევ ერთხელ. ამას დაემატა სხდომა. ასე რომ, შუადღისას სასწრაფო წესით მომიწია ტანსაცმლის გამოცვლა. ოფიციალური ჩაცმულობა ერთ-ერთი ის ნაწილია, რასაც ხშირ შემთხვევაში ვერ ვეგუები ხოლმე. თუმცა, რას იზამ, ეს თამაშის წესის ნაწილია.
დღეს ბოლოსწინა სხდომა გვქონდა. ხვალ, იმედია, ყველა საკითხს მოვითავებთ და 1 იანვარს მაინც დავისვენებთ. ვნახოთ...
გიო დაუბრუნდა სახლს. ორი დღეა, მშობლების უყურადღებობის გამო პროტესტის ნიშნად ბებია-ბაბუასთან რჩებოდა. ახლა შემოგვირიგდა!

31 ოქტომბერი, ორშაბათი
ესეც 2007 წლის ბოლო დღე. მინდა ყველას მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი და ბედნიერება, ჯანმრთელობა და წარმატება ვუსურვო. იმედია, ჩვენი ქვეყნისთვის 2008 წელი წარმატებული იქნება და ყველანი ერთად კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ წინ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG